Accessibility links

რა დივიდენდებსა და საფრთხეს ელოდება საქართველოს ხელისუფლება ერაყთან ომის შემთხვევაში


საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილობითი მიმართვა გაავრცელეს. მასში ჯორჯ ბუში მადლობას უხდის საქართველოს

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კოალიციის მხარდაჭერისათვის და შეახსენებს იმ სიძნელეებსაც, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ამერიკის მომხრეები, სადამ ჰუსეინის მიერ მსოფლიო გაერთიანების მოთხოვნათა უგულებელყოფის გამო. როგორც ირკვევა, ამ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლებაში საკმაოდ კარგად აცნობიერებენ, თუმცა მთავრობაში არც იმას მალავენ, რომ ომის შემდეგ საქრთველო გარკვეულ დივიდენდებსაც მიიღებს.

"ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში საქართველომ ძლიერი და სანდო მოკავშირეობა გაგვიწია, ოპერაცია "მდგრადი თავისუფლების" ჩატარებისას თქვენმა მზადყოფნამ - მოგეცათ საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება და სადაზვერვო საქმიანობაში გაგეწიათ თანამშრომლობა, თავისი წვლილი შეიტანა ამ ოპერაციის წარმატებაში", - ამ სიტყვებით იწყება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 16 მარტით დათარიღებული წერილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიამ 19 მარტს გაავრცელა.

ამერიკის პრეზიდენტის ეს ეპისტოლე კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ თანამშრომლობა ამერიკელ და ქართველ სპეცაგენტებს შორის მხოლოდ ვირტუალური არ ყოფილა. თუმცა ჯერჯერობით დახურულ თემას წარმოადგენს ის, თუ კონკრეტულად რითი შეუწყო ხელი ამ თანამშრომლობამ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომს.
დღესდღეობით საქართველოს, როგორც ამერიკისა და კოალიციის "სანდო მოკავშირეს", ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. უშიშროების მინისტრის მოადგილის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეს მისია მდგომარეობს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვაში, რომელთა შორის ამერიკისა და კოალიციის სხვა წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობებიც იგულისხმებიან.

[ირაკლი ალასანიას ხმა] "ბუნებრივია, ჩვენ კონტრზომების,ანუ შესაბამისი ღონისძიებების, განხორციელება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და, შესაბამისად, ჩვენი სასიცოცხლო ობიექტები, რომლებიც შეიძლება შესაძლო ტერაქტების ხელყოფის საგანი გახდეს, დაცვის შესაბამის სამსახურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით არის დაკმაყოფილებული. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩვენი ძალები და საშუალებები მობილიზებულია მაგ კუთხით."[სტილი დაცულია]

თუმცა საფრთხე არ არის ერთადერთი რამ, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერაყში საბრძოლო ოპერაციის დაწყებას უკავშირებენ. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც ნიადაგ "მზად არის საჭიროების შემთხვევაში ყველანაირად დაუჭიროს მხარი ამერიკას", ომის დასრულების შემდეგ გარკვეული დივიდენდის მიღებასაც წინასწარმეტყველებს.

[დავით თევზაძის ხმა] "მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიო გაცილებით უკეთესი იქნება ომის მერე, ვიდრე იყო ომის წინ. მათ შორის გარკვეული, ასე ვთქვათ, დივიდენდი შეიძლება საქართველოსაც შეხვდეს." [სტილი დაცულია]

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, "დივიდენდში", უწინარეს ყოვლისა, ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება და, აგრეთვე, ამერიკის დახმარებით, საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება იგულისხმება. და ამის იმედს საქართველოს ხელისუფლებას ხსენებული მიმართვის ერთი ადგილიც აძლევს : "ჩვენ არ დავივიწყებთ მათ, ვინც გვერდში გვიდგას", ატყობინებს ჯორჯ ბუში თავის ქართველ კოლეგას.
XS
SM
MD
LG