Accessibility links

რა საჭიროა გაერო?


დავით პაიჭაძე, თბილისი ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე და, მით უმეტეს, დაწყების შემდეგ გაძლიერდა სკეპტიკური დამოკიდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ. გაეროს უუნარობას, გადაწყვიტოს მწვავე პრობლემები,

გამოსავალი პოვოს რთული ვითარებიდან, ახლა უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე ოდესმე. გაეროს სისუსტეს აღიარებენ თავად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები და იქ აკრედიტებული დიპლომატები. ერაყში ომის შემდეგ რა ფუნქცია შეიძლება შერჩეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მსოფლიოში?

გაეროს სამომავლო როლისადმი ლამის ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ დღეებში თითქოს სავსებით ბუნებრივია. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებათა იგნორირებამდე ბევრი რჩებოდა, როცა სკეპტიციზმს ამ ორგანიზაციის საქმიანობისადმი არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი გამოხატავდა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა წიგნში "დიპლომატია" გაეროს სვეუბედური ერთა ლიგის მოგვიანო ინკარნაცია უწოდა.

სხვათა შორის, გაეროსადმი კრიტიკული მიმართება, ოღონდ, ცხადია, დიპლომატიური ფორმით, არაერთხელ გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმაც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ორგანიზაციის არაეფექტიანი საქმიანობის გამო. შევარდნაძე გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს ფუნქციათა ცვლილებაზე ლაპარაკობდა.

გაეროს სამომავლო ადგილისა და როლის შესახებ შეკითხვით მივმართე სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, შალვა ფიჩხაძეს. მისი აზრით, გაერო არც მომავალში შეწყვეტს არსებობას, რადგან მას, როგორც გლობალურ ფორუმს, შემცვლელი არ ჰყავს. [შალვა ფიჩხაძის ხმა]: "მაგრამ, რაც შეეხება ამ ორგანიზაციის ავტორიტეტს, მან კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იწვნია. ვერ ვხედავ, როგორ უნდა აღიდგინოს გაერომ ავტორიტეტი, რადგან საამისოდ მოქმედების სტილი უნდა შეცვალოს. მოქმედების სტილის შეცვლა კი გაუჭირდება იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ინტერესები ყოველთვის არ თანხვდება ერთმანეთს. როცა ჩნდება რეალური საფრთხე და კონსენსუსი მიუღწეველია, ქვეყნები თავად, გაეროს გარეშე, კისრულობენ პრობლემის გადაწყვეტას. და ეს გაგრძელდება მომავალშიც".

ამავე შეკითხვით მივმართე ნიუ-იორკის "ახალი სკოლის" უნივერსიტეტის მიწვეულ მკვლევარს, პოლიტოლოგ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ გაერო წარსულს არ ჩაბარდება. ოღონდ ზურაბ ჭიაბერაშვილის არგუმენტი რამდენადმე სხვა რიგისაა [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]: "თანამედროვე ამერიკის პოლიტიკას ერთი თვისება აქვს: როცა ჩანს, რომ სიტუაცია გამოუვალია (და ასეთი იყო ერაყში), ის ამწვავებს ვითარებას. მაგრამ არის პერიოდები, როცა ამერიკას სჭირდება მოპოვებული პოზიციების გამყარება. ამ შემთხვევაში გაერო ძალიან "დადებითი" და სასურველი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ მიღწეული პოზიციები სხვა საშუალებებით გამყარდეს. ამ საშუალებებში ვგულისხმობ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ დახმარებას, მათში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, დიდ საგანმანათლებლო პროგრამებს".

ამ ყველაფერს, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, აუცილებლად დასჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოს "გადაფორმატება", რაც მოხდება, მაგრამ არა ახლო მომავალში.
XS
SM
MD
LG