Accessibility links

შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჯარები ბაღდადისკენ მიიწევენ


შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზე შევიდნენ ქუვეითიდან, პოზიციებს იმაგრებენ. მაშინ, როცა მათი ნაწილი ბაღდადისკენ მიიკვლევს გზას.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, ამერიკის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს რუმეილას ცნობილი ნავთობსაბადო. კოალიციის ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენკსმა, კატარში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ბასრას იმავე ტაქტიკით შეუტევენ, როგორითაც სამხრეთი ერაყის სხვა ქალაქებს. ანუ არ განახორციელებენ მასირებულ შეტევას.

ამერიკისა და ბრიტანეთის ჯარები აცხადებენ, რომ მთლიანად აკონტროლებენ სამხრეთი ერაყის მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ უმ ყასრის ნავსადგურს და ქალაქის სიღრმეში მიიწევენ. შაბათს ამ რეგიონში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. ბრიტანეთის ორი ვერტმფრენის შეტაკების შედეგად შვიდი სამხედრო დაიღუპა. გარდა ამისა ორი ამერიკელი მედესანტე დაიღუპა ბრძოლაში.

ჩვენი რადიოს სპეციალური კორესპონდენტი რონ სინოვიცი იმყოფება შეერთებული შტატების არმიის მე-3 ქვეით დივიზიასთან ერთად. ეს დივიზია იმ ნაწილებს შორის იყო, რომლებიც ქუვეითიდან პირველები შევიდნენ ერაყის ტერიტორიაზე. რონს ჩვენი გადაცემის წინ დავუკავშირდით ტელეფონით. როგორც მან გვითხრა, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხელში ჩაიგდეს სამხრეთი ერაყის ქალაქი ნასირია - მდინარე ევფრატზე გადასასვლელი საკვანძო მნიშვნელობის პუნქტი.

შეკითხვაზე, თუ რა სახის წინააღმდეგობას წააწყდნენ ამერიკელები, რონ სინოვიცმა გვიპასუხა:

[რონ სინოვიცის ხმა] "ერაყის ჯარები უიმედოდ ჩამორჩებოდნენ შეერთებული შტატების ჯარებს რიცხვით და შეიარაღების კლასით ბრძოლაში, რომელშიც ამერიკელებმა აიღეს თალილის სამხედრო-საჰაერო ბაზა და იქვე მდებარე ერაყის მე-11 დივიზიის შტაბბინა. მე-11 დივიზიის 60 პროცენტს შიიტები შეადგენენ. ამერიკელთაგან ბევრს ეგონა, რომ ისინი თავ-თავიანთ გარნიზონებში დარჩებოდნენ და ტანკების ლულებს უკუღმა შეატრიალებდნენ, როგორც ეს შეერთებული შტატების ჯარების მიერ ჩამოყრილ პროკლამაციებში იყო მოთხოვნილი.
"მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პროკლამაციები ბევრს არ ჰქონდა წაკითხული, ვინაიდან მათ ბრძოლა გამართეს. ერთი მხრივ, ბევრი განცვიფრებული იყო, კარზე მომდგარი ამერიკელი ჯარისკაცები რომ ნახა. ბრძოლის შემდეგ ზოგიერთმა ერაყელმა ტყვემ თქვა, რომ ისინი იძულებული იყვნენ, ებრძოლათ თავიანთი ოჯახის წევრების გადასარჩენად. ვინაიდან სადამ ჰუსეინის რეჟიმს ისინი მძევლებად ჰყავს აყვანილი."

აღმოჩნდა თუ არა რეგიონში რაიმე სახის ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი?

[რონ სინოვიცის ხმა] "პენტაგონმა ერაყს ბრალი დასდო, რომ იგი ამ ბაზას ქიმიური იარაღის შესანახად იყენებდა 1991 წლის ომში. გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუციის მიღებამდე გაეროს ინსპექტორებს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღს ეძებდნენ ერაყში, არასოდეს მოუნახულებიათ ეს ობიექტი. ახლა, ამერიკელი სპეციალისტები შეამოწმებენ ამ ტერიტორიას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერაყის სამხედრო ოფიცრები, რომლებიც შაბათს ჩაბარდნენ მოკავშირეთა ჯარებს, ამბობენ, რომ უახლოეს წარსულში იქ ქიმიური იარაღი არ ყოფილა შენახული."
XS
SM
MD
LG