Accessibility links

logo-print

მოხსნის თუ არა საპარლამენტო კრიზისს ხელშეკრულება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საპარლამენტო კრიზისი საქართველოში გრძელდება. 18 მარტს პარლამენტის საგანგებო სხდომის დღის წესრიგში შეტანილი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შეაფერხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის,

პარლამენტარ კობა დავითაშვილის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში პრეზიდენტის იმ განკარგულების გასაჩივრებამ, რომლის საფუძველზეც სხდომა იქნა მოწვეული. საქართველოს კანონმდებლობით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეჩერებულია. შეძლებს თუ არა პარლამენტი კომპრომისის მიღწევას?

კობა დავითაშვილის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელის აღძვრა ამჯერად იმ ხერხად იქცა, რომელიც მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ მიღებულ კანონპროექტს ცოტა ხნით მაინც ააცილებს თავიდან გაუქმების საშიშროებას. პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადებით:
[კობა დავითაშვილის ხმა] " თუ სამ ლარს მოუმატებთ პენსიას და ხელფასებს მოუმატებთ 5-დან 10 ლარამდე, მაშინ მე გამოვიტან სარჩელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ სხდომას ვერ დაიწყებთ, რადგან თუ დაიწყებთ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, ხელისუფლების გადამეტება და ვინც ამას გააკეთებს, იქნება დამნაშავე."
პარლამენტში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა პარლამენტის მუშაობა, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო, თემატური უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის "თავგანწირვის" რეალური მიზეზი არა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული პერიპეტიებია, არამედ პარლამენტში წარმოდგენილი ფრაქციების ერთი ნაწილის მცდელობა, არ დაუშვას აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " თუ პარლამენტის დიდი ნაწილი მომხრე ვართ, რომ მოხდეს ამის რატიფიცირება, რატომ ხდება მაშინ მისი გადადება და ბლოკირება? შეიძლება არასწორი ვიყო, მაგრამ ეჭვი მიჩნდება, რომ, სინამდვილეში, იმ ბევრ ფრაქციას და ბევრ დეპუტატს, რომლებიც აცხადებენ, ჩვენ გვინდა ამის რატიფიცირებაო, რეალურად შეიძლება სულ სხვა მოტივები ამოძრავებთ."
შეგახსენებთ, 2002 წლის 10 დეკემბერს ხელმოწერილი "საქართველოსა და აშშ-ს შორის თვდაცვის სფეროში თნამშრომლობის შესახებ" შეთანხმება მთელ რიგ პრივილეგიებს და შეღავათებს ითვალისწინებს ამერიკული სამხედრო პერსონალისთვის. მაგალითად, ამერიკის თვითმფრინავებს, ხომალდებსა და სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ გადაკვეთონ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია და თვისუფლად გადაადგილდნენ მის ფარგლებში. ერაყში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ამ ხელშეკრულების რატიფიცირების მნიშვნელობა ამერიკული მხარისთვის.
ფორმალურად, ხელშეკრულების წინააღმდეგ ფრაქცია "აღორძინება" და "ოცდამეერთე საუკუნე" გამოდიან. პარლამენტარ ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით:
[ელიზბარ ჯაველიძის ხმა] " ეს ხელშეკრულება არის მონური და ჩვენ შევეჩვიეთ მონებად ყოფნას და უღელში თავის გაბმას."
მისივე განცხადებით, პარლამენტის მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შემთხვევაში, იგი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ჯერჯერობით პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი ჰაერშია გამოკიდებული - სხდომაზე კვორუმი არ შედგა.
XS
SM
MD
LG