Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდება დედაქალაქის ბიუჯეტი მრავალშვილიან ოჯახებსა და პედაგოგებს


ხანგრძლივი და მწვავე დავის საგანი - თბილისის ბიუჯეტი - უკვე დამტკიცებულია და ახლა მას დაპირების შესრულება უკვე ოფიციალურად მოეთხოვება. შეღავათების მომლოდინეთა შორის

მრავალშვილიანი ოჯახები და პედაგოგებიც არიან. რა სახის დახმარებას მიიღებენ ისინი?

წელს თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, დაახლოებით, 60 პროცენტი, ანუ 117 მილიონი ლარი, წესით და კანონით, სოციალური და კულტურული პროგრამების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. როგორც დედაქალაქის ვიცე-პრემიერი კახა შენგელია აღნიშნავს, ამ პრიორიტეტულ სფეროთა დასაფინანსებელი სახსრები წლების განმავლობაში მოქმედი ყოვლად უაზრო და კორუმპირებული პროექტების გაუქმება-შევიწროების შედეგად მოხერხდა. შენგელიას საუბარში აშკარად შეიმჩნევა ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ტერმინები და გასაკვირიც არაფერია: ახალგაზრდა, უპარტიო ვიცე-პრემიერი ნაციონალებისადმი სიმპათიებს არ მალავს.

კახა შენგელია მოხარულია, რომ ამიერიდან თბილისელ პედაგოგებს ყოველთვიურად 40 კუბ/მეტრი ბუნებრივი აირის უფასოდ გამოყენების საშუალება მიეცემათ. მართალია, ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცების გამო ხსენებულმა დახმარებამაც დაიგვიანა (და, პრაქტიკულად, ყველაზე ცივსა და პრობლემურ თვეებს ვერ მოუსწრო), მაგრამ თბილისელი პედაგოგები სამომავლო პერსპექტივით მაინც კმაყოფილები არიან. როგორც ისტორიის მასწავლებელი, ქალბატონი ლამარა ბასილია აღნიშნავს, მისი სამსულიანი ოჯახისთვის ბუნებრივი აირის დასახელებული რაოდენობის უსასყიდლოდ მიღება საკმაოდ კარგი შეღავათი იქნება.

მრავალშვილიან დედას მარიკა დათუკიშვილს კი, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 2003 წელს არამხლოდ ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათების იმედი აქვს:

(მარიკა დათუკიშვილის ხმა) "მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მრავალშვილიან დედებზე ბიუჯეტში გათვალისწინებულია 100%-იანი შეღავათები საოჯახო ნარჩენების გატანასთან და წყლის გადასახადთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად დიდი შეღავათია ოჯახისთვის. და ასევე - ყოველთვიური დახმარება გაზზე - 40 კუბ/მეტრის ოდენობით. მე ვთვლი, რომ ეს, საერთო ჯამში, აბსოლუტურად საკმარისია ოჯახისთვის. ცხადია, ეს მოცულობა ზამთრის თვეებში არ არის საკმარისი, მაგრამ დაბალანსება ხდება, რადგანაც ზაფხულში ამ რაოდენობის მესამედიც კი არ იხარჯება".

მაშინ, როცა ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათის ამოქმედება მხოლოდ მარტიდან მოხერხდება, მრავალშვილიან ოჯახებს ახალი ტიპის 5-ლარიანი დახმარება იანვრიდან მოყოლებული აუნაზღაურდებათ. შეგახსენებთ, რომ 5 ლარი ყოველთვიურად იმ მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან წევრს ეკუთვნის, რომელშიც 3, 4, 5 ან 6 ბავშვი იზრდება. ამ პროგრამის ფარგლებში მარიკა დათუკიშვილის 3 არასრულწლოვანი შვილი წელს თბილისის ბიუჯეტიდან 180 ლარს მიიღებს. დედას ურჩევნია, რომ ეს თანხა არა ნაწილ-ნაწილ, არამედ ბანკის ანგარიშზე დააგროვოს და ერთბაშად აიღოს. თუმცა არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ხსენებულ 5-ლარიან პროგრამას ერთგვარ დაცინვად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შვილები მათ ამ გროშების იმედად არ გაუჩენიათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG