Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები ომის მოგებას საზოგადოებრივი აზრის ფრონტზეც?


შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პირველ გამარჯვებებს ზეიმობენ ერაყის წინააღმდეგ ომში. მაგრამ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ წარმატებას მოიპოვებს სხვა ბრძოლის ველზეც,

საზოგადოებრივი აზრის ფრონტზეც. ამ ომის მოგება ალბათ პირველზე უფრო ძნელი იქნება. მსოფლიო საზოგადოების ძირითადი ნაწილი აშკარად ეწინააღმდეგება ერაყის მიმართ ამერიკის პოლიტიკას: სადამ ჰუსეინის ჩამოგდებას გაეროს სანქციების გარეშე.

მსოფლიოში ბუშის მოწინააღმდეგეთა გამოსვლები არ წყდება, ვაშინგტონის პოლიტიკას აკრიტიკებენ ევროპის კავშირის, რუსეთის, ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერები.

ანტიამერიკული გამოსვლები განსაკუთრებით გამწვავდა პარასკევს. პროტესტების ტალღა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაზეც გავრცელდა. ჯაკარტაში დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: "ბუში მაიმუნია" და ომის საწინააღმდეგო სიმღერებს მღეროდნენ.

ომის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ხელჩართული ბრძოლები იმართება შეერთებულ შტატებში. საპროტესტო გამოსვლებმა სერიოზული მასშტატებები მიიღო გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მექსიკაში, ეგვიპტეში და მრავალ სხვა ქვეყანაში.

ხუთშაბათს კაბინეტის სხდომაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის კოალიცია იზრდება.

[ბუშის ხმა] "ჩვენს ძალისხმევას დღეისთის 40-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. ჩვენ მადლიერი ვართ მათი გადაწყვეტილებისთვის, ვაფასებთ მათ ხედვას, მივესალმებით მათ დახმარებას."

მაგრამ მიმომხილველები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ამერიკის ჯარებს ერაყში მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედროები უდგანან მხარში. დანარჩენთაგან კი ნაწილი, ასე ვთქვათ, "საიდუმლო მხარდამჭერია" - მათ არ სურთ გაამჟღავნონ, რომ უთანაგრძნობენ ვაშინგტონს.

ასეთი ვითარება სკეპტიკურად განაწყობს არა მხოლოდ ვაშინგტონის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მიმომხილველებს. შედარებისთვის: 1991 წლის ომში მთელი რიგი არაბული ქვეყნებიც კი სამხედრო დახმარებას უწევდნენ ამერიკელებს, არაფერი რომ ვთქვათ, იმაზე, რომ სამხედრო აქცია გაეროს მიერ იყო სანქცირებული.

ასეთი სკეპტიციზმით არის ნაწილობრივ განპირობებული ის, რომ ბუშის ადმინისტრაციის "პაბლიკ რილეიშენის" კამპანია დიდ წინააღმდეგობას აწყდება მთელ მსოფლიოში.

პოლიტიკოსები და მიმომხილველები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ამერიკელთა მთავარი მიზანი - სადამ ჰუსეინის რეჟიმის გამოცვლა - უკანონობაა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

სავარაუდოა, რომ სადამის ჩამოგდებას ამერიკელები მოახერხებენ. მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი ამასთან ერთად ადამიანთა გულების მოგებას.

როგორც იტალიელმა მიმომხილველმა მაურიციო მოლინარიმ განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჯეფრი დონოვანს, ვაშინგტონი განაწყენებული მსოფლიოს, განსაკუთრებით, ტრადიციული მოკავშირეების გულების კვლავ მოგებას შეძლებს, თუკი ომი სწრაფი და წარმატებული იქნება. მით უმეტეს, თუ სადამი შეცდომას დაუშვებს და მართლაც გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს. მაგრამ თუკი ომი ბაღდადის ალყაში გადაიზრდება და დიდ მსხვერპლს მოიტანს, ამან შეიძლება მძიმე დარტყა მიაყენოს ამერიკის იმიჯს.

გერმანელი ჟურნალისტის, ზიგფრიდ ბუშშლუტერის აზრით კი, ბუშმა იმის ილუზია მაინც უნდა შექმნას, რომ დასავლეთი ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა სურს ერაყის აღდგენის საქმეში, თუკი მას სურს გაბზარული ატლანტიკური ალიანსის კვლავ გამთელება.

დაბოლოს, ისიც უნდა დავძინოთ, რომ საზოგადოებრივ აზრზე დიდ გავლენას იქონიებს თავად ომის შედეგები. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა ხუთშაბათს, ომი იმისთვისაა მოწოდებული, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი გახადოს. აი, რას წერს ამის თაობაზე იტალიის გაზეთი "ლა რეპუბლიკა": "ომის შედეგი განიზომება არა უბადრუკი არმიის დამარცხებით, რაც ეჭვს არ ბადებს, არამედ იმ ადამიანების სიცოცხლით, რომელთა განთავისუფლებისთვისაც არის ეს ომი მოწოდებული. და ჩვენი ყველას სიცოცხლითაც, რომელსაც დღეიდან შეიძლება დაემუქროს გლობალური ტერორიზმი. მან შეიძლება დიდხანს არ დაიცადოს და შური იძიოსო".
XS
SM
MD
LG