Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომის გავლენა თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე


თურქეთი აყოვნებს შეერთებული შტატების ავიაციისთვის თავისი საჰაერო სივრცის გახსნას. ორ ქვეყანას შორის გრძელდება ამის თაობაზე მოლაპარაკებები. ხუთშაბათს თურქეთის პარლამენტმა მხარი

დაუჭირა ამერიკის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დათმობას ოღონდ იმ პირობით, რომ თვითმფრინავები არ დასხდებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია თურქეთის ჯარებს ერაყში შესვლის ნებას აძლევს.

ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო იერიშის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეთ ნეჯდეთ სეზერმა წუხილი გამოხატა კონფლიქტის გამო და გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ცალმხრივად მოქმედებს გაეროს მანდატის გარეშე.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, საქმის კურსში ჩააყენა თუ არა ვაშინგტონმა ანკარა ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

ამ და სხვა განცხადებებმა კიდევ უფრო გააძლიერა ერაყის გარშემო შექმნილი ვითარებით თურქეთის მოსახლეობის უკმაყოფილება. თურქებს ეშინიათ, რომ მათი ქვეყანა - რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო - გავლენას დაკარგავს, თუკი იგი მხოლოდ პასიური მაყურებლის როლში დარჩება. გარდა ამისა ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ზიანი მიადგეს ანკარასა და ვაშინგტონს შორის ტრადიციულ კარგ ურთიერთობებს.

ხუთშაბათს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი რეზოლციის პროექტისგან, რომელშიც მთავრობა ითხოვდა თურქეთის ტერიტორიაზე 62 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის განთავსებას. სამაგიეროდ ვაშინგტონი თავის ნატოელ მოკავშირეს 30 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას ჰპირდებოდა.

პირველი რეზოლუციის უარყოფამ დღის წესრიგიდან მოხსნა ფინანსური დახმარების საკითხი.

[ფლაიშერის ხმა]
"აქამდე განიხილებოდა თურქეთისთვის დახმარების აღმოჩენის პაკეტი, რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა თურქეთი სრულ თანამშრომლობას. ეს არ მოხდა, ამიტომ არც დახმარების პაკეტი დევს მაგიდაზე და არც იდება," ასეთი იყო თეთრი სახლის პრეს-მდივნის, არი ფლაიშერის განაჩენი.

თუ რამდენად მტკივნეულად აღიქვამს თურქეთის მთავრობა ამერიკასთან ურთიერთობების გართულებას, ჩანს იქიდანაც, რომ მეორე რეზოლუციისთვის ხმების მოპოვების კამპანიის დროს პრემიერ მინისტრმა ერდოანმა თქვა: "ჩათვალეთ, რომ რეზოლუციის საკითხი მთავრობისთვის ნდობის ვოტუმის საკითხის ტოლფასი არისო."

ანკარა იმედოვნებს, რომ ახალი რეზოლუციით დააკმაყოფილებს ვაშინგტონსაც და თურქეთის მოსახლეობასაც და თავს აარიდებს რომელიმესთან ურთიერთობების გამწვავებას. თუმცა კრიტიკოსები შიშობენ, რომ ორივე მხარე მაინც არ იქნება მიღწეულით ბოლომდე კმაყოფილი.
XS
SM
MD
LG