Accessibility links

logo-print

სპარსეთის ყურის კრიზისი და ქართული ეკონომიკა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ანტიერაყული კოალიციისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის საომარი კონფლიქტის ფონზე, ექსპერტები ომის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე მსჯელობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკონომიკა

ლამის ავტომატურ რეჟიმში ვითარდება და მისი ინტეგრაციის ხარისხი გაცილებით დაბალია, შეერთებული შტატებისა და ერაყის კონფლიქტი, ბუნებრივია, მასზეც მოახდენს გავლენას. როგორ შეიძლება განვითარდეს ამ ფონზე მოვლენები საქართველოში?

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა იმდენად არის ინტეგრირებული, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ერთ სახელმწიფოში ადეკვატურად ახდენს გავლენას სხვა ქვეყნებზეც. საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის ხარისხი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია. ამ ფაქტორს რიგ შემთხვევაში ძალაუნებურად სასიკეთო ეფექტიც მოაქვს ხოლმე და კრიზისების მეტასტაზების გავრცელების დამაბრკოლებლადაც გველინება.

თუმცა საომარი მოქმედებები სპარსეთის ყურეში ის მოვლენაა, რომელსაც ნებისმიერ სახელმწიფოზე ექნება ესა თუ ის გავლენა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველო იქნება. ამ შემთხვევაში ექსპერტები შეფასებისას რამდენიმე სცენარს განიხილავენ.

თუ ანტიერაყული კოალიცია საომარი მოქმედებისას სწრაფად მიაღწევს წარმატებას, ამას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ზრდა და, შესაბამისად, ამ სტრატეგიულ ნედლეულზე ფასების კლება მოჰყვება, რაც საწვავს გააიაფებს. საქართველოსათვის, რომელიც მთლიანად ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული, ამას პოზიტიური გავლენა ექნება და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც არის ერთი საშიში ნიუანსი, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანასა და ძირითად სავაჭრო პარტნიორთან არის დაკავშირებული. დღეს რუსეთის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე და შარშანდელი წლის საბიუჯეტო პროფიციტიც სწორედ ამ ნედლეულის მზარდ ფასებთან იყო დაკავშირებული. თუ რუსეთს მისი ეკონომიკური ზრდის მთავარი სტიმული - ნავთობზე მაღალი ფასები - ხელიდან გამოეცლება, ადვილი შესაძლებელია, იქ არაპროგნოზირებადი ეკონომიკური პროცესები და რუბლის ინფლაცია განვითარდეს, რისი ნეგატიური გავლენა ქართულ ეკონომიკაზეც უკვე ვიწვნიეთ 1998 წლის "ფინანსური ქარბორბალას" პერიოდში.

მეორე სცენარი გათვლილია გაჭიანურებულ საომარ მოქმედებებზე, რომელიც ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებას და ნავთობპროდუქტების პერმანენტულ გაძვირებას უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში საწვავი აუცილებლად გაძვირდება და მასთან ერთად სამომხმარებლო კალათაც საგრძნობლად "დამძიმდება". საქართველოს ისედაც უკიდურესად გაუარესებული საგადამხდელო ბალანსი გაჭიანურებული საომარი მოქმედებების პირობებში კიდევ უფრო დეფიციტური გახდება. ამ შემთხვევაშიც ითამაშებს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების, რუსეთისა და თურქეთის, ფაქტორი, რაც ადეკვატურად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე.

რაც შეეხება შიშს, რომ საომარი მოქმედებები საფინანსო ბაზარზე იქონიებს მკვეთრ გავლენას, ექსპერტებს ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ, რადგან საფინანსო ბაზარი, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში ვითარდება და მთლიანად ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ხოლო საფონდო ბაზარი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია და მასზე მსოფლიო პოლიტიკური კატაკლიზმები არანაირად არ აისახება. თუმცა, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, ეროვნული ვალუტის კროსკურსები, აშშ დოლარისა და ევროს ცვლილების შესაბამისად, კორექტირებას განიცდის.
XS
SM
MD
LG