Accessibility links

ჩეჩნეთის რეფერენდუმით გამოწვეული ოპტიმიზმი გადაჭარბებული ჩანს


ერაყის ომის ფონზე ყველა სხვა მოვლენა, მათ შორის ჩეჩნეთში გასულ კვირას ჩატარებული რეფერენდუმიც, ჩრდილში მოექცა. თუმცა, მის მნიშვნელობასა და მის მიმართ დასავლეთის ინტერესს ადასტურებს გამოხმაურება,

რომელიც წინ უსწრებდა და შემდეგ მოჰყვა რეფერენდუმის დღეს.

ობიექტურად თუ განვიხილავთ, რუსეთის ხელისუფლებისთვისაც კი, ჩეჩნეთის 23 მარტის რეფერენდუმის შედეგები, დიდად ოპტიმიზმის მომგვრელი არ უნდა იყოს. მითუმეტეს საკამათოდ უნდა ჩანდეს ის დასავლეთისთვის; ანუ - უფრო საკამათოდ, ვიდრე იმედისმომცემად. თუმცა, დასავლეთის რეაქცია, ყოველ შემთხვევაში, ჩეჩნეთის რეფერენდუმზე დღემდე გამოთქმული რეაქცია, საპირისპიროზე მეტყველებს.

საგულისხმოა, რომ რეფერენდუმის ჩატარებამდე მის მიმართ საერთაშორისო პროტესტი საკმაოდ ძლიერი იყო. მას ნაადრევად მიიჩნევდა როგორც ევროსაბჭო, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. მიუხედავად ამისა, ევროორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა რეფერენდუმზე დასასწრებად გაგზავნა ექსპერტთა მცირე ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით ანგარიშს გამოაქვეყნებს. ევროპის საბჭოს პოზიცია გაცილებით კატეგორიული იყო, მან გადაწყვიტა არ გაეგზავნა მეთვალყურეთა მისია ჩეჩნეთში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო მომხსენებელმა ჩეჩნეთის საკითხზე ლორდმა ჯადმა კი რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში გადადგომითაც კი დაიმუქრა. მისი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ხვალ, 26 მარტს გამოქვეყნდება.

პირველი, ვინც დასავლელ პოლიტიკოსთაგან ჩეჩნეთის რეფერენდუმის გამო ოპტიმიზმი გამოთქვა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენი იყო. მან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 24 მარტის სხდომაზე განაცხადა:

[ვილპენის ხმა]
"ვიმედოვნებთ, ჩეჩნეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმი იქნება პირველი ნაბიჯი კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგებისკენ, რაც ძალადობისა და ტერორიზმის ჯაჭვიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა".

ვილპენის შემდეგ ყველაზე ხმამაღლა ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიცია გაისმა. დიეგო დე ოხედამ ჯერ, პრაქტიკულად ვილპენის იდენტური რამ განაცხადა:

[ოხედას ხმა]
"ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი ჩეჩნეთში სიტუაციის პოლიტიკური გზით მოგვარების თვალსაზრისით, რასაც ჩეჩნეთის მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს".

შემდეგ კი დიეგო დე ოხედამ განმარტა ის, თუ რატომ არ დაესწრნენ დასავლელი მეთვალყურეები რეფერენდუმს:

[ოხედას ხმა]
"ქვეყნებში, რომლებსაც ევროორგანიზაცია "ფარავს", ევროკავშირი მეთვალყურეთა მისიებს არ გზავნის, თუმცა, ევროკავშირი გზავნის მეთვალყურეებს ეუთოს მისიებში მონაწილეობისთვის, ან სხვა გზით უწყობს ხელს მათ მუშაობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეუთომ გადაწყვიტა, რომ მეთვალყურეთა გაგზავნისთვის არ იყო უსაფრთხოების შესაფერისი პირობები".

ასეთი კომენტარის შემდეგ კიდევ უფრო დამაბნეველია ის დაიმედება, რომელსაც ოხედაცა და ვილპენიც, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პარალელურად გამოთქვამენ.

ნიშანდობლივია ერთი ფაქტიც: ჩეჩნეთის რეფერენდუმის შედეგების გამო გაოცება ვერ დამალა თავად რუსეთის პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად წარმატებაში დაუეჭვებლობისა რეფერენდუმის შედეგებმა რუსეთის ხელისუფლების ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა:

[პუტინის ხმა]
"მოსალოდნელი იყო, რომ რეფერენდუმის შედეგები დადებითი იქნებოდა, მაგრამ ციფრებმა ჩვენს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა".

23 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმურობაზე განცხადებას, სავარაუდოდ არა ევროკავშირი, არამედ ევროსაბჭო და ევროორგანიზაცია გააკეთებენ. თუმცა, დღემდე გამოხატული ერთგვაროვანი დადებითი პოზიციებიდან ჩანს, რომ დასავლეთი, პრინციპში, მხარს უჭერს მოსკოვს მშვიდობიანი ხერხებით მოაგვაროს ჩეჩნეთის საკითხი იმის და მიუხედავად, თუ რამდენად ლოგიკური, ან სამართლიანი იქნება ასეთი ხერხების გამოყენება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მშვიდობის მომტანი იქნება ის მომავალში.
XS
SM
MD
LG