Accessibility links

რას ელიან საქართველოში ერაყის კრიზისისგან


ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც აღელვებთ და არამარტო იმიტომ, რომ ერაყი საქართველოდან არც ისე შორსაა. ხელისუფლება იმედოვნებს,

რომ ამჟამინდელი ურთულესი ვითარებით რუსეთი ბოროტად არ ისარგებლებს და სამხრეთის მიმართულებით გააქტიურებისგან თავს შეიკავებს, ექსპერტები კი არ გამორიცხავენ ასეთი რამ მოხდეს. რას ელიან საქართველოში ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით?

საქართველო ანტიერაყული კოალიციის წევრი ქვეყანაა და ის ერაყიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. აღნიშნულის მიუხედავად, აქ ნაკლებად იგრძნობა შიში იმისა, რომ ომი ჩვენს ქვეყანასაც სახიფათო ზონად აქცევს. ქართველი ექსპერტები საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის საშიშროებას გამორიცხავენ - აცხადებენ, რომ სადამის რაკეტები საქართველოს, უბრალოდ, ვერ მოსწვდება. საქართველოში ამ ომს სხვაგვარ მოლოდინს უკავშირებენ. კერძოდ, არსებობს ვერსია, რომ ერაყის ირგვლივ მოვლენების განვითარებამ, შესაძლოა, საქართველოსკენ ლტოლვილთა ნაკადი დაძრას, რაც ნაკლებად რეალურ ვერსიად უნდა მივიჩნიოთ. უფრო რეალურად გამოიყურება შიში იმისა, რომ საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოში ტერორისტთა გააქტიურების რისკს გაზრდის; ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პოლიტოლოგები ერაყის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ახალი მსოფლიო წესრიგის მომასწავებელ ნიშნებს ხედავენ - ფიქრობენ, რომ შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობა ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას გააძლიერებს, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რუსეთმა მოვლენებისთვის წინ გასწრება მოისურვოს და სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერება სცადოს. ასე ფიქრობს ალექსანდრე რონდელიც, თუმცა, მისი აზრით, რუსეთს გაუჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს ანგარიში არ გაუწიოს.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "შეიძლება თქმა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი იწყება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არ არის აბსტრაქცია, - ეს ერთი, და მეორე - ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელიც ასე ჰუმანურია და ასე დარდობს ერაყის მოსახლეობის ბედს და კიდევ სხვების ბედს, შეიძლება მოინდომოს ჩვენი ბედის გადაწყვეტა. შეიძლება რაღაცა მცდელობა გამოავლინოს, მაგრამ არა მგონია, ამ ახალი წესრიგის დამამყარებელს ანგარიში არ გაუწიოს. " [სტილი დაცულია]

რუსეთი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ანგარიშს გაუწევს და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას არ შეეცდება, ამის იმედი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემაც გამოხატა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული აქვს მკაცრი გაფრთხილება, ხელი შეუწყოს მშვიდობის შენარჩუნებას კავკასიის რეგიონში. აღნიშნულის მიუხედავად, არავინ უარყოფს, რომ საფრთხის ზონად ისევ და ისევ საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი რჩება და რომ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლო დროს გამოკვეთილი დათბობის მიუხედავად, თოვლის დნობის პერიოდი, ანუ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის ხელსაყრელი პერიოდი, დადგა. რუსეთის ტერიტორიიდან ბოევიკთა შემოჭრის თავიდან ასაცილებლად საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა რუსეთთან საქართველოს საზღვრის მთელი პერიმეტრის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო და ამისთვის რუს მესაზღვრეებთან კოორდინირებული მოქმედებებიც დაგეგმა.
მოკლედ, მაშინ, როცა ერაყში საომარი მოქმედებები იწყება, ანტიერაყული კოალიციის წევრი ქვეყანა ჩრდილეთიდან მოსალოდნელი საფრთხის პროფილაქტიკისთვის ზრუნავს.
XS
SM
MD
LG