Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მყოფ ამერიკელ ინსტრუქტორებს სჯერათ, რომ ერაყში გაიმარჯვებენ


საქართველოს მოქალაქეების გარდა, ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს გულისყურით ადევნებენ თვალს საქართველოში მყოფი ამერიკელი სამხედრო ინსრუქტორები, რომლებიც "წვრთნისა და

აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მეორე ქართულ ქვედანაყოფს, საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონს, ამზადებენ. თანამებრძოლების მსგავსად, რომლებიც ერაყის განთავისუფლების წინა ხაზზე მოქმედებენ, საქართველოში მყოფი "საზღვაო ქვეითებიც" მზად არიან, სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ "ცხელ წერტილში" შეასრულონ საბრძოლო ამოცანა, და იმედოვნებენ, რომ მოკავშირეთა სამხედრო ოპერაცია წარმატებით დამთავრდება.

ერაყში საბრძოლო ოპერაციის დაწყების გამო, საქართველოში განლაგებული დიპლომატიური კორპუსისა და სასიცოცხლო ობიექტების გარდა, დაცვის განსაკუთრებული ზომები დაწესდა კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ შეგირდებს თანამედროვე საბრძოლო ოპერაციებისთვის ამზადებენ. ნაწილის ტერიტორიაზე შეზღუდულია გადაადგილება, მოწმდება ყველა სახის ტრანსპორტი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისათვის განკუთვნილი სამხედრო ნომრიანი სამსახურებრივი ავტომობილები. მიუხედავად საგანგებო წესებისა, თავად "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული საბრძოლო გეგმის თანახმად, შეუფერხებლად მიმდინარეობს. პარასკევს პროგრამაში ჩაბმული მე-16 სამთო ბატალიონის მებრძოლებს ამერიკელი "საზღვაო ქვეითები" მთელი დღის განმავლობაში საცეცხლე მომზადებაში ავარჯიშებდნენ. მე სწორედ პოლიგონზე დავურეკე ამერიკელი ინსტრუქტორების წარმომადგენელს საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, კაპიტან მარკ კარტელს და ვთხოვე, გაეზიარებინა თავისი და თავის თანამებრძოლთა აზრი ერაყში მიმდინარე ოპერაციის პირველი დღეების შესახებ. კაპიტან კარტერის თქმით, ამერიკელი ინსტრუქტორები მთელი დღის განმავლობაში ქართველ ჯარისკაცებს წვრთნიან და მხოლოდ საღამოს საათებში, თავისუფალ დროს, ადევნებენ თვალს ერაყიდან მოსულ ინფორმაციებს. კაპიტანმა კარტერმა მიპასუხა, რომ მათ, როგორც სამხედროებს, მხოლოდ ბრძანების შესრულება ევალებათ და არა საბრძოლო მოქმედებების შეფასება, მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ ოპერაცია ერაყში წარმატებით დასრულდება.

[მარკ კარტერის ხმა] "რა თქმა უნდა, წარმატების მჯერა, ახლაც და მომავალშიც. იქ, ერაყში, ხომ საუკეთესო ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან - "საზღვაო ქვეითები", სპეცდანიშნულების ძალები, მფრინავები, არტილერისტები და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება და რაც, საბოლოოდ, ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდება."

კაპიტან კარტერის თქმით, იგი ამაყობს იმით, რომ ზოგიერთი მისი თანამებრძოლი, ვისთან ერთადაც ადრე მსახურობდა, ამჟამად უშუალოდ მონაწილეობს ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. ადრე, სანამ კოალიციური ჯარები პოზიციებს დაიკავებდნენ ერაყის გარშემო, მათთან კონტაქტებიც ჰქონდა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების პირობებში ასეთი შესაძლებლობა უკვე გამოირიცხა. ასე რომ, მხოლოდ ფიქრებით არის მათთან და სჯერა მათი ვაჟკაცობისა.

[კაპიტან მარკ კარტერის ხმა] "ყველა საზღვაო ქვეითს და ამერიკელ ჯარისკაცს ვუსურვებ მალე გაეთავისუფლებინოთ ერაყი და მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ თავიანთ ოჯახებს."

კაპიტანი კარტერი არ გამორიცხავს, შემდგომში ისიც მოხვდეს საბრძოლო დავალებით ერაყში. თუმცა ეს ყველაფერი და შემდგომი კარიერაც, დიდწილად, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულებენ მისიას საქართველოში, რაც ამერიკელი ინსტრუქტორებისთვის არანაკლებ რთული და საპატიოა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG