Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადი ომისათვის ემზადება


ერაყის კრიზისთან დაკავშირებული დაძაბულობა კულმინაციას აღწევს.

თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარები მალე წამოიწყებენ სამხედრო ოპერაციას ბაღდადის რეჟიმის წინააღმდეგ. მოახლოებული ომით ყველაზე მეტად შეშფოთებული, ბუნებრივია, თვით ერაყელები არიან. როგორც ბაღდადში მყოფი დასავლელი ჟურნალისტები ოთხშაბათს იუწყებოდნენ, წინა ღამით ქალაქის ქუჩები დაცარიელებული იყო, დღისით კი ისევ გამოცოცხლდა, რახან, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, სამხედრო მოქმედებების დაწყება დღის საათებში არ არის მოსალოდნელი. ამ, დღის საათებში ბაღდადელებს ისღა დარჩენიათ, ომისათვის მოემზადონ - ბენზინით გასამართ სადგურებთან, სურსათისა და ელექტრონაწარმის მაღაზიებთან გრძელი რიგებია ჩამწკრივებული. ხშირია შემთხვევა, როცა ნათესავები, მეზობლები ერთად დებენ ფულს გენერატორის შესაძენად - მათ წინა ომის გამოცდილებიდან იციან, რომ ბომბების პირველ სამიზნეებს შორის ელექტროსადგურებიც აღმოჩნდება. არადა, გენერატორი დღეს ერაყში, საშუალოდ, 300-დან 500 დოლარამდე ღირს, მაშინ, როცა ერაყელის საშუალო შემოსავალი თვეში 30 დოლარს არ აღემატება.

როგორც ეს, ალბათ, ყველა ქვეყანასა და ყველა ეპოქაში ხდება, ომს ზოგი სარფიანი ბიზნესისთვის იყენებს. ბაღდადის ცენტრში, პლასტმასის ნაწარმის ერთი მაღაზიის მეპატრონე სასმელი წყლით ვაჭრობას შეუდგა: რახან ქვეყანაში კანისტრების მარაგი ილევა, ის წყალს ცელოფანის ათლიტრიანი პარკებით ჰყიდის და მუშტარს ვეღარ აუდის. როგორც ბაღდადიდან საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" კორესპონდენტი იუწყება, სუპერმარკეტებშიც ჩივიან, რომ დილაობით წყლის ბოთლებით სავსე თაროები სულ რამდენიმე წუთში ცარიელდება - და ეს, სასმელი წყლის დღითიდღე გაძვირების მიუხედავად.

იაფად ვერც ის გამოვა, ვინც ერაყში ომისათვის მზადების ნაცვლად ემიგრაციაში წასვლას მოინდომებს: აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სადამ ჰუსეინისათვის ულტიმატუმის წაყენებისთანავე ტაქსით მგზავრობა გაძვირდა. სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადიდან მეზობელი იორდანიის დედაქალაქ ამანში მგზავრობის ფასი თითქმის გახუთმაგებული იყო და 1200 დოლარს აღწევდა.
XS
SM
MD
LG