Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელს საგაზაფხულო კულტურული სეზონის


წელს საგაზაფხულო კულტურული სეზონის

ნაადრევ დადგომას სპეციალისტები განსხვავებულად ხსნიან. თეატრალური პრემიერების სიმრავლეს, მუსიკალური ცხოვრების მრავალფეროვნებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ, ე.ი. ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს დღეს განსაკუთრებით აწყობთ "მეცენატის" როლის თამაში. თუმცა სხვა აზრიც არსებობს: ოპტიმისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დღეს ახერხებს გამონახოს თანხა ცალკეული კულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად. ლაპარაკობენ "ფულის გათეთრების" სისტემაზეც, რომელშიც კულტურას ერთ-ერთი მთავარი ადგილი მიეკუთვნება. მაგრამ ხელოვნების მოყვარულებს, როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებთ, თუ ვინ და რატომ დაეხმარა ხელოვანს ან როგორია თავად მხატვრის დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. მთავარია, ქართული კულტურა როგორმე "დაიძრას ადგილიდან". მაგალითად, იმ ხალხს, ვინც "ცისფერ გალერეაში" თეიმურაზ გოცაძის პერსონალური გამოფენის სანახავად მოვიდა, ალბათ, ნაკლებად ახსოვდა, რომ თბილისის მთავარი საგამოფენო დარბაზის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ არჩევნებში მონაწილეობდა და მოქალაქეთა კავშირს უჭერდა მხარს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ გოცაძე, როგორც მხატვარი, "აპოლიტიკურია" და არ სურს სურათებში გამოხატოს, როგორც "მოქალაქეები" ამბობენ ხოლმე, "თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია". პირიქით, თეიმურაზ გოცაძე გამოფენაზე წარმოდგენილ სამასამდე სურათში კვლავაც არ ღალატობს "თხრობითი ფერწერის" სტილს - გვიამბობს მისთვის დამახასიათებელი მონუმენტური ფორმებით და "პროდუქტიული მხატვრის" იმიჯს კიდევ უფრო მეტად იმკვიდრებს. ყველაფერი დანარჩენი გემოვნების საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ფერწერული დახვეწილობისა და განზოგადების მოყვარულთ ეს ექსპოზიცია ვერ გაახარებს. აი, იმათ კი, ვინც ამტკიცებს, რომ მთელი თანამედროვე ხელოვნება "კიტჩია", კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, რომ თეიმურაზ გოცაძე "ნამდვილი თანამედროვე მხატვარია". ექსპოზიცია დააკმაყოფილებს სახვითი ხელოვნების ნიუანსებში გაუთვითცნობიერებელ მაყურებელსაც, ეგრეთ წოდებულ "უბრალო მაყურებელს", რომელსაც უყვარს, როცა სურათში ყველაფერი გასაგებია და მკაფიო.

კულტურული აფიშა მარტის ბოლოს მრავალფეროვანი გახდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფულს ყველა ადვილად შოულობს. ისევ თავის გასაჭირზე საუბრობს ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის ხელმძღვანელი ვახტანგ მაჭავარიანი. მან ამ კვირაში პრესკონფერენცია გამართა და მუსიკის მოყვარულებს აუწყა, რომ ივნისის დასაწყისში ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი რიჰარდ ვაგნერის "ტრისტან და იზოლდას" პრემიერა, რომელსაც სწორედ ვახტანგ მაჭავარიანი ამზადებს, შეიძლება ჩაიშალოს, რადგან ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო 25 000 ამერიკული დოლარი ჯერჯერობით არავინ გაიმეტა. არადა, მაჭავარიანის განცხადებით, ეს იქნება ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ევგენი მიქელაძის ასი წლის იუბილეს უნდა დაემთხვეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, აღიარებს თუ არა "ტრისტან და იზოლდას" დადგმას "მნიშვნელოვან მოვლენად" საქართველოს ხელისუფლება ან ის ხალხი, ვისაც ფული აქვს. არ არის შემთხვევითი, რომ ერთ-ერთმა ქართულმა ტელეკომპანიამ ამ პრესკონფერენციისადმი მიძღვნილ სიუჟეტში რიჰარდ ვაგნერი მოიხსენია როგორც "რიჩარდ ვაგნერი"... თუ ვახტანგ მაჭავარიანის პროექტის მნიშვნელობა ჟურნალისტებმა ვერ გაიაზრეს, რა გარანტიაა, რომ ვაგნერის ოპერის შესაძლებელი პრემიერა "ააბობოქრებს" იმას, ვისაც საკუთარი ფულის "გათეთრება" ეჩქარება.

თუმცა საქართველოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ არ არის გამორიცხული, "ტრისტან და იზოლდასაც" გამოუჩნდეს "ფულიანი პატრონი". მაგალითად, ამ დღეებში არაერთი ასეთი "პატრონი" გამოუჩნდა ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის პირველ საერთაშორისო კონკურსს, რომელიც 2003 წლის 1-8 მაისს თბილისის მუსიკალური კულტურის ცენტრში უნდა ჩატარდეს. სპონსორები გამოჩნდნენ, თუმცა კონკურსის მთავარი ორგანიზატორები არიან კულტურის გადარჩენის ფონდი და თბილისის მერიის კულტურის სამსახური, რომლის უფროსს, დავით ოქიტაშვილს, განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენიებს კონკურსის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, მუსიკოსი თამილა თაბაგარი. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ქალბატონმა თამილამ განაცხადა:

[თამილა თაბაგარის ხმა] "ოცნების დონეზე იყო: ამდენი ხარჯები, ასე უჭირს ქვეყანას და ბევრი ხელის შემშლელი პირობები... ეს ხომ ჯერ არ ყოფილა 10 და 17 წლის ბავშვებში. ეს არის პირველად... ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩვენ კულტურის სამსახურის უფროსთან, დავით ოქიტაშვილთან, ვთქვით, რომ ეს არის ჩვენი აუხდენელი ოცნება."

თამილა თაბაგარის თქმით, ასეთი კონკურსი (თანაც, საერთაშორისო), რომელშიც 10 -17 წლის ბავშვები იღებენ მონაწილეობას, იშვიათად ტარდება მსოფლიოში. ქართველ მუსიკოსებს, ნიჭიერ ბავშვებს, მათ მასწავლებლებს ეძლევათ შანსი კიდევ ერთხელ გამოიჩინონ თავი მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, რომ, პრობლემების მიუხედავად, საქართველოს მუსიკალურ სკოლებში სწავლა არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა. თამილა თაბაგარის თქმით:

[თამილა თაბაგარის ხმა] "რა გვაწუხებს და რა გვაწვალებს ჩვენ - საქართველოში "არანაკლები დონის" ბავშვები არიან, რომლებიც ვერ სცილდებიან საქართველოს ფარგლებს ასეთი შეჭირვებული ცხოვრების პირობებში... ჩვენ ვერც ვიფიქრებდით, რომ უკვე მსურველთა რაოდენობამ ასს მიაღწია."

ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პირველ მოსმენაზე, რომელიც ამას წინათ ჩატარდა, გაითვალისწინეს ქართული მუსიკალური გიმნაზიის (ყოფილი "ნიჭიერთა ათწლედის") დონე. კონკურსში დაუშვეს მხოლოდ ის ყმაწვილები, რომელთა შესაძლებლობები ამ დონეს მეტ-ნაკლებად უახლოვდება. საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ შორის, ცალკეული რეგიონების მუსიკალური სკოლების მოწაფეებს, ბოლოს და ბოლოს, მიეცათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. კონკურსის პირობები საკმაოდ მკაცრია უცხოელი შემსრულებლებისთვის - პიანისტთა კონკურსზე მათ აუცილებლად უნდა შეასრულონ ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები. კონკურსის ორგანიზატორთა თქმით, მსოფლიოს ცალკეული ქვეყნების მუსიკალურ სკოლებს ინტერნეტით დაეგზავნათ ქართული საბავშვო ნაწარმოებების ნოტები, - მათ შორის, ვაჟა აზარაშვილის, მერი დავითაშვილის, გურამ ბზვანელის, ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო პიესები, - რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პიანისტთა პირველი კონკურსი პროპაგანდას გაუწევს ეროვნულ მუსიკას, მით უმეტეს, რომ საბავშვო მუსიკას საქართველოში, მართლაც რომ, მდიდარი ტრადიციები აქვს. თავად კონკურსი ჩატარდება სამ ტურად. უკვე დაწესებულია სპეციალური პრიზები - მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, კომპოზიტორთა კავშირის, კულტურის სამინისტროს პრიზები, მაყურებლის სიმპათიის პრიზი, პრიზი "პატარა ვირტუოზი" და სხვ. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და, სამი ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად, მასში მონაწილეობას მიიღებენ 10-11, 12-13, 14-17 წლის ბავშვები. თამილა თაბაგარის თქმით, საერთაშორისო კონკურსზე ინტერნაციონალური ჟიური იმუშავებს, თუმცა კონკურსის ორგანიზატორი მათ გვარებს არ აკონკრეტებს:
[თამილა თაბაგარის ხმა] "ჟიური გვყავს ძალიან კარგი, თუმცა გვარებს ჯერ არ დავასახელებ... ჩვენ გვინდა აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს ეს კონკურსი... ისეთი, როგორიც არის ჩვენი კონკურსის გენერალური დირექტორი ლია ნიქაბაძე. არ არის არავითარი მიკერძოება, ჩვენ ვიცავთ ყველა ნორმას. მას არ გაჰყავს კონკურსში არც ერთი თავისი მოწაფე."

რადიო "თავისუფლების" კულტურულ ქრონიკებში არაერთხელ გვითქვამს, რომ ბოლო დროს სულ უფრო აშკარაა ნიჭიერი ბავშვებით "ქართველი შოუ-ბიზნესმენების" დაინტერესება. მაგრამ აქამდე საზოგადოება უფრო მეტად იცნობდა პოპ-კულტურაში "ჩართულ" გოგო-ბიჭებს, რომლებიც მღეროდნენ, ცეკვავდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოდიუმზეც გამოდიოდნენ, როგორც მოდელები. თბილისის პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, ფაქტობრივად, პირველი ღონისძიებაა, რომელიც გზას უხსნის მასკულტურისგან გამიჯნულ ნიჭიერ ბავშვებს. დაეხმარებიან თუ არა მათ "ფულიანი ბიძიები", გამოხატავენ თუ არა ისინი ასეთი ფორმით თავიანთ "მოქალაქეობრივ პოზიციას", ამას მაისის დასაწყისში შევიტყობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG