Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხვდება საქართველოს უშიშროების სისტემა ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას


საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია და ერთ-ერთია იმ 27 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ერაყის პრობლემის სამხედრო ძალით მოგვარების გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იმ საფრთხის ქვეშ მოექცა, რაც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სხვა სახელმწიფოებსაც ემუქრება.

მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში, ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ალ-ყაიდას წევრები აღმოაჩინეს, ცხადი გახდა, რომ საქართველოში ტერორისტების სერიოზული აგენტურული ქსელი მოქმედებს. ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამ კი, შესაძლოა, ამ ქსელის გამოცოცხლება გამოიწვიოს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ შეერთებული შტატების ანტიტერორისტულ ბრძოლას ტერორისტები გამაფრთხილებელი ტერაქტებით უპასუხებდნენ ხოლმე, მაგალითისთვის ფილიპინები გამოდგება, არაა გამორიცხული ანალოგიური საფრთხე საქართველოსაც ემუქრებოდეს. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით, ალ-ყაიდასა და ერაყის სპეცსამსახურებს შორის უშუალო კავშირია:
[მაისაიას ხმა] „თუ ომი დაიწყება ერაყში, თავისთავად ცხადია, აქ ამერიკელთა ინსტიტუტების არსებობა და იმავე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განვითარება და, ბოლოს და ბოლოს, ის, რომ საქართველომ ერაყის წინააღმდეგ ამერიკის მხარეს წინადადება გაუგზავნა, არაა გამორიცხული, იმავე ალ-ყაიდას დაჯგუფების გააქტიურება ამ რეგიონალურ მასშტაბში."

თუ რატომ გამოთქვა საქართველომ მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ბაზები დაუთმოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რატომ უჭერს მხარს ანტიერაყულ კოალიციას, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ ასე ახსნა:

[ჯაფარიძის ხმა] „ჩვენი მხარდაჭერა არ არის გამოწვეული მხოლოდ რაღაც ემოციური ან პოლიტიკური მოტივებით. ჩვენს ხელისუფლებას - კონკრეტულად, საქართველოს პრეზიდენტს - აქვს უტყუარი ფაქტები იმის თაობაზე, რომ ტერორიზმის გარკვეულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილი და მცდელობებს, შემოსულიყო საქართველოში - კონკრეტულად, პანკისის ხეობაში - და ეს ელემენტები საკმაოდ ეფექტურად და კარგად დაკავშირებული იყვნენ იმ ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდასთან, რომელსაც, როგორც ადასტურებს აშშ-ს ხელისუფლება, საკმაოდ აქტიური კონტაქტები აქვს ერაყის დღევანდელ ხელისუფლებასთან."[სტილი დაცულია]

მისივე განცხადებით, გაძლიერებულია საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტის დაცვა, რა თქმა უნდა, ჩვენი უშიშროების სისტემის პოტენციალის შესაბამისად. ამ ეტაპზე თედო ჯაფარიძე გამორიცხავს ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ნებისმიერი ფორმით - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სამხედრო ბაზებით. იგი დარწმუნებულია, რომ თურქეთის პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ნებას დართოს შეერთებულ შტატებს თურქეთის სამხედრო ბაზების გამოყენებისა. ამიტომ ერაყის კონფლიქტში საქართველოს ჩარევის საკითხი ჯერჯერობით არ დგას. მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე ასეთი თხოვნით აშშ-ს მთავრობას ოფიციალური თბილისისთვის არ მიუმართავს. თუმცა კი, დასძენს თედო ჯაფარიძე, საამისოდ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვსო.
XS
SM
MD
LG