Accessibility links

logo-print

კინოსტუდია "ჩეჩენფილმი" საქართველოში


16 მარტს "კავკასიურ სახლში" პირველი ჩეჩნური მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კურსდამთავრებულ მურად მაზაევის სურათის,

"თავისუფლების", განხილვა პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდა.

[ნაირა გელაშვილის ხმა] "თუკი რაიმეს შეძლებს საქართველო, გააკეთოს, ეს ისტორიული ღვაწლი იქნება. გავა დრო და მოსაგონებლად, საამაყოდ, როგორც აგური ნათელი შენობისა - ეს იქნება. ის, რაც არ არის მომგებიანი - ჩეჩენი ხალხის მხარდაჭერა, მათი ლტოლვილების მხარდაჭერა - ესაა დღევანდელი პოზიცია, დღევანდელი ადამიანური პოზიცია. სამართლიანობისადმი სიყვარული და არა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც იგრძნობა დღევანდელ საქართველოში. მაგრამ რა ვქნათ - ყველა თავის გზას ირჩევს."

ეს იყო "კავკასიური სახლის" დირექტორის ნაირა გელაშვილის გამოსვლა მურად მაზაევის ფილმის ჩვენების წინ. "კავკასიურმა სახლმა" თავისი გზა უკვე აირჩია. ამ ორგანიზაციის თანამშრომლები კავკასიური, მათ შორის, ჩეჩნური კულტურის პროპაგანდას ეწევიან... თავისი გზა აირჩია ქართულმა კინოსკოლამაც, რომელმაც ამას წინათ ჩეჩენი კინორეჟისორების ჯგუფი გამოუშვა. ბუბა ხოტივარის სახელოსნოში სწავლობდა სწორედ მურად მაზაევი - პირველი ჩეჩნური მხატვრული ფილმის, "თავისუფლების", ავტორი, რომელმაც ჩეჩენ ხალხთან ერთად, აგრეთვე, "თავისი გზა" აირჩია - გზა თავისუფლებისა. პირველ ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში მურადი მთავარ როლს ასრულებს. მისი გმირი ემშვიდობება დედას, და-ძმას, საყვარელ გოგონას და საბრძოლველად მიდის. იღუპება. თანაც ისე, რომ ამბობს: "ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობო". მისი ცხედარი მეგობარს მოაქვს სოფელში. ეს არის და ეს. ფილმი იმაზე, თუ როგორ ეჩვევიან სიკვდილს ადამიანები... ანუ, როგორც სურათის განხილვაზე ისტორიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა აღნიშნა:

[ზაალ კასრელიშვილი] "იმდენად მიეჩვივნენ სიკვდილს, იმდენად მიეჩვივნენ ჭირს, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა... ერთადერთი გამოსავალი, ერთი შეხედვით, გარეგნულად მშვიდ მამას, სამეზობლოს, დარჩენია ის, რომ გამრავლდნენ - გამრავლდნენ არა ველური ინსტინქტებით, არამედ მიზანმიმართულად, გაცნობიერებულად..."

ბრძოლის წინ აქ ჯარისკაცებს გზას ულოცავენ და თავისუფლებას უსურვებენ. სურათის ავტორი დარწმუნებულია, რომ თავისუფლება სისხლით უნდა მოიპოვო. თუმცა "კავკასიური სახლის" დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ცრემლი მაინც მოერია, როცა ფინალში ამ ბრძოლისთვის "გამზადებული" ჩეჩენი ბავშვები იხილა, როცა მექა ხანგოშვილის ემოციურ მონოლოგს მოუსმინა:

[მექა ხანგოშვილის ხმა]: "თურქეთში მეორე ომის დროს შევხვდი ერთ-ერთ საველე მეთაურს, რომელიც პირველ ომში იბრძოდა და მეორე ომში უკვე კალმით იბრძოდა. ამ კაცმა მიამბო, როდესაც ომის დროს მეომარი გვეღუპებოდაო, ჩვენთვის ეს სიკვდილი იმდენად არაფერი იყოო, რამდენადაც მის ოჯახში მკვდრის მისვენებაო. მებრძოლები მეუბნებოდნენო, ჩვენი ძმაკაცის დედას გვამს ვერ მივუსვენებთო, ოღონდ ამას ნუ გვთხოვთო... და მე მიწევდა გვამის მისვენებაო... ძალას ის მაძლევდა, რომ დედა მეუბნებოდაო, რა უნდა გითხრათ მადლობის მეტი გვამი მომისვენეთო, რამდენი დედაა, გვამი რომ არ უნახავსო... ერთ დედას 6 შვილი მიუსვენეს და არც კი ატირებულა."

მურად მაზაევის ფილმში ჩეჩნებთან ერთად ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. როგორც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა ნატა გულიაშვილმა აღნიშნა:

[ნატა გულიაშვილის ხმა] "ფილმის გადაღება მიმდინარეობდა პანკისში, ომალოსა და დუისში, მეტად ცხელ წერტილებში... თავიდან ძალიან მეშინოდა, მერე იმდენად მომეწონა პანკისი, რომ თბილისში ჩამოსვლა არ მინდოდა. თბილისში რომ ჩამოვედი, თავშალით დავდიოდი."

ფილმის მხატვრულ ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე "კავკასიურ სახლში" შემდგარ განხილვაზე თითქმის არ უმსჯელიათ. არადა, მაზაევის სურათის
კარგად გააზრებული დრამატურგია, მსახიობების - განსაკუთრებით, ბავშვების - ბუნებრივი თამაში, ქართველი რეჟისორებისთვის შეიძლება იმის მაგალითად იქცეს, თუ როგორ შეიძლება კარგი ფილმის გადაღება მინიმალური სახსრებით. თუმცა მხატვარ გოგი ოჩიაურის აზრით, ეს სურათი სულ სხვა მაგალითს აძლევს იმათ, ვინც დღეს საქართველოში, თანაგრძნობისა და სოლიდარობის ნაცვლად, გულგრილობის გზა აირჩია:

[გოგი ოჩიაურის ხმა] "კინოში კი ვართ მაგათ გვერდზე, ომში არიან მარტოები... მეტი არაფერი შეგვიძლია... ეს კინო თავისი "ნაკლებით" არის კარგი კინო, ამას რომ ნაკლი არ ჰქონოდა, მე შემრცხვებოდა - ეს კინო არის დროის ნიშანი."
XS
SM
MD
LG