Accessibility links

logo-print

როგორ გამოეხმაურნენ საქართველოში ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო მთლიანად უჭერს მხარს აშშ-ის პოზიციას ერაყის საკითხებში.

მეტიც - ოფიციალური თბილისის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებულ შტატებს საქართველოს საჰაერო სივრცე დასჭირდება, საქართველო ანტიტერორისტულ კოალიციას ასეთ ნებართვას მისცემს.

20 მარტს თბილისის ქუჩებსა თუ დაწესებულებებში განხილვის ყველაზე ცხელ ახალ თემად ერაყში დაწყებული ომი იქცა. თბილისის მოსახლეობა, ზოგადად, ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - ერთნი ინტუიციურად შიშს გრძნობენ, ერაყთან საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე. მეორე ჯგუფისთვის ომი ერაყში, გარკვეულწილად, მხოლოდ სატელევიზიო შოუს შთაბეჭდილებას ტოვებს. 20 მარტს ასეთი ხუმრობაც კი გაისმოდა თბილისში, რომ შუაღამით, ჩემპიონთა ლიგის მატჩის დამთავრების შემდეგ, ფეხბურთის მოყვარულები ტელევიზიით ასეთივე აზარტით ადევნებდნენ თვალყურს ომის დაწყების კადრებს.
არადა, ომი მხოლოდ ეკრანზე არ მიმდინარეობს. ომი რეალობაა, რომლის ფონზეც საქართველოს, ერაყის სხვა მახლობელი ქვეყნების მსგავსად, ცხოვრება მოუხდება.
20 მარტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავისი 12 წლის წინანდელი შეცდომა მოინანია, როცა გაიხსენა, თუ როგორ ურჩია 1992 წელს ამერიკის ხელისუფლებას, არ დაეწყო ბაღდადის შტურმი. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "შეცდომა იყო. მაშინვე უნდა შესულიყვნენ და მაშინვე უნდა დასრულებულიყო ყველაფერი."

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ასევე დასრულების თემას შეეხო 20 მარტს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 20 მარტს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩვენ მართლა უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება მსოფლიოში. უნდა გვესმოდეს, რომ ერაყში პირველივე ბომბების ჩამოგდების შემდეგ წერტილი დაესვა იმ მსოფლიო მოწყობას, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ერაყის ომის შემდგომი მსოფლიო განსხვავებულია იმ სამყაროსგან, რომელშიც ვარსებობდით თუნდაც ერთი დღის წინ."
რამდენად მზად არის საქართველო ახალი ეპოქისთვის? - ამ საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თვმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის აზრს შემოგთავაზებთ. მანამდე კი მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ 20 მარტს პარლამენტში, კვორუმის არარსებობის გამო, კვლავ ვერ მოხერხდა რატიფიცირება ამერიკა-საქართველოს ხელშეკრულებისა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დღეს, როცა თურქეთმა უარი განუცხადა აშშ-ს თავისი სამეხდრო ბაზების გამოყენების უფლებაზე, ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
XS
SM
MD
LG