Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ექსპერტები ერაყის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ


რა საკაცობრიო ცვლილებებს მოასწავებს ერაყის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და როგორ შეიძლება აისახოს ეს ცვლილებები საქართველოს რეალობაზე, რა მოაქვს განვითარებადი

ქვეყნებისთვის მათზე ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერებას, როგორ აისახა და აისახება ეს გავლენა ქართულ საზოგადოებაზე? ამ შეკითხვებზე საპასუხოდ ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს გაგაცნობთ.

საერთაშორისო საკითხებში ედუარდ შევარდნაძის მრჩევლის გელა ჩარკვიანის აზრით, ომი ერაყში, სავარაუდოდ, იმ სცენარის მიხედვით წარიმართება, რომელიც მინიმალურ მსხვერპლს ითვალისწინებს და, დაახლოებით, თვე-თვენახევარი გაგრძელდება. პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის ვერსიით კი, ომის ხანგრძლივობასა და მსხვერპლის რაოდენობას ერაყელი დიქტატორისადმი მისი საკუთარი არმიის ერთგულების ხარისხი განაპირობებს. რონდელის აზრით, თუ ჰუსეინი არმიაზე კონტროლს შეინარჩუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი მსხვერპლის ფასად მოუწევს დიქტატორის ჩამოგდება. ასე იქნება თუ ისე, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ, ამ ომის შედეგად, ბევრი რამ შეიცვლება, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება და, აი, რატომ:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "დედამიწაზე სტაბილურობა, საერთაშორისო წესრიგი მყარდება ან ძალთა წონასწორობის საშუალებით, ან კოლექტიური უსაფრთხოებით, რომელიც ვერა და ვერ შედგა. მცდელობები იყო. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა გაეროა, რომელიც ვერა და ვერ გახდა. დღეს ერთი პოლუსია. შეერთებული შტატები არის სუპერსახელმწიფო, ეგრეთ წოდებული ჰეგემონია და ის, ჰეგემონი, თავის წესრიგს ამყარებს. ეს არის ის ანა-ბანა, რითაც იწყება საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ შეერთებული შტატები არის დემოკრატიული სახელმწიფო. დღეს მსოფლიოში წესრიგს ეს ქვეყანა ამყარებს. ასე მოხდა, რომ ის არის უძლიერესი და დაამყარებს ისეთ წესრიგს, რომელიც მის იდეოლოგიას შეესატყვისება. ეს არის სტაბილურობა, მშვიდობა, თავისუფალი ვაჭრობა, დემოკრატიული განვითარება ქვეყნების." [სტილი დაცულია]

არის მოლოდინი, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი საქართველოს რეალობაზეც აისახება და რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერებას კავკასიის პრობლემებით მისი გაცილებით უფრო აქტიურად დაინტერესება მოჰყვება. ზუსტად ასევე ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტიც. მისი აზრით, საქართველოს ანტიერაყულ კოალიციაში შესვლა მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი მოკავშირე გადაუდგა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს. საქართველოს ანტიერაყულ კოალიციაში გაწევრიანებას ქართველი ექსპერტები ბოროტების მიმართ მკაფიოდ გამოხატულ ეთიკურ პოზიციად განიხილავენ. როგორც გელა ჩარკვიანი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, ასეთი პოზიცია, საბოლოოდ, ყოველთვის ამართლებს. საქართველოს პოზიციის მართებულობაზე საუბრობს ალექსანდრე რონდელიც. მისი პროგნოზით, ერაყის ომს საქართველოსთვის სასურველი შედეგები მოჰყვება.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "ეს ძალიან ბევრ ქვეყანაზე იმოქმედებს. იმიტომ არის დღეს ყევლას თვალი მიპყრობილი ერაყისკენ. ერაყი ერთ-ერთი ფოკუსია, ნერვიული კვანძია. იმიტომ იწყებენ ერაყით მსოფლიო წესრიგის დამყარებას. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, მაგრამ ძალთა თანაფარდობა შეიცვლება კავკასიაში, მე მგონი, ჩვენს სასარგებლოდ უფრო, ჩვენთვის სასურველი მიმართულებით."

სასურველ მიმართულებაში ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერება უნდა ვიგულისხმოთ, მათ შორის, ამერიკის კულტურული გავლენის გაძლიერებაც. გელა ჩარკვიანმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის კულტურული გავლენა საქართველოზე, და არამარტო მასზე, შემდეგნაირად ახსნა:

[გელა ჩარკვიანი] "სამუელ ჰანტინგტონი ძალიან კარგად ყოფს ამერიკული კულტურის გავლენას ორ ნაწილად. ერთს ეძახის magna mac-ს, მეორეს - magna charta-ს. magna mac ეს არის მაკდონალდი და ძალიან უბრალო კულტურა. magna charta-ში კი თავისუფლების ქარტიას გულისხმობს. მე მიმაჩნია, რომ magna charta, ის, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, ვიცავთ თავისუფლებებს ადამიანისას, ეს უკვე მივიღეთ და ამან შეცვალა ის, რაც ჩვენ გვქონდა - ტოტალიტარული სახელმწიფო, ეკონომიკა, რომელიც იყო მბრძანებლური, და ადამიანების სრული უუფლებობა. აი, კულტურის გავლენა ამერიკულიას და ევროპულის, თუ გნებავთ. ამან ქართულ ტრადიციულ კულტურაში არაფერი შეცვალა. ახლა შევხედოთ მეორე მხარეს. კი, ბატონო, მაკდონალდი შემოვიდა, ქართველები ვუყურებთ ჰოლივუდის ფილმებს, ვსვამთ კოკა-კოლას, მაგრამ ამან კი არ შეცვალა რამე, როგორც დემოკრატიამ შეცვალა მბრძანებლური სისტემა. ეს ყევლაფერი შემოვიდა ქართული კულტურის სივრცეში და დადგა სადღაც, როგორც ერთ-ერთი ელემენტი. "

magna charta ერაყში ომის გზით შედის. ამ ომისგან საქართველო სერიოზულ საერთაშორისო ცვლილებებს და რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებას ელის. თუმცა, ვნახოთ. რუსეთში არ გამორიცხავენ, მოცემულ რთულ მომენტში მოსკოვმა ვაშინგტონთან საერთო ენის გამონახვა სცადოს და ამით ყოფილ საბჭოთა სივრცეში ავტორიტეტის გაძლიერებას მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG