Accessibility links

რას ფიქრობს უბრალო მოსახლეობა ერაყში მიმდინარე მოვლენების შესახებ


საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიმართ.

გასულ დღეებში თბილისში პაციფისტების რამდენიმე მცირერიცხოვანი აქცია მოეწყო, თუმცა მათ მოსახლეობაში უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავთ, ვიდრე ეს საპროტესტო აქციებიდან ჩანს. ასევე მრავლად არიან სამხედრო ოპერაციის მომხრეებიც.

ტრადიციულად, თბილისში, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, უბრალო მოქალაქეთა შორის აქტუალური პოლიტიკური საკითხების განხილვის საყვარელი ადგილი ქუჩაა. მეც ქუჩაში გამოკითხვით შევეცადე ერაყში დაწყებულ სამხედრო მოქმედებათა შესახებ მოსახლეობის პოზიცია გამეგო. პირველად ახალგაზრდა წყვილი გავაჩერე და ვკითხე, თუ რამდენად მართებულია სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომის გაჩაღება.

[სტუდენტების ხმა] „კი, მისაღებია... - თქვენ როგორ ფიქრობთ? - მე ვფიქრობ, რომ არა, ომია მაინც..."

ამ წყვილისთვისაც კი, რომელსაც, ალბათ, ბევრი რამ აერთიანებს, მსოფლიო პოლიტიკა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. ყმაწვილი ფიქრობს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის შეცვლის მიზნით სამხედრო ოპერაციის ჩატარება გამართლებულია, ქალიშვილს კი, ჰუმანური მოსაზრებებით, საომარი მოქმედებების წარმოება მიზანშეუწონლად მიაჩნია. მის აზრს ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი იზიარებს, თუმცა კი უჭირთ თავიანთი პაციფისტური პოზიციის ახსნა.

[სტუდენტის ხმა] „მე მგონი, წინააღმდეგი ვარ უფრო. - რატომ? - საერთოდ, ომის წინააღმდეგი ვარ და არც ერაყის წინააღმდეგი ვარ და არც ერაყელების."

განსხვავებულად ფიქრობს სოხუმის უნივერსიტეტის ხანშიშესული თანამშრომელი:

[მოქალქის ხმა] „ექსტრემიზმის ბუდეა, აუცილებლად უნდა ამოიძირკვოს, მხოლოდ ამ მოტივით შეიძლება ომის გამართლება ერაყის წინააღმდეგ."

ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკის ბრძოლის მიზანშეწონილობის შესახებ კიდევ ერთი მოქალაქის მოსაზრებას შემოგთავაზებთ.

[მოქალაქის ხმა] „როდესაც ომის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ეს გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლს, ყველას ავიწყდება, რომ ამ რეჟიმმა, სადამ ჰუსეინის რეჟიმმა, უკვე შეიწირა 10 ათასობით ადამიანის სიცოცხლე ერაყში. მე მგონი, ერაყის მომავალი თაობა მადლობას ეტყვის ამერიკას, რომ საბოლოოდ გაათავისუფლა ამ რეჟიმისაგან".

ქუჩის გარდა, უბრალო ქართველთა თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და კამათის კიდევ ერთ ადგილად ინტერნეტის ფორუმები იქცა. სხვადასხვა ვებსაიტებზე მიმდინარე ვირტუალურ დისკუსიას ჯერჯერობით ისეთივე ხასიათი აქვს, როგორიც ქუჩაში გამვლელებისას, თუმცა გამოითქმის უფრო არგუმენტირებული მოსაზრებებიც. ვირტუალური სამყაროს მოყვარულთა შორის ომის მიმართ გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელია ინტერნეტის ქართულენოვანი საძიებო სისტემის, „ქართული კომის", გამოკითხვის შუალედური შედეგები. დასმულ შეკითხვაზე, გამართლებულია თუ არა ერაყზე სამხედრო იერიში, გამოკითხულთა 41%-მა დადებითი პასუხი გასცა, 50% კი ფიქრობს, რომ ომი არ უნდა დაეწყოთ.
XS
SM
MD
LG