Accessibility links

სავალუტო ფონდი თავის უკმაყოფილებას არ მალავს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისია თბილისს გასულ კვირაში ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ მისიის ხელმძღვანელის პაოლო ნეუჰაუსის საქართველოდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ

ფონდის დირექტორთა საბჭო "სიღარიბის დაძლევის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსების გამოყოფის საკითხს უახლოეს თვეებში არ განიხილავს, ემისრების სტუმრობას მაინც ახლავს გარკვეული ინტრიგა.

გასული წლის მიწურულს ნეუჰაუსის ბოლო ვიზიტის შემდეგ, საქართველოსა და ფონდს შორის ურთიერთობის მანძილზე პირველად, ემისრებს არაფერი უთქვამთ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ და წლევანდელი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები მთლიანად ადგილობრივ ხელისუფლებას მიანდვეს. ამდენად, სავალუტო ფონდს დღემდე თავისი ოფიციალური პოზიცია არ ჰქონდა დაფიქსირებული ბიუჯეტ -2003 -ის მიმართ, რაც დამატებით ინტრიგას მატებდა ბოლო ვიზიტს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისათვის გასული წლის ოქტომბერში დატოვებულ რეკომენდაციებს შორის იყო რამდენიმე პრინციპული მუხლი, რომლის შესრულება ხელისუფლებამ ვერ შეძლო. თუ ფონდთან ურთიერთობის წინა ეტაპებზე ეს ორგანიზაცია ხანდახან თვალს ხუჭავდა ზოგიერთი პროგრამული მაჩვენებლიდან გადახვევაზე, ამჯერად "თავის მოკატუნება" მეტისმეტად გაძნელდება.

შეუსრულებელ რჩევებს შორის, ტრადიციულად, ფიგურირებს ფისკალური სფერო, ენერგეტიკა და სტრუქტურული რეფორმები. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია სამ უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოსათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების ბედი. შეგახსენებთ, რომ, გასული წლის მემორანდუმით, ფონდმა "საქართველოს რკინიგზის", ფოთის პორტის და ს/ს "მადნეულის" საქმიანობის საერთაშორისო აუდიტი მოითხოვა. ტენდერი აუდიტორის გამოსავლენად 2002 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მთავრობამ მხოლოდ რამდენიმე სართაშორისო ავტორიტეტულ გამოცემაში ტენდერის შესახებ განზრახულობის გამოქვეყნება შეძლო, რაც დღემდე მხოლოდ ეფემერულ განზრახულობად რჩება.

თავის დროზე ფონდის მემორანდუმში ამ მოთხოვნის დაფიქსირებამ საზოგადოებაში ბევრი გაუგებრობა დაბადა. აქამდე ფონდი თავისი რეკომენდაციებით მაკროეკონომიკურ და სისტემური რეფორმების სფეროს არ გასცდენია და უეცრად სამი კონკრეტული საწარმოს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. ბევრმა ეს მოთხოვნა ქართული ფინანსური ჯგუფებისა და მათთან დაახლოებული სახელისუფლებო წრეების ირიბ შეკვეთად აღიქვა. ზემოთ აღნიშნული სამივე საწარმო იმ იშვიათ სახელმწიფო ორგანიზაციებს წარმოადგენს, რომლებიც უაღრესად მომგებიან ბიზნესს ეწევიან და, ბუნებრივია, მათი ხელში ჩაგდების სურვილი ასეთ ჯგუფებს კარგა ხანია აქვთ. ამ მოსაზრებას, შესაძლოა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც, როგორც წესი, თავად გამოდის კულუარული გარიგებების წინააღმდეგ, "ქართული კარის ინტრიგებში" ჩართულიყო.

მეორე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დიდ უხერხულობას ქმნის ფონდთან ურთიერთობაში, საბიუჯეტო პროცესია. ნეუჰაუსის დელიკატურ შენიშვნებშიც კი მკაფიოდ გამოსჭვიოდა სკეფსისის არცთუ მცირე დოზა 2003 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ამ სკეფსისს იანვარ-თებერვლის შედეგებიც აძლიერებს. მარტო წლის პირველ თვეს სახელმწიფო ბიუჯეტი 22 მლნ. ლარით გაირღვა და იანვრის თვის ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ნაწილში გაიცა. დამაიმედებელი არც თებერვლის შედეგებია, თუმცა მთავრობა მაინც ჩვეულ ოპტიმიზმს ინარჩეუნებს და აცხადებს, რომ, მართალია, იანვარი ობიექტური მიზეზების გამო ჩავარდა, მაგრამ დარჩენილ 11 თვეში შემოსავლების დინამიკურობა სტაბილური იქნება და ჩამორჩენა გადაიფარება.

ამ მოსაზრებას, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, არც სავალუტო ფონდი იზიარებს, რომელიც გაზრდილ და არარეალურ პარამეტრებზე მიგვითითებს. მაგალითად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმ 41 მილიონი ლარის საკითხი, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული და რომლის შემოსავალს მთავრობა ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზებიდან გეგმავდა. გარდა იმისა, რომ გენერაციის ობიექტების პრივატიზება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს დონორმა ქვეყნებმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ელემენტარულად, ამ ობიექტების გასხვისებას მთავრობა წელს ფიზიკურად ვერ მოასწრებს. ამასვე ადასტურებს ფონდიც. ამასთან, 41 მილიონი ლარი მეტისმეტად გაბერილი თანხაა თუნდაც ენერგოგენერაციისათვის. საგულისხმოა, რომ შარშან პრივატიზებიდან მხოლოდ 8 მილიონ 700 ათასის მობილიზება მოხერხდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ, დონორების მიერ უარყოფილი ობიექტების სანაცვლოდ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უკვე შედგენილი აქვს იმ საწარმოების ალტერნატიული სია, რომლებიც ენერგოგენერაციის სანაცვლოდ გაიყიდება. თუმცა მთავრობა არც ამ ობიექტების სიას აზუსტებს და არც მათი განკერძოებიდან მოსალოდნელ სავარაუდო თანხას.

სავალუტო ფონდის ვიზიტის მსვლელობისას ენერგეტიკა კვლავინდებურად მტკივნეული თემა გახლდათ. მისიის ხელმძღვანელს თავისი უკმაყოფილება არ დაუმალავს ელექტროენერგიის ტარიფის ხელოვნური გაიაფების გამო, რამაც იანვარში თანხების ამოღების მაჩვენებელი გააუარესა. ნეუჰაუსის განცხადებით, ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს ფონდი უარყოფითად აფასებს. "ელექტროენერგია არ არის უფასო საქონელი. მის გამომუშავებას გარკვეული დანახარჯები სჭირდება. მთავრობამ სუბსიდიები მიზნობრივად უნდა მიმართოს გარკვეული სოციალური პროგრამებისა თუ ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. სხვა შემთხევაში, ეს იქნება თანხების განიავება და იგი სერიოზულ ფისკალურ პრობლემებს გამოიწვევს," - აცხადებს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით გამოწვეული უკმაყოფილება ბევრმა ფონდის მხრიდან ამერიკული ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მხარდაჭერად აღიქვა, თუმცა დენის დღგ-საგან გათავისუფლების და ამის ხარჯზე ტარიფის ხელოვნურად და, ამასთან, სიმბოლურად გაიაფება ხაზინას, შესაძლოა, 30-40 მილიონ ლარად დაუჯდეს, ეს კი ისედაც გარღვეულ და ძნელად შესასრულებელ ბიუჯეტს კიდევ უფრო დაამძიმებს.

სავალუტო ფონდისაგან ზურგგაგამაგრებული სახელმწიფო მინისტრი ნეუჰაუსთან შეხვედრის შემდეგ ენერგოკრიზისის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე უფრო თამამად წარდგა. ავთანდილ ჯორბენაძე ელექტროენერგიის დღგ-საგან გათავისუფლების მოთხოვნას პოპულიზმს უწოდებს და ფიქრობს, რომ მთავრობა ზოგიერთი პოლიტიკოსის სოციალურ დემაგოგიას არ აჰყვება და ყველა ნაბიჯი, რასაც ის გადადგამს, ხალხისთვის სასარგებლო იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ, ასე ვთქვათ, "ხალხზე მზრუნველობა" ჩვენს ხელისუფლებას არაერთგზის დაუმტკიცებია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში ნამდვილად არის რეზონი.

რაც შეეხება თავად ფონდის განწყობას, აქამდე ვიზიტის დასაწყისში, ემისრები ზედმეტად ფრთხილები იყვნენ შეფასებისას, ამჯერად ნეუჰაუსს თავისი განწყობის შენიღბვა არც უცდია. მისიის ხელმძღვანელი პრეზიდენტს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და რეფორმების გატარებას საპარლამენტო არჩევნებამდე ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის ზედმეტად გართულება არ იქნება გამორიცხული.

ამჟამინდელი მისიის დასრულებისას სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო "ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის" დაფინანსებისა და 30 მლნ. აშშ დოლარის ტრანშის გამოყოფის საკითხს ჯერჯერობით არ განიხილავს. ნეუჰაუსი საქართველოს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე კიდევ ეწვევა.

თავად ფონდთან ურთიერთობის დაძაბვა ნამდვილად არ შედის ხელისუფლების ინტერესში, მით უფრო მაშინ, როდესაც პარიზის კლუბთან ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი მოსაგვარებელია და, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებას საფრთხე დაემუქრა, კრედიტორებთან მოლაპარაკება მეტისმეტად გაძნელდება.
XS
SM
MD
LG