Accessibility links

logo-print

რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე ერაყში მიმდინარე მოვლენებმა


ჩვენს გადაცემაში უკვე გესაუბრეთ იმ გავლენაზე, რაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაზე ერაყის კონფლიქტმა იქონიოს. კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას, რადგან უკვე შეიმჩნევა სხვადასხვა

ძალების მცდელობა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ შექმნილი მდომარეობა. კერძოდ კი, მთავრობაში ენერგომატარებლების იმპორტზე საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხი განიხილება. საჭიროა თუ არა შეღავათები, რომ საქართველოს ეკონომიკამ ერაყის კრიზისის მავნე გავლენა თავიდან აიცილოს?

საქართველოს არასტაბილური ეკონომიკა ზედმეტად მგრძნობიარეა გარე ფაქტორებისა და კლიმატური პირობების მიმართაც კი. შეგახსენებთ, რომ 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დიდი გვალვა და რუსეთის საფინანსო კრიზისი დასახელდა. დაახლოებით, ასეთივე მდგომარეობაა ახლაც. მთავრობა ბიუჯეტს სანახევროდაც ვერ ასრულებს და, აქედან გამომდინარე, შედეგები შეიძლება ერაყის ომსაც გადააბრალოს. ამისთვის ნიადაგის მომზადება უკვე სცადა ბიუჯეტის შევსებაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

[ჯორბენაძის ხმა] „საკმაოდ სერიოზული იქნება გავლენა ეკონომიკაზე ერაყის ომისა, განსაკუთრებით, სათბობენერგომატარებლები მაქვს მხედველობაში. ფასების ცვლილება, გარკვეული ცვლილებები იმპორტ- ექსპორტის სტრუქტურაში საკმაოდ სოლიდური პრობლემა გახლავთ არამარტო საქართველოსთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვის."

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო მინისტრმა ენერგომატარებლების დაბეგვრის რეჟიმის შემსუბუქების პროექტის მომზადება ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა. პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის დავით სალარიძის განცხადებით:
[სალარიძის ხმა] „მე არ მგონია, ამ შეღავათების აუცილებლობა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც შეღავათიანი რეჟიმით შემოგვაქვს ნავთობპროდუქტები, დაწესებულია შეღავათიანი რეჟიმით აქციზი და ამის იქეთ რა შეღავათია საჭირო, მე არ ვიცი."



აქციზი 1 ტონა ბენზინის საწვავზე 100 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მისი სარეალიზაციო ფასი, დაახლოებით, 1200 ლარია. მიუხედავად ამისა, საქართველოში საწვავის უდიდესი ნაწილი კონტრაბანდული გზით, საბაჟოს გვერდის ავლით შემოდის. ექსპერტული შეფასებით საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 600 ათასი ტონა ბენზინის იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს. საგადასახადო სამსახურების მონაცემებით კი, მხოლოდ 200 ათასი ტონის განბაჟება ხორციელდება. ეს ციფრები კი იმაზე მეტყველებს, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება სულაც არ შეცვლის ბაზარზე ჩამოყალიბებულ სურათს, რადგან კონტრაბანდული ბიზნესი თავისი წესებით ცხოვრობს. შესაბამისად, ომის დაწყების პირველ დღეებშიც კი, იმისდა მიუხედავად, რომ ობიექტური მიზეზები არ არსებობს, ნავთობპროდუქტების ფასებმა მაინც მოიმატა. ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ფიქრობს, რომ ერაყის ომის მავნე გავლენის თავიდან ასაცილებლად საგადასახადო ცვლილებები სულაც არაა საჭირო:

[ლადო პაპავას ხმა] „გამოსავალი არის მხოლოდ ერთი. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის შედეგად უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე თუ რუსეთის შესაძლო კრიზისის შედეგების უარყოფითი ზეგავლენა საქართველოზე, ერთადერთი დამცავი მექანიზმი ქვეყნისათვის ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის არსებობა."

საქართველოს მთავრობის უუნარობა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სწორედ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამას უქმნის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG