Accessibility links

logo-print

8 თებერვალს ასი წელი გავიდა კინორეჟისორ სიკო დოლიძის


8 თებერვალს ასი წელი გავიდა კინორეჟისორ სიკო დოლიძის

დაბადებიდან. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის იუბილე ცოტა ხნის წინ თბილისში, კინოთეატრ "ამირანში", აღინიშნა. ჩვენი დღევანდელი "ოქროს საუკუნეც" სწორედ ქართული კინოს ამ კლასიკოსს - სიკო დოლიძეს ეძღვნება.

ორი წლის წინ ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელმა მაყურებელმა პირველად იხილა სიკო დოლიძის ფილმი "უკანასკნელი ჯვაროსნები". ვისბადენის კინოფორუმის ორგანიზატორებმა 1934 წელს გადაღებული ქართული სურათი ჩართეს სპეციალურ რეტროსპექტივაში, რომელიც კავკასიის კონფლიქტებს მიეძღვნა. რეტროსპექტივის პარალელურად გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა - დასავლეთის ავტორიტეტულმა კულტუროლოგებმა, ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა - "უკანასკნელი ჯვაროსნები" შეაფასეს, როგორც "ფესტივალის სენსაცია", როგორც ფილმი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ეპოქას, კავკასიელ ხალხთა ზნე-ჩვეულებებს, ისტორიული დოკუმენტი, რომელიც კინოავანგარდისტთა ილუზიებსაც ასახავს, თავისებურ უტოპიას, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა ავანგარდისტი ამკვიდრებდა: "ტექნიკა, სამეცნიერო პროგრესი "იხსნის" სამყაროს, ბოლოს მოუღებს კულტურათა დაპირისპირებას, შეუწყნარებლობასა და ცრურწმენას".

ვისბადენის კინოფესტივალზე სიკო დოლიძის პირველი ფილმი "ზვავთა მხარეშიც" რომ ეჩვენებინათ, სიმპოზიუმის მონაწილეები, ალბათ, უკეთ შეაფასებდნენ მათთვის აქამდე უცნობი ქართველი კინემატოგრაფისტის შემოქმედებას. 1931 წელს გადაღებული ეს სურათი, მიუხედავად ცალკეული პროპაგანდისტული მოტივებისა, დღეს უაღრესად აქტუალურად აღიქმება - კულაკების წინამძღოლი აქ გლეხებს პურის ლუკმას ართმევს ვითომდა საეკლესიო რიტუალის ჩასატარებლად... ახალგაზრდები კომუნას ქმნიან - ტრაქტორები ჩამოაქვთ, კულტურის სასახლეს აშენებენ. პატრიარქალური ყოფა "ტექნიცისტური ყოფით" იცვლება. კულაკების წინამძღოლი ზვავის მსხვერპლი ხდება. იმარჯვებს ის, ვინც კარს უღებს ცივილიზაციას.

"უკანასკნელ ჯვაროსნებში" სწორედ ტექნიკა და სამეცნიერო პროგრესი "შეარიგებს" მოსისხლე მტრებს, მუსულმანებსა და ქრისტიანებს, ჩეჩნებსა და ხევსურებს. "ძმობა არა სისხლით ნათესაობის, არამედ ადამიანობის საფუძველზე" - 20-იანი წლების მსოფლიო კინოავანგარდის ეს ძირითადი პრინციპი საბჭოთა კინოში უკანასკნელად სწორედ სიკო დოლიძის "ჯვაროსნებში" წარმოჩნდება.

გავა წლები, სტალინის დიქტატურა წარსულს ჩაბარდება, სიკო დოლიძე გადაიღებს ფილმებს - "შეხვედრა წარსულთან", "სემირამიდას ბაღები", ე.ი. ისევ დაუბრუნდება კოლექტივიზაციის თემას. მაგრამ ამ სურათებს ავანგარდთან აღარაფერი ექნება საერთო. გარდა ამისა, საბჭოთა ინტერნაციონალიზმის საყოველთაო პროპაგანდა, სოცრეალიზმის აღიარება შემოქმედებით მეთოდად იმოქმედებს ქართული კინოს ისტორიკოსთა მოღვაწეობაზე. უსაშველოდ "იდეოლოგიზირებული" გახდება როგორც კომუნისტური რეჟიმის სამსახურში მყოფი კინოისტორიკოსების, ასევე ამ რეჟიმთან დაპირისპირებული მეცნიერების მოღვაწეობა. ამ დაპირისპირებას შეეწირება არაერთი ქართული ფილმი, მათ შორის - "უკანასკნელი ჯვაროსნები". ქართულ კინოში მოვლენ ახალი თაობის რეჟისორები, რომლებიც სიკო დოლიძის ფილმებზე იქილიკებენ, 70-იან წლებში კი მას კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადააყენებენ.

"მამათა" და "შვილთა" ასეთი დაპირისპირება ბუნებრივი პროცესია და მხოლოდ ხელს უწყობს ეროვნული კულტურის განვითარებას. თუმცა საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ "შვილებმა" "მამების" დამსახურებაც ადვილად დაივიწყეს. დღეს, მაგალითად, ბევრმა არც კი იცის, რომ სიკო დოლიძე 20-იანი წლების მიწურულს დოკუმენტური ფილმების სტუდიას ხელმძღვანელობდა და რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო მიხეილ კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთეს" გადაღება. ბევრმა არ იცის, რომ 40-იანი წლების დასაწყისში კრემლის იდეოლოგებმა კატეგორიული უარი უთხრეს სიკო დოლიძეს გადაეღო "გიორგი სააკაძე" ლეონიძის სცენარის მიხედვით და უპირატესობა მიანიჭეს ანა ანტონოვსკაიას სცენარს, რათა ფილმი სტალინის "ფავორიტ" მიხეილ ჭიაურელს გადაეღო. ბევრმა არ იცის, რომ ომის წლებში ცენზურამ შეაჩერა სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმის, "ჯურღაის ფარის", პრემიერა. როგორც სიკო დოლიძის ქალიშვილი, რეჟისორი ქეთი დოლიძე იგონებს:

[ქეთი დოლიძის ხმა] "როდესაც დიდი ხნის მერე ვნახე ეს ფილმი, გამაოგნა იმან, რომ ამ გაქანებული ომის პერიოდში, კომუნისტური რეჟიმის დროს, იმ ავბედით დროს, რამდენია ღმერთზე ლაპარაკი, რწმენაზე, ჩვენს მეფეებზე, წარსულზე... მერე ეს ფილმი თითქოს გაქრა, ეკრანებზე არ გამოსულა და 1948 წელს დედაჩემი, თამარ ბირკაძე... მამას ურეკავს და ეუბნება, "სიკო, რაღაც ხდება მოსკოვში, ყველგან გამოკრულია "ჯურღაის ფარის" აფიშები... ეტყობა, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს."

მოგვიანებით საბჭოთა კინოს მთავარი ცენზორის, 40-იან წლებში კინოკომიტეტის თავმჯდომარის იგორ ბოლშაკოვის მოადგილე გიორგი მარიამოვი გაიხსენებს, რომ 1948 წელს სტალინმა შემთხვევით გაიხსენა ომის დროს გადაღებული ეს ფილმი და ბერიას სურათის ჩვენება მოსთხოვა. "სტალინმა, - წერს მარიამოვი, - ყური მოჰკრა "აბესალომ და ეთერის" მუსიკას ამ ფილმში და დაინტერესდა, აღინიშნა თუ არა ეს სურათი სტალინური პრემიით... კრემლმა ბრძანება გასცა: დაუყოვნებლივ შეკრიბონ სტალინური პრემიების კომიტეტის წევრები... ხალხი სასწრაფოდ ჩამოიყვანეს მოსკოვში და სტალინური პრემიებით დააჯილდოვეს სურათის ავტორები, "ჯურღაის ფარში" გადაღებული ქართველი მომღერლები, მსახიობები."

ნათელია, რომ ომის დროს კრემლის ცენზორებმა ვერ გაბედეს მაყურებლისთვის ეჩვენებინათ ფილმი-კონცერტი, რომელსაც საფუძვლად ქართული ლეგენდა დაედო, რომელშიც მხოლოდ ქართველები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ისიც ნათელია, რომ სიცოცხლის ბოლოს სტალინს "სენტიმენტალური იმპულსები" მოაწვა და ქართულმა ცეკვა-თამაშმა გული აუჩუყა. თუმცა სიკო დოლიძე სტალინის საყვარელი რეჟისორი მაინც ვერ გახდა. არც "უკანასკნელი ჯვაროსნები", არც "დარიკო", რომელშიც გლეხის ქალის როლი თამარ ციციშვილს ერგო, არ "ეწერებოდა" 30-იანი წლების საბჭოთა კინოს ესთეტიკაში. სიკო დოლიძე ყოველთვის გულგრილი იყო ფსევდომონუმენტალიზმის მიმართ და უფრო მეტად ყოფის გამოხატვა, ჩვეულებრივი ადამიანების ისტორიები იზიდავდა. ასეთი იყო "ჭრიჭინა", ასეთი იყო "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "პალიასტომი".

იმხანად ქართული კრიტიკა "ახალი ტალღის" რეჟისორების ფილმებით იყო აღფრთოვანებული. ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ "მაგდანას ლურჯამ" ეროვნული კინოს ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი. ამის ფონზე სიკო დოლიძის კინო უსაშველოდ მოძველებულად აღიქმებოდა. "დოკუმენტალიზმის ბუმის" ეპოქაში ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს პროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, კრიტიკის ყურადღების მიღმა რჩებოდა. თუმცა, როგორც კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილი იგონებს, სიკო დოლიძეს კარგად ესმოდა, რომ ქართულ კულტურას ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაევლო:

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] "ბატონ სიკოს ჰქონდა სურათები, რომელიც არც მაყურებელს მოსწონდა, არც კრიტიკას, არც თვითონ. ალბათ, ამიტომაც არასდროს ღიზიანდებოდა, როცა აკრიტიკებდნენ. ის იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, როცა მისი "სემირამიდას ბაღები" თავდასხმას შეეწირა, მაგრამ არასდროს არ მახსოვს არც საყვედური, არც უკმაყოფილება, არც წყენა. თვითონ ამბობდა, "მე ყველაზე კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებო."

სიკო დოლიძის საიუბილეო საღამო სრული ანშლაგით ჩატარდა. თუმცა ქართველი კინორეჟისორების, განსაკუთრებით ახალგაზრდა რეჟისორების ნაკლებობა კინოთეატრ "ამირანში" მაინც იგრძნობოდა. ჩვენი კინემატოგრაფისტების ახალი თაობა, რომელიც ვერა და ვერ თავისუფლდება "თვითტკბობისგან", ნარცისიზმისგან და აგრესიულია კრიტიკის მიმართ, არ დაინტერესებულა ქართული კინოს კლასიკოსის შემოქმედებით, ადამიანით, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ფილმი - კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია და რომ, საერთოდ, კულტურის ძალა თანამოაზრეთა ერთობაშია. სიკო დოლიძის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სწორედ თანამოაზრეებმა მოიყარეს თავი. ამიტომაც გამოვიდა ბუნებრივი, ყალბი პათოსისაგან თავისუფალი ეს საღამო, რომლის შესახებ მე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ პროგრამაში "ოქროს საუკუნე".
XS
SM
MD
LG