Accessibility links

ერაყის მიმართ ულტიმატუმმა ევროპის პოზიციის გამკვეთრება გამოიწვია


ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა" ნინო გელაშვილი ერაყის კრიზისის გამწვავების ფონზე ევროპის პოზიციაზე გესაუბრებათ. ერაყის კრიზისმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ

ევროპის ქვეყნებს შორის, არამედ თავად ქვეყნების შიგნითაც. შიდა პოლიტიკური განხეთქილების ყველაზე მძაფრი მაგალითი დიდი ბრიტანეთია. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო ორი დღის განმავლობაში, რაც ერაყის მიმართ ჯორჯ ბუშის ულტიმატუმმა დააგვირგვინა. ევროპის ქვეყნების პოზიციები არ შეცვლილა, წამყვანი ქვეყნები კი დღითიდღე სულ უფრო მეტ პრინციპულობას ავლენენ ზოგი ომის მხარდაჭერის, ზოგიც მისი ოპონირებისას. ვინ იცის, იქნებ ეს არის მომენტი, როცა ევროპის ქვეყნების პოზიციებს შორის განსხვავება უფრო კარგის მომასწავებელია, ვიდრე ცუდის.

დაახლოებით ერთი თვის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ერაყის საკითხში შეერთებული შტატების ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. თუმცა, მოგვიანებით მისი კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნია ევროკომისიის წევრმა გიუნტერ ფერჰოიგენმა, რომელმაც მართებულად შენიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნები ვერაფრით შეძლებდნენ ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინებას, როცა ასეთი ერთიანი პოზიცია ბუნებაში არ არსებობს.

დღეს შეიძლება მეორე საკითხის წამოჭრა, არის კი ერთიანობა ყოველთვის კონსტრუქციული შედეგის მომტანი, ან აუცილებელი?

ჯორჯ ბუშის სატელევიზიო ულტიმატუმს გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების სატელევიზიო გამოსვლები მოჰყვა. გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ომის დაწყებას ერაყში არსებული სიტუაციის შეუსაბამო მოქმედებად მიიჩნევს. გერმანიის ხალხისადმი მიმართვისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა:

[შროდერის ხმა] 031856
"ჩემი შეკითხვა იყო და არის: ამართლებს თუ არა ერაყელი დიქტატორისგან მომდინარე საფრთხე ომს, რომელიც უეჭველად მოიტანს ათასობით უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის მსხვერპლს? ჩემი პასუხი იყო და არის - არა".

გერჰარდ შროდერის ამ სიტყვების საპასუხოდ ჟღერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეკ სტროს 17 მარტის განცხადება:

[სტროს ხმა] 031837
"სამხედრო მოქმედება დიახ, მოიტანს ადამიანთა მსხვერპლს, მაგრამ შედეგი მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე სამხედრო აქციაზე უარის თქმის შემთხვევაში. მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. თუკი ჩვენ არ მივმართავთ ომს, სადამ ჰუსეინის ხელში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაუჩინარდება და ასევე გაგრძელდება არასტაბილურობა რეგიონში, რაც სადამ ჰუსეინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის არსენალის გაძლიერებით იქნება გამოწვეული".

საფრანგეთის პრეზიდენტს - ჟაკ შირაკს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და განმარტების საშუალება ორიოდე დღის წინ "სი-ენ-ენ"-ის საშუალებით მიეცა, თუმცა, ჯორჯ ბუშის გამოსვლის შემდეგ შირაკმა საჭიროდ ჩათვალა გამოსულიყო შაფრანგეთის ტელევიზიით და ეთქვა შემდეგი:

[შირაკის ხმა] 031861
"არა აქვს მნიშვნელობა როგორ წარიმართება მოვლენები უახლოეს მომავალში. ეს ულტიმატუმი საეჭვოს ხდის ჩვენს იდეას საერთაშორისო ურთიერთობის შესახებ. ის ეხება ხალხის, რეგიონის და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს სტაბილურობის მომავალს."

ბრიტანეთისა და ესპანეთის პოზიციები თავიდანვე ნათელი იყო, თუმცა, ბრიტანეთის შემთხვევაში ერაყის საკითხმა სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ერთის მხრივ პრემიერ-მინისტრ ბლერსა და მოსახლეობას და მეორეს მხრივ პრემიერ-მინისტრსა და მის თანაპარტიელ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამის მაგალითი გახლდათ 17 მარტს თემთა პალატის თავმჯდომარის რობინ კუკის გადადგომა. კუკმა განაცხადა, რომ ტონი ბლერს ლეიბორისტული პარტიის ყველაზე წარმატებულ ლიდერად მიიჩნევს და არ თანაუგრძნობს იმათ, ვინც ერაყზე კრიზისის გამო ტონი ბლერის შეცვლას შეეცდება. რობინ კუკმა გადადგომის მიზეზზე განაცხადა:

[კუკის ხმა] 031839
"მე ვაპირებ ხვალ საღამოს შევუერთდე მათ, ვინც ახლა სამხედრო აქციის წინააღმდეგია. ეს არის ხელისუფლებიდან ჩემი წასვლის ერთადერთი, ნამდვილი მიზეზი".

კუკის მსგავსად, ერაყის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა ბირტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.

და კიდევ ერთი საკითხი: მიიღებს თუ არა ევროპა მონაწილეობას ერაყში ომის შემდგომ დახმარების პროგრამებში? ამის თაობაზე დღეს კითხვა მეტია, ვიდრე პასუხი. ევროკომისიის წევრი ქრის პატენი, რომელიც საგარეო ურთიერთობებზე აგებს პასუხს, ევროკავშირის ფართომასშტაბიან მონაწილეობას პროექტებში თითქმის წარმოუდგენლად მიიჩნევს, თუკი მოვლენები გაეროს სათანადო გადაწყვეტილებების და ევროკავშირის წევრთა არაერთსულოვნების ფონზე წარიმართება. ეს კი შეერთებული შტატების ეკონომიკურ ტვირთს როგორც ომის წარმოების, ისე შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად დაამძიმებს.
XS
SM
MD
LG