Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აირწინაღებისა და თავშესაფრების გარეშე სამოქალაქო თავდაცვისათვის მზადების ქართული მოდელი


საქართველოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამაში იგულისხმება ჯანდაცვისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებსა

და თბილისის მეტროპოლიტენში წარმოებული ინტენსიური მუშაობა იმის განსასაზღვრად, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო თავდაცვის რა ხერხებსა და საშუალებებს მიმართოს მოსახლეობამ. თუმცა, როგორც ჩანს, ამგვარი საშუალებები ძალზე მწირი და შეზღუდულია: ქიმიური და ბაქტერიოლოგიური თავდასხმისას ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძირითადად, ფანჯრების დაგმანვა და სახლში დარჩენაა რეკომენდებული.

როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოში მიიჩნევენ, სამოქალაქო თავდაცვის სწავლებისას რჩევებსა თუ პრაქტიკულ მეცადინეობებს საზოგადოებაში უკურეაქცია მოჰყვება. მეორე მხრივ, ამგვარი რამ არც იგეგმება, რაც ორი ძირითადი ფაქტორით უნდა აიხსნას: ერაყის ომის მსვლელობა საქართველოს ნაკლებად უქმნის საფრთხეს და ამ საფრთხეს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო სრულიად მოუმზადებელი ხვდება.
[თენგიზ შუბლაძის ხმა] "იმისათვის, რომ, დავუშვათ, ქიმიური ზემოქმედებისაგან თავი დავიცვათ, რეალურად არც ანტიდოტები არსებობს, არც სხვა საშუალებები. ამიტომ რა აზრი აქვს ამის ლაპარაკს? თუ ეს ქიმიური იარაღი იქნება, ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომ მოსახლეობა დარჩეს სახლებში და რაღაც ელემენტები ჰერმეტიზაციის - სკოჩით ფანჯრები და ასე შემდეგ, მოახერხოს. "[ სტილი დაცულია]
საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თენგიზ შუბლაძის თქმით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის გადასაიარაღებლად არაფერი გაკეთებულა. დღეისათვის ფიზიკურად სამოქალაქო თავდაცვის არსენალში, რეზერვის სახით, დაახლოებით, 2 მილიონ ნახევარი აირწინაღი არსებობს - თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა რაოდენობა ხარისხის ადეკვატური არ არის. აირწინაღები საბჭოთა კავშირის დროინდელია და, ამდენად, დღეს მათი ვარგისიანობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება თავშესაფრებს, უკანასკნელი ათი წლის ქაოსის შედეგად, მათი უმრავლესობა ან დანგრეულია და მწყობრიდან გამოსული, ან კანონდარღვევებით პრივატიზებული და მითვისებული. თუმცა, მეორე მხრივ, ის თავშესაფრები, რომელთა პროფილიც არ შეცვლილა და, იშვიათი გამონაკლისის სახით, ჯერ კიდევ არსებობს, ბირთვული და ქიმიური შემოტევისგან თავდაცვისთვის გათვალისწინებული არ არის. ერთადერთ სანუგეშო თავშესაფრად მოსახლეობას მეტროპოლიტენი მიაჩნია, თუმცა, როგორც ირკვევა, სრულიად უსაფუძვლოდ.
[თენგიზ შუბლაძის ხმა] "თავის დროზე, თქვენ თუ ხართ დაკვირვებული, სადაც ესკალატორი იწყება, იქ გათვალისწინებული იყო კარები, რომელიც იხურებოდა და შემდეგ ხდებოდა ჰერმეტიზაცია. დღეს ესენი, ფაქტობრივად, მოშლილია სუყველა. ამიტომ მეტროც, ხომ გეუბნებით, ესეც, გარკვეულწილად. გააჩნია, ხომ გეუბნებით, რა იარაღი იქნება გამოყენებული."[სტილი დაცულია]
მოსახლეობის იმედგაცრუებას აქამდეც უამრავი ფაქტი და მიზეზი განაპირობებდა, მაგრამ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის სრული კრახი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ზრუნავს საქართველოში ხალხზე სახელმწიფო.
XS
SM
MD
LG