Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეხვდა საქართველოს სამხედრო სისტემა ერაყის ომის პირველ დღეს


თავის დროზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და ავღანეთში "მდგრადი თავისუფლების" სახელწოდებით ცნობილი ანტიტერორისტული სამხედრო კამპანიის დაწყებას საქართველოს ხელისუფლება,

მხარდამჭერი პოლიტიკური მიმართვების გარდა, ყველასთვის მოულოდნელად, გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებით გამოეხმაურა. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა ერაყის გასათავისუფლებლად საომარი ოპერაციის დაწყების პირველსავე წუთებში. თუმცა ამჯერად საქართველოში განგაშის ზარებისთვის აღარ შემოუკრავთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, რამდენიმე თვეა, მთელი სამხედრო სისტემა ისედაც გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

საქართველოდან 500 კილომეტრით დაშორებული ერაყის დედაქალაქ ბაღდადზე განხორციელებულ პირველ საავიაციო დარტყმებს საქართველოს სამხედრო უწყების პირველი პირები საკუთარ სამუშაო კაბინეტებში შეხვდნენ. თუმცა, მოსახლეობაში ზედმეტი პანიკა რომ არ გამოეწვიათ, ამჯერად აღარავის უცდია სამხედრო დანაყოფების საბრძოლო განგაშით ფეხზე წამოყენება და მთელ შეიარაღებულ ძალებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც გაუცნობიერებელი საფრთხის პირობებში უფრო ხშირად უმართავ სიტუაციას ქმნიდა.

ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ ნაკლებად ხმაურიან ზომებს მიმართა და, როგორც თავდაცვის პირველ ეშელონში მყოფ უწყებას, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, უშიშროების სამინისტროსთან ერთად, სასაზღვრო საგუშაგოებისა და აეროპორტში სავიზო კონტროლის გაძლიერება დაავალა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ჯერჯერობით ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს გავრცელებულ აზრს, რომ ერაყში ომი ლტოლვილთა ნაკადის შემოსვლას საქართველოშიც გამოიწვევს. თუმცა შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კორნელი სალია არ უარყოფს, რომ ოპერატიული ვითარება, კვლავინდებურად, განსაკუთრებით რთული რჩება ჩრდილოეთ საზღვარზე.

[კორნელი სალიას ხმა] "ჰყავთ ამ ჩეჩენ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებში თავისი ემისრები, რომლებიც მათ ასწავლიან გარკვეულ გზას. ჩამოდიან ისინი საქართველოში და მერე ცდილობენ აქედან გასვლას. ეს ინფორმაციები გვაქვს. ამიტომ რჩება სულ მუდმივად ოპერატიული ვითარება დაძაბული."


ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი, თავდაცვის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელობა ბოლო წუთამდე დარწმუნებულია, რომ მოკავშირეებს აუცილებლად დასჭირდებათ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. როგორც დავით თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას უკვე მონიშნული აქვს ის "საჰაერო დერეფნები", რომელსაც მოკავშირეთა ავიაციას, საჭიროების შემთხვევაში, უანგაროდ დაუთმობს. ამასთან, 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის ოპერატიული სარდლობის შტაბში მეკავშირე ოფიცერს გაგზავნის.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "საუბარი არის იმაზე, რომ ტამპაში, ამერიკის სახმელეთო ძალების საკომანდო ცენტრში, თავს იყრის ჯგუფი ყველა პარტნიორი ქვეყნის მეკავშირე ოფიცრებისა, რომლებიც თავიანთ სამხედრო წარმომადგენლობებს პროფესიულად მიაწვდიან ინფორმაციას: ვთქვათ, გეგმებს ამ კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ანტიტერორისტულ ოპერაციაში, ან, ვთქვათ, პოსტერაყული კონფლიქტის მოწესრიგებაში და ასე შემდეგ."

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ შერჩეულია გაერთიანებულ შტაბში გასაგზავნი მეკავშირე ოფიცრის კანდიდატურა. რაც შეეხება პოსტერაყული მოწესრიგების პროცესში ქართული სამხედრო ქვედანაყოფის შესაძლო მონაწილეობას, რაზეც ხშირად ლაპარაკობს ქართული მასმედია, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრეროგატივაა და ეს საკითხი, ბეჟუაშვილის თქმით, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG