Accessibility links

logo-print

პოლიტიკის რადიკალიზაციის სავარაუდო მიზეზი


გასული კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატებს თან ახლდა უაღრესად არაეთიკური ქცევა დეპუტატების მხრიდან: ერთმანეთის პირდაპირი შეურაცხყოფა;

პოლიტიკური ოპონენტების შეცდომაში შეყვანის ან დაბნევის მცდელობა, მათ შორის, ყოვლად გაუმართლებელი მეთოდებით; შანტაჟი; ადგილიდან ყვირილი; ისტერიკამდე მისული ემოცია და კულმინაცია: სტვენა სხდომათა დარბაზში.

რა იწვევს არგუმენტების ჩანაცვლებას ამგვარი უკადრისი საქციელით?

პოლიტოლოგიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამოვიკითხავთ, რომ ეთიკა უშუალოდ უკავშირდება ლიბერალიზმს, კომპრომისების ხელოვნებას, ხოლო რადიკალიზმი ეთიკის ნორმებს, როგორც წესი, არ ცნობს.

თუ ამ ჭეშმარიტებას გავითვალისწინებთ, უმალ მივხვდებით, რა მოხდა გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში: დეპუტატების არაეთიკური ქცევა გამოიწვია თავად განსახილველი საკითხის რადიკალიზაციამ. შესაბამისად, ორი შეკითხვა ჩნდება. პირველი: ვინ შეუწყო ხელი პოზიციების მწვავე დაპირისპირებას? და მეორე: რა იყო საკითხის რადიკალიზაციის მიზანი?

მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის ინიციატორი ოპოზიცია მთელი კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ მზად იყო დათმობებისათვის. ბოლოს, დათმობის ქვედა ზღვარმა პენსიის სამი ლარით გაზრდამდეც კი ჩამოიწია. მაგრამ სახელისუფლო ფრაქციები ოთხივე სასესიო დღის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ უკვე მიღებული კანონის გაუქმებისთვის იბრძოდნენ; იბრძოდნენ თავგანწირვით, თუმცა, უშედეგოდ. ვის შეეძლო გადაეწყვიტა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კომპრომისის გაზიარება ან უარყოფა? ცხადია, ერთადერთ ადამიანს - ქვეყნის პრეზიდენტს. სწორედ მან, კომპრომისის უარყოფით და დაპირისპირების გაღვივებით, ხელი შეუწყო საკითხის რადიკალიზაციას და, ესე იგი, პარლამენტართა არაჰუმანურ, არაეთიკურ ქცევას.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური სიჯიუტის მთავარი მოტივი? როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, ხელფასის თუ პენსიის ეტაპობრივ გაზრდას მთავრობა ვეღარ აიცილებს და პრობლემის მოსაგვარებლად რა კანონპროექტიც უნდა შეიტანოს პრეზიდენტმა პარლამენტში, საკითხი ყოველთვის დარჩება "გაერთიანებული დემოკრატების" ინიციატივად. ასე რომ, შევარდნაძის არადამთმობი პოზიციის შედეგად, მთავრობის გათავისუფლება წნეხისგან ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ, მოხერხდა პარლამენტის დისკრედიტაცია. დავაზუსტოთ: ოთხი დღის განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლა ნაბიჯ-ნაბიჯ გამწვავდა და, საკითხის რადიკალიზაციის გამო, მისმა განხილვამ თანდათან დაკარგა კამათისა და დებატების ფორმა, პარლამენტარების ქცევა კი შორს გასცდა საზოგადოებრივი ეთიკის ფარგლებს. შედეგად, რიგითი მოქალაქე მეტად და მეტად განხიბლული დარჩა ხალხის რჩეულთა ადამიანური სახით. ეს თანაბრად შეეხო როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას, ესე იგი - მთელ პარლამენტს.

შედეგის წინასწარ განსაზღვრა სირთულეს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, შეიძლებოდა თუ არა პრეზიდენტის მიზანი სწორედ პარლამენტის დისკრედიტაცია ყოფილიყო? ამ ვერსიამ სხდომათა დარბაზში არაერთხელ გაიჟღერა და ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიც ამგვარ ეჭვს ადასტურებს. კერძოდ: მომავალი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტს ბევრ უსიამოვნებას მოუტანს იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიები შეძლებენ მოსახლეობის სერიოზული მხარდაჭერის მოპოვებას და უმრავლესობის ჩამოყალიბებას. ამისათვის კი, სულ მცირე, უბრალო, რიგით ადამიანებს უნდა ჰქონდეთ როგორც პარლამენტის, ასევე საკუთარი საარჩევნო ხმის რწმენა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ამჟამინდელი პარლამენტარები, არგუმენტების ნაცვლად, ყვირილით და სტვენით შეეცდებიან სადავო საკითხების გადაწყვეტას, თუკი სამარცხვინოდ მოიქცევიან და მოსახლეობას თავს შეაძულებენ, ცხადია, საპარლამენტო არჩევნების მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპოზიციის მხარდაჭერაზე.

გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე მისაღები აქვს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. საარჩევნო საკითხები კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის კიდევ უფრო მკვეთრი დაპირისპირების საფუძველს შეიცავს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი შემდგომშიც ყველა სადავო საკითხს ვითარების რადიკალიზაციისთვის გამოიყენებს, რასაც გარდაუვლად მოჰყვება პარლამენტისა და პოლიტიკური ძალების შემდგომი დისკრედიტაცია.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ოპოზიციამ რაიმე ქმედითი საშუალება მოძებნოს ამ საფრთხის წინააღმდეგ. 115 ლარის საკითხის განხილვამ, დათმობებისკენ მოწოდების ფონზე, ადამიანური ურთიერთობის ყველა წესი და ნორმა დაარღვია. საარჩევნო საკითხებში კი ოპოზიცია ბევრს ვერაფერს დათმობს და ხელისუფლება - მით უმეტეს. პრეზიდენტი დარჩება პროცესების მიღმა, როგორც ამჟამად, ხოლო პარლამენტი კიდევ მეტად შეირცხვენს თავს. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი საკითხების განხილვა მძაფრ დაპირისპირებასა და არაეთიკურ ქცევაში გადაიზარდა, პროცესის მთავარი ინიციატორი პრეზიდენტია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია პოზიციები შეარბილოს და მოვალეც არის კომპრომისების სულისკვეთებით იმოქმედოს.
XS
SM
MD
LG