Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შესძენს ''ქართული ლიგა'' საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას?


18 მარტს საქართველოში კიდევ ერთი დასავლური ორიენტაციის მძლავრი საზოგადოებრივი გაერთიანება შეიქმნა. "ქართული ლიგა", რომელსაც სათავეში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი,

დეპუტატი გია ყარყარაშვილი უდგას, ქვეყანაში არსებულ ომის ვეტერანთა თითქმის ყველა თაობას აერთიანებს და ომში დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვას, ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას და სამხედრო ძალების პრესტიჟის ამაღლებას ისახავს მიზნად. ამასთან, "ქართული ლიგის" წევრები კატეგორიულად უარყოფენ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას და საკუთარ თავს ქართული პოლიტიკური ლექსიკონისთვის სრულიად უცხო ტერმინით - "მორალურ უმრავლესობად" მოიხსენიებენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სოციალური რეაბილიტაციის საკითხი ისევე მწვავე და პრობლემურია, როგორც თავად ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაგრამ, როგორც ირკვევა, 10 წლიანი დავიწყებისა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის მიუხედავად, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები საკუთარ სოციალურ მდგომარეობაზე არ წუწუნებენ. როგორც ათი წლის წინ, მათთვის მთავარ ფასეულობად რჩება ქვეყნის ერთიანობა, არმიის სიძლიერე, პატრიოტული სულის აღორძინება და დასავლური, სამოქალაქო ფასეულობებისადმი ერთგულება. "სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგარიგებს" - ასეთია სამშაბათს დაფუძნებული "ქართული ლიგის" მთავარი დევიზი. თუმცა, ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, ვეტერანთა სამოქალაქო კავშირის თავმჯდომარემ, 10 წლის წინანდელი საბრძოლო მოქმედებების აქტიურმა მონაწილემ გია ყარყარაშვილმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "ომის დამთავრების შემდეგ ბევრი გვძრახავდა, გვსაყვედურობდა, ხარვეზებზე მიგვითითებდა. ჩვენ გავეცალეთ, გვერდზე გავდექით. მოკრძალებით დავუთმეთ ადგილი ყველას, რათა მათ აეშენებინათ ახალი საქართველო, ახალი მიზნები გამოეკვეთათ. მაგრამ დღეს ახალი დროის შესაბამისი ცვლილებების ჩრდილებს თუ ვხედავთ. რაღაც შედგა და შედედდა ათი წლის განმავლობაში."

ქართველმა ვეტერანებმა საქართველოს ხელისუფლებას ასევე შეახსენეს კლანების მიერ კაპიკებად ხელში ჩაგდებული ქონება, პოლიტიკის კრიმინალიზება, დაღუპული მებრძოლების უყურადღებოდ დარჩენილი ოჯახები და, დაახლოებით, 200-მდე მებრძოლი, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულის გამო ციხეებში იმყოფებიან და ხელისუფლების მხრიდან შეწყალებას ელიან.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "ჩვენ არ მოგვწონს, როცა გმირობის, თავგანწირვის, პატრიოტიზმის გამოხატულების სიმბოლო - ორდენი, გადაიქცა სოციალური დაცვის ელემენტად. ჩვენ გვინდა ყველამ ერთად დავიცვათ პიროვნული და ეროვნული ღირსება."

მიუხედავად ამ საყვედურებისა, ქართველი ვეტერანები არ აპირებენ მთავრობასთან კონფრონტაციას. "ხელისუფლებით უკმაყოფილება არავის ათავისუფლებს სახელმწიფოზე ზრუნვისგან" - ასეთია "ქართული ლიგის"პათოსი, რასაც ყრილობაზე დამსწრე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ "ღირსეული პოზიცია" უწოდა და განაცხადა, რომ ვეტერანთა მოძრაობა სერიოზულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალად უნდა იქცეს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მე დარწმუნებული ვარ, თქვენი გაერთიანების შედეგი იქნება ის, რომ ვეტერანთა მოძრაობა უფრო მძლავრად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და შეიტანს იმ სულისკვეთებას, რომელიც აქ, ამ დარბაზში, სუფევს."

შევარდნაძის ამ მესიჯმა ერთგვარად გაამძაფრა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ვეტერანთა მძლავრ გაერთიანებასთან პოლიტიკური დამოყვრებით ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტის კანცელარიაა დაინტერესებული, რაც, როგორც გაირკვა, ჯერჯერობით არ შედის "ქართული ლიგის" ინტერესებში ერთი მარტივი მიზეზის გამო: ხელისუფლებასთან ზედმეტმა პოლიტიკურმა ფლირტმა თავის დროზე არაერთი ვეტერანთა გაერთიანების გახლეჩა გამოიწვია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG