Accessibility links

logo-print

479-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 479-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა "მეათე სტუდიაში" გეპატიჟებით და ჯერ განვაგრძობთ საუბარს ერაყში მიმდინარე ომის სხვადასხვა ასპექტზე. გაგაცნობთ ექსპერტების, მათ შორის აღმოსავლეთმცოდნეების შეფასებებს: [გურამ ჩიქოვანის ხმა] "სადამ ჰუსეინს აქვს 50 სასახლე ერაყში. მაგრამ ამ სასახლეების უმრავლესობა განლაგებულია ისეთ არქეოლოგიურ ნაკრძალებში, რომელიც, თუ დაიბომბა მისი სასახლე, ამავე დროს განადგურდება და განადგურების საფრთხე შეექმნება არქეოლოგიურ სიძველეებს, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიო ცივილიზაციის კუთვნილებას" - ამბობს პროფესორი გურამ ჩიქოვანი, რომელიც ერაყში სამეცნიერო მივლინებით არის ნამყოფი. შემდეგ გიამბობთ მსოფლიოს უდიდეს საკომპიუტერო ბაზრობაზე და წარმოგიდგენთ "მეათე სტუდიის" დღევანდელ სტუმარს, გერმანიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველს - ნოდარ ახალკაცს.
პრაღაში გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]

ავღანეთში ნაომარი მებრძოლები და სამხედრო ექსპერტები ერაყში მიმდინარე ომის შესახებ
კობა ლიკლიკაძე, თბილისი

წამყვანი:
ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, დიდი მოთხოვნილება გაჩნდა იმ სამხედრო ექსპერტებზე, რომელთაც პროფესიული გამოცდილებიდან იციან, თუ რას წარმოადგენს ერაყის რეჟიმის ხელთ არსებული საბრძოლო არსენალი, ჰუსეინის არმიის საბრძოლო ტაქტიკა და რომელთაც შეუძლიათ, იწინასწარმტყველონ ის მრავალგვარი საფრთხე, რომელიც მეზობელ ქვეყნებს, და მათ შორის საქართველოსაც შეიძლება დაემუქროს. ასეთი ადამიანები საქართველოშიც არიან და მათ მოსაზრებებს კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.

კობა ლიკლიკაძე:
1991 წლის იანვარ-თებერვალში "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს, ერაყის წინააღმდეგ, ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხარეზე ბრძოლის სურვილი საქართველოდან მხოლოდ "საქართველოს მხედრიონის" წევრებმა გამოთქვეს. 12 წლის შემდეგ კი საქართველო თავად არის ანტიერაყული კოალიციის წევრი და მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების ფარგლებში ყოველმხრივ შეეწიოს მოკავშირეებს ერაყის განთავისუფლებისათვის ბრძოლას. რეგულარული სამხედრო ნაწილების გარდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერაყში საბრძოლველად მზად არიან, "საქართველოს ავღანელთა კავშირის " წევრები.

ეს პატრიოტული ორგანიზაცია, რომელიც 1991-93 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთს იცავდა, თავის დროზე ე.წ. "ინტერნაციონალური მისიით "ავღანეთში ნაომარმა ქართველმა ახალგაზრდებმა დააფუძნეს. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური 1978-79 წლებში ყანდაგარის სპეცდანიშნულების ნაწილის შემადგენლობაში იბრძოდა. მისი თქმით, საბჭოთა ჯარების მიმართ გააფთრებული ბრძოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოჯახედები ნაკლებად იყენებდენ ისლამურ ფაქტორს, რისი ალბათობაც ერთიორად იზრდება, სადამ ჰუსეინის შემთხვევაში, რომელიც მზად არის ახალი "საღვთო ომი" გამოუცხადოს კოალიციის ქვეყნებს. თუ რატომ, კახნიაური ასეთ განმარტებას იძლევა:

[ნუგზარ კახნიაურის ხმა] "მაშინ ავღანელების მხარეზე ომობდნენ ამერიკელებიც, იაპონელებიც და ყველა, ვინც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყვნენ. ქარავანი რომ აგვიღია და დაგვიხოცია, იქ იყვნენ ამერიკელებიც, ჩინელებიც და თითქმის ყველა, ინსტრუქტორებად. ჩვენთანაც იყვნენ ტაჯიკები და უზბეკები და ყველანი ერათ ვომობდით "დუშმანების" წინააღმდეგ. მაშინ არ თამაშობდა ისლამური ფაქტორი. ერთადერთი იყო, რომ წამდათ და როცა ავტობუსს გავაჩერებდით, ლოცულობდნენ და ხელიც რომ გვეკრა, საერთოდ ყურადღებას არ გავქცევდნენ. ეხლა, რეალობიდან გამომდინარე ეს მუსულმანური სამყარო უფრო გევრდით დაუდგება და ფარულად მაინც მხარს დაუჭერს ერაყს."

კიდევ ერთი მთავარი საფრთხე, ექსპერტების შეფასებით, თავად ერაყელი დიქტატორის ხელთ არსებული ბირთვული და ქიმიური იარაღია. ეს უკანასკნელი სადამ ჰუსეინის ბრძანებით, 12 წლის წინ ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ იქნა გამოიყენებული. ერაყის შეიარაღებული ძალების ასევე კუთვნილებაში რჩება 150 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი 100 ერთეული "ას -სამუდ- 2" და "სკადის"ტიპის რაკეტები.

თუმცა, ზოგიერთი ინფორმაციით, რასაც საქართველოს საჰაერო თავადცვითი ძალების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალ-მაიორი გიორგი კვინიკაძეც ეთანხმება, სადამ ჰუსეინს უნდა ჰქონდეს ქიმიური იარაღის უფრო შორ მანძილზე გადატანის საშუალებები, რაც, მისი აზრით, ერაყის მეზობლად მყოფ ქვეყნებს, და მათ შორის საქართველოსაც, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

[გიორგი კვინიკაძის ხმა] "მოლაპარაკება იყო, რომ გაუქმებულიყო ეს ათასზე მეტ კილომეტრზე მოქმედი იარაღი. ამისდა მიუხედავად, თუნდაც 500 კილომეტრზე სამიღწევადო საშუალებებიც რომ დარჩენილიყო, ჩვენამდე იქიდან არის, რომ ავიღოთ 560 კილომეტრი. მე ვთვლი, რომ ასეთი საშიშროება არსებობს."

ექსპერტების თქმით ასეთი საშიშროების არსებობის პირობებში, კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით დგება საქართველოს საჰაერო თავადცვის უზრუნველყოფის პრობლემა. გიორგი კვინიკაძის თქმით, დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს თავადცვის სამინისტრომ საჰაერო თვადაცვის S-125 ტიპის სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აღადგინა, რომელიც ეფექტური იქნებოდა ამგვარი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, როგორც კვინიკაძე აღნიშნავს:

[გიორგი კვინიკაძის ხმა] "მაგრამ დღესდღეობით, დღესდღეობით, ჩვენდა საუბედუროდ შემორჩენილი, თითქმის, აღარ არის ესეთი რაღაცა."

თუმცა, წელს საქართველოს ხელისუფლებას გათვალისწინებული აქვს რაკეტსაწინაააღმდეგო დივიზიონების აღდგენის დაწყება, მაგრამ თავადცვის უწყების არსებული ტემპით დაფინასების პირობებში - პირველი კვარტლის მონაცემებით უწყებას მიუღებელი აქვს კუთვნილი 2 მილიონი ლარი, - ამ პროგრამების ამოქმედება კვლავ საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მოკავშირეები სადამ ჰუსეინის რაკეტებს, საქართველოს საზღვრებამდე არ მოუშვებენ.

კობა ლიკლიკაძე რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

არსებობს თუ არა ერაყში სადამ ჰუსეინის ოპოზიცია?
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
ერაყში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი ერთი ორად გაიზარდა სამხედრო წრეებსა, თუ ფართო საზოგადოებაში. აღმოსავლეთმცოდნეების განსაკუთრებული ყურადღება კი ამ მეტად საინტერესო აღმოსავლური ქვეყნისადმი ყოველთვის არსებობდა თუნდაც იმ უძველესი უნიკალური კულტურების გამო, რაც საუკუნეების წინ ამ ტერიტორიაზე ვითარდებოდა. გამონაკლისი არ არიან არც ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები, რომელთაც ერაყელ მეცნიერებთან ხანგძლივი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებთ. მათგან ერთ-ერთს ესაუბრა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი თამარ ჩიქოვანი.

თამარ ჩიქოვანი

იხ. აუდიო ვერსია

როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი ომის შემდგომ?
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
ერაყში ომის შემდეგ არა მარტო ერაყს, მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს რთულ პრობლემებთან გამკლავება. ამ ომმა ჯერ კიდევ დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გამოიწვია როგორც საპროტესტო ტალღა, ისე ადამიანთა სწრაფვა, უფრო ღრმად ჩაწვდნენ პროცესებს და იფიქრონ, რა იქნება ამ ომის შემდეგ. პოლიტიკის ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მიიჩნევს იმ გარდამავალი ეპოქის დასასრულად, რომელიც 1989-90 წლებში დაიწყო და ერთმანეთისგან მიჯნავს "ცივი ომის" პერიოდის მსოფლიო წესრიგსა და კომუნიზმის რღვევის შემდეგ გამოცხადებულ ახალ მსოფლიო წესრიგს. ახალი წესრიგი, მომავალი საერთაშორისო სისტემა უამრავ კითხვას აღძრავს, რომელთა პასუხების ძიება ჰქმნის კიდეც სიტუაციას დღევანდელ პოლიტიკურ აზროვნებაში. რამდენიმე ასეთი საკითხი ჩვენს კოლეგასთან, დავით პაიჭაძესთან საუბრისას წამოჭრა ქართველმა მკვლევარმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის "ახალი სკოლის" უნივერსიტეტშია მიწვეული.

იხ. აუდიო ვერსია

[მუსიკა]
მსოფლიოს უდიდესი საკომპიუტერო ბაზრობა CeBIT-ი
ბიძინა რამიშვილი, პრაღა

წამყვანი:
ახლა ერაყთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას დავამთავრებთ და გერმანიას მივაშურებთ - იქ, ქალაქ ჰანოვერში ოთხშაბათს დასრულდა მსოფლიოს უდიდესი სამოკმპიუტერო ბაზრობა CeBIT-ი. როგორც მისი ორგანიზატორები იტყობინებიან, წელს დამთვალიერებელთა რაოდენობა ათი პროცენტით ნაკლები იყო. მიუხედავად ამისა წელს შარშანდელზე უფრო მეტი კონტრაქტი გაფორმდა ბაზრობაში მონაწილე ფირმებს შორის. CeBIT-ის შესახებ უფრო დაწვრილებით ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
სანამ წლევანდელ სიახლეებზე ვისაუბრებ, მინდა შეგახსენოთ, რომ CeBIT-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრობა, რომელზეც, ფაქტობრივად, შეიძლება იხილოთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც მომავალ თვეებსა და წლებში შემოვა ხმარებაში. ამდენად, ბაზრობა საინტერესოა არა მხოლოდ კომერსანტებისა თუ სპეციალისტებისთვის, არამედ, უბრალოდ, მომავლის ტექნოლოგიებით დაინტერესებული რიგითი ადამიანებისთვისაც.

ყველა სერიოზული ფირმა ცდილობს, ყოველ წელს წარმოადგინოს თავისი სიახლეები ქვემო საქსონიის დედაქალაქში. თუ გავითვალისწინებთ საკომპიუტერო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ძალზე სწრაფ ტემპებს, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ასეთი სიახლეები ყოველ წელს უხვად მოიპოვება ჰანოვერში.

წლევანდელ სიახლეთაგან მხოლოდ რამდენიმეს ვახსენებ. კომპიუტერს რომ ხმის ამოცნობა და ვერბალური ბრძანებების შესრულება შეუძლია, სიახლეს არ წარმოადგენს. წლევანდელმა ბაზრობამ ამ მიმართულებით განვითარების უზარმაზარი პოტენციალი წარმოაჩინა. მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების წყალობით ნელ-ნელა მნიშვნელობას დაკარგავს კლავიატურა. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა ზომის კლავიატურას, მაგალითად, მობილური ტელეფონისას.

"მერსედესის" მძღოლებს აღარ დასჭირდებათ სანავიგაციო სისტემაში ბრძანებების და კოორდინატების ხელით შეტანა. მძღოლი კომპიუტერს ხმით დაუსვამს მარშრუტის შესახებ შეკითხვებს. სატელეფონო წიგნეში ძებნა აღარ იქნება საჭირო. საკმარისია წარმოთქვათ სასურველი ადამიანის სახელი და გვარი და ელექტრონული მისამართების წიგნი ხმითვე გიპასუხებთ. თუ გნებავთ შეგაერთებთ კიდეც აბონენტთან.
ფირმა IBM-მა წლევანდელ CeBIT-ზე წარმოადგინა ახალი სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა ერთდროულ საუბარს. თარჯიმნის როლს კომპიუტერი ასრულებს.
ეს რაც შეეხება კომპიუტერის გამოყენებას ბგერის დასამუშავებლად. რაც შეეხება ვიზუალურ სფეროს, აქაც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში. მაგალითად, ე.წ. "გაფართოებული რეალობის" პრინციპზე მომუშავე სისტემები მანქანებისა თუ თვითმფრინავების შემკეთებელს საშუალებას აძლევენ სპეციალური სათვალის მეშვეობით დაინახონ ამა თუ იმ აგრეგატის შიდა სამყარო. მაგალითად, დახურული ძრავა. მაგრამ ტექნიკოსთა აღტაცებას სხვა რამე იწვევს. სისტემა რჩევებს გაძლევთ, რა დეფექტი როგორ გამოასწოროთ. მაგალითად, "8 ნიუტონ-მეტრის ძალით მოუჭირეთ ეს ოთხი ჭანჭიკი." თანაც სათვალე ისრები გაჩვენებთ, რა როგორ გააკეთოთ. ამ ტექნიკის გამოყენებით ნებისმიერ ოსტატს შეეძლება ურთულესი აგრეგატების შეკეთება.

ახალი ტექნოლოგია დიდ წარმატებებს ჰპირდება ქირურგებსაც. ფირმა "კისეტმა" CeBIT-ზე წარმოადგინა კომპიუტერული სისტემა, რომელიც ურთულესი ქირურგიული ოპერაციის სიმულირებას ახერხებს, რაც ძალზე დიდი დახმარებაა ექიმთა დახელოვნებისთვის.
ტექნიკა არც მის უდიდებულესობა ფეხბურთს ინდობს. ფირმა "ქაიროსმა" ჰანოვერში წარმოადგინა ახალი მახალი სიხშირის მიკროგადამცემი. იგი დამაგრდება ბურთში და ფეხბურთელების ფეხებზე. შემდეგ სპეციალურ მონიტორზე შესაძლებელი გახდება ნებისმიერი მოძრაობის რეგისტრირება: რა სისწრაფით, რა მიმართულებით, რამდენ ხანს თუ რა ძალით. მსაჯს ასეთი მონიტორი მაჯის საათზე შეიძლება ჰქონდეს დამაგრებული. ბავშვისთვისაც კი იოლი იქნება ნებისმიერი საეჭვო სიტუაციის განსჯა. გაიხარებენ მწვრთნელებიც. ისინი ზედმიწევნით გააკონტროლებენ ნებისმიერი ფეხბურთელის ნებისმიერ მოქმედებას. გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია მარტის ბოლოს იწყებს ამ სისტემის გამოცდას.

წამყვანი:
ბიძინა რამიშვილის მონათხრობს მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ფეხბურთზე საუბარი არ დაგვიმთავრებია.

[მუსიკა]

წამყვანი:
პროგრამის ბოლოს გთავაზობთ ინტერვიუს "მეათე სტუდიის" დღევანდელ სტუმართან - თუ ვინ არის ის, ან რა ვიგულისხმეთ, როცა დაგპირდით, რომ ფეხბურთზე საუბარი ჯერ არ დაგვიმთავრებია, დავით კაკაბაძისაგან შეიტყობთ.

იხ. აუდიო ვერსია

წამყვანი:
ნოდარ ახალკაცის ამ სურვილებს ჩვენც ვუერთდებით და, რახან ლაპარაკი მოახლოებულ მატჩებზე ჩამოვარდა, უნდა გითხრათ, რომ პრაღაში მცხოვრები ქართველები ახლა რაგბის მატჩზე საქომაგოდ ვემზადებით - ხვალ მივდივართ სტადიონზე, სადაც გაიმართება ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგი მატჩი ჩეხეთისა და საქართველოს რაგბის გუნდებს შორის. ახლა კი გემშვიდობებით. ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში!

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG