Accessibility links

logo-print

გამოიყენებს თუ არა აშშ-ი საქართველოს საჰაერო სივრცეს ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების პერიოდში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ერაყში დაწყებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა დახმარებისთვის უკვე მიმართა აზერბაიჯანს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის საფარ აბიევის განცხადებით,

აზერბაიჯანი მზად არის ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცეს ანტიტერორისტული კოალიციის წევრებს. მიმართავს თუ არა მსგავსი თხოვნით საქართველოს აშშ-ი?

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველო მზად არის ანტიტერორისტულ კოალიციას დაუთმოს არა მხოლოდ ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება, არამედ სამხედრო ბაზებიც.
ჩვეულებრივ, უცხო სახელმწიფოსთვის საჰაერო სივრცის დათმობის გადაწყვეტილებას ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად სჭირდება პარლამენტის თანხმობა. თუმცა მას შემდეგ, რაც, ორკვირიანი გაჭიანურების მიუხედავად, 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის პარლამენტის თანხმობა საჭირო აღარ არის. ხელშეკრულება არა მხოლოდ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ამერიკელ სამხედროებს, არამედ უფლებას აძლევს ამერიკის საფრენ აპარატებს, ხომალდებსა და სატრანსპორტო საშუალებებს გადაკვეთონ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია, თავისუფლად გადაადგილდნენ მის ფარგლებში.
რამდენად რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დასჭირდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ერაყში საომარი ოპერაციის მიმდინარეობისას? როგორც ირკვევა, ეს შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია. როგორც 22 მარტს განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა, შეერთებული შტატები არ გამორიცხავს მარნეულის სამხედრო აეროდრომის გამოყენების შესაძლებლობას ერაყის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ამჟამად ამერიკული მხარე მარნეულის აეროდრომის შესაძლებლობებს აფასებს. თუმცა, რიჩარდ მაილსის თქმით, ვაშინგტონს საქართველოსთვის ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავს სამხედრო კომუნიკაციების გამოყენების თხოვნით.
ეს განცხადება ელჩმა მაილსმა გააკეთა მარნეულში, სადაც ნოურუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტი შევარდნაძე იყო ჩასული. როგორც ჩანს, ერაყის მოვლენების გამო, ინტერესი მუსლიმთა ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისადმი დიდად გაიზარდა - საქართველოს ხელისუფლებას მარნეულში თან ახლდნენ ამერიკის, თურქეთის, ირანის და რუმინეთის ელჩები საქართველოში. საინტერესოა მარნეულში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის დამოკიდებულებაც ერაყში მიმდინარე მოვლენების მიმართ: მთლიანობაში, მათ ესმით საქართველოს ხელისუფლებისა, რომელიც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, მაგრამ შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ბაღდადის დაბომბვას.
XS
SM
MD
LG