Accessibility links

logo-print

ერაყში ომმა შეიძლება გაართულოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა


ფაქტი, რომ დღეს არ არსებობს გაეროს რეზოლუცია ერაყში ომის დაწყების თაობაზე და რომ შეერთებულ შტატებს ერაყთან საქმის იარაღის ენით გარკვევის საქმეში საერთაშორისო არენაზე არაერთი

გავლენიანი ოპონენტი ჰყავს, დიდ საგონებელში აგდებს ვაშინგტონს. ეს კი გამოწვეულია რეალური საფრთხით, რომელიც შეიძლება ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობას შეექმნას. ტერორიზმთან ბრძოლა არც ერყათან ომით იწყება და არც მისით დასრულდება, ეს იცის ყველამ. ამერიკის ხელისუფლების სერიოზული ეჭვების ერთ-ერთი დასტური რესპუბლიკელი სენატორის ჩაკ ჰეიგელის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 18 მარტის სხდომაზე დასმული შეკითხვაა.


ჩაკ ჰეიგელმა იკითხა ის, რაც, ალბათ, ყველას აინტერესებს: - რა ზეგავლენას მოახდენს ერაყში გაეროს გადაწყვეტილების გარეშე ომის წარმოება ანტი-ტერორისტული ღონისძიებების შემდგომ კოორდინირებაზე მუსულმანურ ქვეყნებში?

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მარკ გროსმანის აზრით (რომელიც თვლის, რომ ომი ერაყში სამართლიანია) საერთაშორისო ანტი-ტერორისტული თანამშრომლობის ეფექტიანობა მხოლოდ ერაყთან ომში ამერიკა-ბრიტანეთის ჯარის წარმატებაზეა დამოკიდებული.

ამ ოპტიმისტურ პოზიციას კრიტიკულად უდგებიან თავად ამერიკელი ექსპერტები. ჩარლზ პენია ვაშინგტონში არსებული კატოს პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ერაყის გამო გაეროში პრობლემების გაჩენა უარყოფით გავლენას მოახდენს ანტი-ტერორისტულ თანამშრომლობაზე. რაც შეეხება ომის ფაქტორს, პენია არსებით მნიშვნელობას ერაყიდან ჯარების სწრაფად გამოსვლას ანიჭებს:

[პენიას ხმა] 031954
"ომის სუფთად და სწრაფად დასრულებამ შეიძლება საფუძველი გაუმაგროს იმათ პოზიციას, ვისაც სურს თქვას "ნახეთ, ეს არ არის მეორე ვიეტნამი". მაგრამ, არის ეს წარმატების საბოლოო ტესტი? ჩემი აზრით, არა. ნამდვილი ლაკმუსის ტესტი იქნება ის - ეყოფა თუ არა შეერთებულ შტატებს საღი აზრი იმისათვის, რომ ისევე სწრაფად დატოვოს ერაყი, როგორ სწრაფადაც დაიკავებს მას; რომ საკუთარ თავზე არ აიღოს იქ სახელმწიფოს მშენებლობის ურთულესი ამოცანის შესრულება".

ნათან ბრაუნი, პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ეთანხმება პენიას მოსაზრებას, თუმცა, ამტკიცებს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს მისი პოლიტიკის მიმართ ნეგატიური განწყობის დაძლევა. ნეგატიურობა კი იმაში გამოიხატება, რომ შეერთებულ შტატებს დღეს ბევრი აღიქვამს ახალ იმპერიულ ძალად, რომელსაც ერაყის ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება აქვს განზრახული. რაც შეეხება არაბული ქვეყნების მხრიდან თანამშრომლობის პერსპექტივას ალ-ყაიდასთან ბრძოლაში, ნათან ბრაუნი დასძენს:

[ბრაუნის ხმა] 031956
"რაც კი ტერორიზმთან ბრძოლაში (ვგულისხმობ ომს ალ-ყაიდას წინააღმდეგ) საერთაშორისო მხარდაჭერა მიგვიღია, ყველაფერი ეფუძნებოდა რიგი ქვეყნების ინტერესებს. ალ-ყაიდა შედგება ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობაში ედებათ ბრალი. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნების მთავრობები ალ ყაიდას მტრად აღიქვამენ და მისი განადგურების მიზნით შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის, თუნდაც - ფარული თანამშრომლობის, დიდი სურვილი აქვთ. ვვარაუდობ, რომ ეს ასეც გაგრძელდება".

როგორც ჩანს, არა მხოლოდ ზოგიერთი მუსულმანური ქვეყნის ინტერესის, არამედ ერაყის ომით გამოწვეული საერთაშორისო დისბალანსის გათვალისწინებითაც, ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, ახლო მომავალში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ვაშინგტონი მხოლოდ იმ ქვეყნებს უნდა დაეყრდნოს, რომლებიც თვლიან, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა მათთვის ისეთივე სარგებლის მომტანი იქნება, როგორიც შეერთებული შტატებისთვის.
XS
SM
MD
LG