Accessibility links

რამდენად იმოქმედებს ერაყის ომი აფხაზეთში ვითარების შეცვლაზე


დავით პაიჭაძე, თბილისი ერაყის ომის შემდეგ ამერიკა მოიცლის აფხაზეთისთვის - ალბათ, ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, როგორ ჟღერს ჯორჯ ბუშის ეს სიტყვები ინგლისურად, მაგრამ ფრაგმენტი ამერიკის შეერთებული

შტატების პრეზიდენტის წერილიდან საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ასე უთარგმნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. დღეს ასევე არ არსებობს ცხადი წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს "მოიცლის", მაგრამ სამხედრო ოპერაცია ერაყში აღძრავს ამ ომის მოსალოდნელ შედეგთან აფხაზეთში არსებული ვითარების დაკავშირების სურვილს. რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ბოლო ორი შეხვედრისას გაჩნდა და განიმარტა ტერმინი "სინქრონიზება", რომელიც გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც გულისხმობს.

გალის რაიონში დევნილთა დაბრუნება ის მიზანია, რომელსაც წლების მანძილზე ამაოდ ესწრაფვის საქართველოს ხელისუფლება. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრათა შემდეგ თითქოს გაჩნდა იმედი, რომ დევნილთა დაბრუნების პროცესი - სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ თუ პარალელურად - დაიწყება. ამ შემთხვევაში მეტ-ნაკლები სტაბილურობის გარანტია აფხაზეთში ისევ რუსეთის სამშვიდობო ძალები იქნება. მაგრამ, თუ ერაყში ომის დასრულების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, მართლაც, "მოიცალა" აფხაზეთისთვის, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში სერიოზული კონკურენტი გაუჩნდება? როგორ მოგვარდა ეს კონფლიქტი აქამდე რუსეთის წყალობით - ყველა ხედავს. ალბათობა, რომ დარეგულირების რეალურად მოსურნე და შემძლე ძალა მალე გამოჩნდება, ხომ არ წარმოადგენს სტიმულს რუსეთისათვის, გადადგას კონსტრუქციული, კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთში ვითარების გასაუმჯობესებლად, დევნილთა დასაბრუნებლად და ამით გადაირჩინოს და შეინარჩუნოს საერთაშორისო შუამავლის სტატუსი და რენომე? ამ კითხვით მივმართე აფხაზეთის თბილისში მოქმედი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ ნადარეიშვილს. ნადარეიშვილი ამ პერსპექტივას ეჭვით უყურებს და ამბობს, რომ სოჭში მონიშნული პრინციპები ხორცს არ შეისხამს. მშვიდობიანი გზით პრობლემები ყოველთვის რომ ვერ გვარდება, ამის ნიმუშად ნადარეიშვილს ერაყის კამპანია მიაჩნია. [ნადარეიშვილის ხმა]: "თუკი საქართველო შევიდა იმ კოალიციაში, მე მრჩება იმედი, რომ აშშ მოიცლის აფხაზეთისთვის, საქართველოსთვის. ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დაიწყება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამერიკამ და სხვა სახელმწიფოებმა უფრო მკაცრი განცხადებები რომ გააკეთონ, შეიძლება საქმე, აფხაზეთთან მიმართებაში, ძალის გამოყენებამდე არ მივიდეს".

სხვა მოსაზრება აქვს ამ საკითხზე პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომელიც პირდაპირ კავშირს ერაყში ომსა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას შორის ვერ ხედავს. პირიქით, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ამერიკასთან შეიძლება რუსეთს მეზობელი ქვეყნის დასჯისკენ უბიძგებდეს სწორედ აფხაზეთში ვითარების გართულების გზით. [ნოდიას ხმა]: "რუსეთმა საქართველოსთვის უფრო სასურველი პოზიცია რომ დაიკავოს აფხაზეთთან მიმართებაში - საამისოდ ორი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს: 1) დაახლოვდეს რუსეთისა და ამერიკის დამოკიდებულება ერაყში კონფლიქტის მიმართ, რისი ნიშნებიც ჯერჯერობით არ ჩანს; პირიქით, ერაყის ომის ფონზე გაუარესდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა. ან 2) რუსეთმა უნდა ჩათვალოს, რომ მისთვის საქართველო არის უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა და მას, რუსეთს, სჭირდება და აქვს შანსი, საქართველო უფრო დაიახლოოს, რუსული პოზიცია მისთვის უფრო სასარგებლო გახადოს. ამის პირობებიც არ ჩანს. ასე რომ, მაიცდამაინც ოპტიმისტურ დაკავშირებას ვერ ვახერხებ".

ვითარება ეგებ უფრო ცხადი ყოფილილიყო, თუ გვეცოდინებოდა, რა სიტყვა აღნიშნავდა ჯორჯ ბუშის წერილში "აფხაზეთისთვის მოცლას" და, ამდენად, ზუსტად რას დაპირდა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG