Accessibility links

სოხუმის ხელისუფლება რუსეთს აფხაზეთში სამხედრო ბაზის გახსნას სთავაზობს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 მარტს რუსეთის დუმის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს კომუნისტებისა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციებმა. პროტესტის მიზეზად იქცა დუმის გადაწყვეტილება,

არ განიხილოს სხდომაზე ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. მოსკოვისგან განსხვავებით, 19 მარტს ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვა შედგა სოხუმში, სადაც გაიმართა აფხაზეთის მუსულმანთა ერთდღიანი ყრილობა. ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მუსულმანებიც ჩავიდნენ.

სოხუმიდან მოსული ცნობებით, აფხაზეთის მუსულმანთა ყრილობამ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა ერაყის მიმართ და მხარი დაუჭირა ერაყის ხელმძღვანელობას. ანუ სოხუმის დამოკიდებულება ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი მოსკოვის ხედვის იდენტურია. ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის დუმის დეპუტატები ამერიკის პრეზიდენტს "სახელმწიფო ტერორისტად" მოიხსენიებენ და ამერიკული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადების წინადადებით გამოდიან. მაგრამ, ვინაიდან 19 მარტს დუმაში კომუნისტებსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრებს მხარდამჭერები არ აღმოაჩნდათ, დუმამ დღის წესრიგში არ შეიტანა ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვა. თუმცა დუმა ასევე არ განიხილავს 18 მარტს სოხუმის პარლამენტის მიერ მიღებულ მიმართვას აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრად მიღების თაობაზე.
ამ მიმართვას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის დუმის დეპუტატები. კანონიერების კომიტეტის წევრის ვიქტორ პოხმელკინის განცხადებით, აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიღება წარმოუდგენელია საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით. "ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და, საქართველოს ხელისუფლების გარდა, სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ვერავისთან ვერ გავაფორმებთ," - აცხადებს დუმის დეპუტატი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის იური შარანდინის განმარტებით, "აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ეს პოლიტიკური რეალობაა, რომელსაც ყოველთვის ითვალისწინებდა და გაითვალისწინებს რუსეთი."

რუსეთის პრესის აზრით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აფხაზეთში საკმაოდ კარგად იციან რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ინტერნეტ-გამოცემა "გაზეტა რუს" ვარაუდით, სოხუმის მიერ ასოცირებული წევრობის საკითხის წინ წამოწევა გამოწვეულია სოჭის შეხვედრით, რომელზეც რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თანხმობას მიაღწიეს გალის რაიონში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. გაზეთის აზრით, აფხაზეთის პოლიტიკური ინტერესების იგნორირებით საქართველოსადმი დათმობა ბანალური გათვლებით იყო გამოწვეული - კონკრეტულად, პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის კრედიტით აღდგენილი ენგურჰესი გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიაწვდის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აფხაზეთსა და რუსეთსაც.
ევრობანკის თბილისის წარომადგენლობის ცნობით, შესაძლებელია ენგურჰესის რეაბილიტაციის კრედიტის შეჩერება, რის მიზეზადაც ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირება იქცევა. თუ გაირკვა, რომ ტარიფის შემცირება შეამცირებს ენგურის შემოსავლებს, კრედიტი შეჩერდება, რადგან ასეთ შემთხვევაში კრედიტის გასტუმრების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
XS
SM
MD
LG