Accessibility links

logo-print

საქართველო უწინდებურად მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს


საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ერაყის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს მას,

დაწყებული საჰაერო სივრცისა და დამთავრებული სამხედრო ბაზების დათმობით. ამის შესახებ განცხადება ედუარდ შევარდნაძემ 20 მარტს გააკეთა. ამავე დღეს მან მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის გაჭიანურების გამო, მაგრამ ამას პარლამენტართა განწყობაში რადიკალური ცვლილება არ შეუტანია. ხელშეკრულების რატიფიკაცია თუ ასე გაჭიანურდა, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა, საქმე რომ ამერიკელი სამხედროებისთვის სამხედრო ბაზების დათმობაზე მიმდგარიყო.

ორი დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყის საკითხში. ამ ქვეყნებს შორის საქართველოც არის. საქართველოს შესვლას ანტიერაყულ კოალიციაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებშიც და, მთლიანად, საზოგადოებაშიც. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და მის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. ედუარდ შევარდნაძის სახელზე ჯორჯ ბუშის მიერ გამოგზავნილი უკანასკნელი წერილის შესახებ ცნობილია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,საქართველოს მიერ დაკავებული მკაფიო პოზიციის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩ ლევან მიქელაძესთან სატელეფონო საუბრისას მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ გროსმანმაც. გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოს საელჩოში სისტემატურად რეკავენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, პრესის წარმომადგენლები და საქართველოს მიმართ უღრმეს მადლიერებას გამოხატავენ ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. ასე რეაგირებენ მოცემულ მომენტში საქართველოს მიერ დაკავებული პოზიციის გამო - პოზიციისა, რომელსაც საქართველოში მორალურს და ეთიკურს უწოდებენ. მეორე მხრივ, სერიოზულად დამაფიქრებელია პოზიცია, რომელიც პარლამენტმა ამერიკის შერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის გაჭიანურებით გამოავლინა. იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახელმწიფოს ფორმირებაში მიუძღვის, მას მორალურსა და ეთიკურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. რა შედეგი მოჰყვა პარლამენტში ამ ხელშეკრულების განხილვას, ჩემი კოლეგის, ნონა მჭედლიშვილის, მასალიდან შეიტყობთ. მე კი შეგახსენებთ, რომ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საჰაერო სივრცის ან სამხედრო ბაზების დათმობის თხოვნით მიმართავს, რაც ძალიან საეჭვოა, და ედუარდ შევარდნაძის მზადყოფნას, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს დიდ მოკავშირეს, პარლამენტის თანხმობა დასჭირდება, დიდი შანსია ამ თანხმობის მიღებაც იმ სცენარის მიხედვით წარიმართოს, როგორითაც ზემოხსენებული ხელშეკრულების რატიფიკაცია წარიმართა. თუმცა ამის საჭიროება რომ, ძნელად წარმოსადგენია, დადგეს, ამას შემდეგი გარემოება ადასტურებს: ჩემთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს სამხედრო აეროდრომებზე მძიმე წონიანი სამხედრო თავითმფრინავების მიღება თეორიულად დასაშვებია, მაგრამ ძნელი განსახორციელებელია პრაქტიკულად, იმდენად, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რასაც ერთი და ორი დღე არ ეყოფა. ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსმა სამხედროებმა ისეთ მდგომარეობაში დატოვეს, რომ მისი რესურსები სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს. სამხედრო თვითმფრინავების მიღებისთვის შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფად მარნეულის სამხედრო აეროდრომი უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მისი გამოყენებაც, ასევე, მხოლოდ გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG