Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირების საპარლამენტო პერიპეტიები


21 მარტს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა დილიდანვე დაწყებულიყო საქართველო-ამერიკას შორის სამხედრო

თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა. თუმცა გასული სამი დღის უშედეგო მცდელობებისგან განსხვავებით, პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, შესაძლებელი გახდა როგორც კვორუმის შეგროვება, ისე ხელშეკრულების თემაზე დისკუსია და კენჭისყრა. პარასკევსვე ამერიკა-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულების რატიფიცირების თემას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი.

"ამერიკელი სამხედროები საქართველოში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან, - ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესისთვის რიჩარდ მაილსის მიერ მიცემულ კომენტარში. - საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურების განვითარებისათვის ამერიკა ყოველწლიურად 70 მილიონ დოლარს ხარჯავს. ეს პროცესი რომ გაგრძელდეს, ამისათვის იურიდიული ბაზა სწორედ საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას. ასე რომ, ქართველ პარლამენტართა გადასაწყვეტია, სჭირდება თუ არა საქართველოს ამერიკული დახმარება." რიჩარდ მაილსის ზემოხსენებული კომენტარი, შეიძლება ითქვას, ხელშეკრულების თემაზე ამერიკის მხარის მიერ გამოთქმული ერთადერთი და საკმაოდ კორექტული შენიშვნაა. შენიშვნა კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ საეჭვო წინააღმდეგობრივ ფონს, რომელიც საქართველოს პარლამენტში სწორედ ამ საკითხის გარშემო შეიქმნა: დეკლარაციის დონეზე საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულო პარტნიორობის მნიშვნელობას 235-ვე დეპუტატი აღიარებს, თვით აშკარად მოწინააღმდეგე ფრაქციების - "მრეწველებისა " და "აღორძინების" - წარმომადგენლებიც კი. სამხედრო ხელშეკრულების რატიფიცირების თემით ხანგრძლივი მანიპულირების ფაქტი კი მაინც არსებობს და მის კვალს, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სრულიად აშკარად, რუსეთისაკენ მივყავართ. 21 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა მანანა გიგინეიშვილმა მიუთითა, რომ ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ აჟიოტაჟში რუსეთის დუმა და საქართველოს პარლამენტი უნისონში მოქმედებდნენ - მისივე თქმით, რუსეთის დუმაში დევს ქართულ-ამერიკული სამხედრო ხელშეკრულების ასლი, რომლის განხილვასაც, სურვილის მიუხედავად, დუმაში ვერ იწყებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ამდენად ჩარევის უფლება არა აქვთ.
დებატებში, რომელიც 21 მარტს ხელშეკრულების რატიფიცირებას უძღვოდა წინ, ხელშეკრულების ოპონირებას, ძირითადად, ის მუხლები განაპირობებდა, რომელთა მიხედვით, შეერთებული შტატების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს და სხვა პირებს შეუძლიათ იარაღის ტარება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ექსკლუზიური უფლება კი ამერიკულ მხარეს ეძლევა.
[დემურ გიორხელიძის ხმა] "ვის წარმოუდგენია ამერიკელი სამხედრო, რომელიც ბეჭებზე გაიდებს ავტომატს და რუსთაველზე - თუ გნებავთ, სადმე სხვა ქუჩაში - ივლის და მარცხნივ და მარჯვნივ საქართველოს მოქალაქეებს სროლას დაუწყებს და დებოშს ატეხს."
დეპუტატ დემურ გიორხელიძის ოპტიმიზმზეც რომ არაფერი ვთქვათ, დოკუმენტში არის მუხლი, რომლის თანახმად, ამერიკელი სამხედრო პერსონალისათვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტის მინიჭების მიუხედავად, პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას, თანამშრომლობა კი ორი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვითა და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად განახორციელოს.
მიუხედავად იმისა, რომ რატიფიცირების მომხრეთა რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებდა მოწინააღმდეგეთა რიცხვს, დოკუმენტის რატიფიცირების მომავალი სასესიო კვირისთვის გადატანის ალბათობა მაინც არსებობდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ეგრეთ წოდებული სარეიტინგო კენჭისყრა უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე აქამდე არ მივიდა. 21 მარტს, დიდი ვნებათაღელვისა და გაჭიანურების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა, 138 ხმით, ბოლოს და ბოლოს, შეძლო ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირება.
XS
SM
MD
LG