Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის დროით, დაახლოებით, 21 საათზე


თბილისის დროით, დაახლოებით, 21 საათზე დაიწყო მორიგი იერიში ბაღდადზე. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ქალაქს აფეთქებები არყევდა, რაკეტები ვარდებოდა მთავრობის შენობებთან, რომლებიც ცეცხლში გაეხვია.

თბილისის დროით, დაახლოებით, 21 საათზე დაიწყო მორიგი იერიში ბაღდადზე. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ქალაქს აფეთქებები არყევდა, რაკეტები ვარდებოდა მთავრობის შენობებთან, რომლებიც ცეცხლში გაეხვია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსის" ბაღდადში მყოფი კორესპონდენტი იუწყება, მან საკუთარი თვალით ნახა ცეცხლმოდებული შენობები სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბაღდადში. ცეცხლის კერები ჩანს კადრებშიც, რომლებსაც ამერიკული ტელეკომპანიები აჩვენებენ. აშშ-მა ხუთშაბათს, დილაუთენია მიიტანა პირველი იერიში, როცა ბაღდადს სულ ცოტა 40 ფრთოსანი რაკეტა და 900-კილოგრამიანი რამდენიმე ბომბი დაუშინა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის განმარტებით, იერიშების სამიზნე იყო შენობები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ერაყის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, რამდენად წარმატებული გამოდგა ეს ოპერაცია. იუწყებიან ასევე, რომ ამერიკელი საზღვაო მედესანტეები ქუვეითიდან ერაყში შეიჭრნენ. ეს არის მოწინავე რაზმი, რომელსაც ფართო სახმელეთო იერიში მოჰყვება. აშშ-ის არმიის ეს შენაერთი მიეკუთვნება ქუვეითის ტერიტორიაზე, ერაყის საზღვართან თავმოყრილ 150 000 ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეს. საზღვაო მედესანტეების იერიშში ბრიტანელი სამხედროებიც მონაწილეობენ. მანამდე აშშ-ის არმიის მესამე სახმელეთო დივიზიის საარტილერიო შენაერთმა წამოიწყო დარტყმები სახმელეთო ობიექტებზე სამხრეთ ერაყში. მან ქუვეითიდან 100-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა სამხრეთი ერაყის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG