Accessibility links

logo-print

25 მარტის უცხოეთის პრესაში, ისევე როგორც უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე


25 მარტის უცხოეთის პრესაში, ისევე როგორც უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე, ერაყის თემა დომინირებს. მიმომხილველები აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ საომარი მოქმედებები ისე არ მიმდინარეობს,

როგორც ეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას წარმოედგინა. ინგლის-ამერიკის ჯარები ერაყელთა დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. მეორე მხრივ, უკვე გამოჩნდა მომავალი ჰუმანიტარული კატასტროფის კონტურები. ჩვენი რადიომსმენელისთვის უთუოდ საინტერესო იქნება დასავლეთის მედიის აზრი ჩეჩნეთში გამართულ რეფერენდუმზეც.

როგორც 25 მარტის გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსი" წერს სარედაქციო წერილში, ორშაბათს ინგლის-ამერიკის ჯარებსა და ერაყის რესპუბლიკურ გვარდიას შორის შეტაკებები "ნათელი დასტურია იმისა, რომ არ გამართლდა თავდაპირველი იმედები, თითქოს ერაყის წინააღდმეგობა სწრაფად დაიშლებოდა..."

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ერაყის მთავრობა არასტაბილურია; რომ არმიის უდიდეს ნაწილს არ სურს ბრძოლა და რომ ერაყელი ხალხი ჟივილ-ხივილით მიესალმება ქვეყანაში შეჭრილ ჯარებს."

გაზეთი შენიშნავს აგრეთვე, რომ პრობლემას ართულებს მზარდი ჰუმანიტარული კატასტროფა, მაგალითად, ქალაქ ბასრაში, სადაც ხალხი უკვე სამი დღის მანძილზეა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე.

"მოკავშირეთა ჯარებს არ სურთ ქალაქში შესვლა სამოქალაქო პირთა მსხვერპლის ასაცილებლად... მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ მოკავშირეები ჰუმანიტარული კრიზისისთვის თავის გართმევას ქალაქში შეჭრის გარეშე."

სამშაბათის გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ ომი შეიძლება მოსალოდნელზე უფრო მეტი დაჯდეს. მაგრამ "ამ საფასურის გადახდა ღირს, თუკი მოკავშირეები მოახერხებენ რეჟიმის დამხობას... ომისშემდგომი ერაყის სტაბილიზაციის პრობლემები შემცირდება, თუკი შეერთებული შტატების ჯარები კვლავაც იმოქმედებენ როგორც განმათავისუფლები და არა როგორც დამპყრობლები", დაასკვნის სტატიის ავტორი.

"ვაშინგტონ პოსტის" 25 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია გადამდგარი სამხედრო ოფიცრის, რალფ პეტერსის სტატია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვაშინგტონის ე.წ. "შოკისა და შეძრწუნების" საბრძოლო თეორიას.

"ამ თეორიის ავტორებმა", წერს პეტერსი, "უგულებელყვეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის ბუნება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად იმყოფება შოკში და რამდენად შეძრწუნებულია ერაყის ხელმძვანელობა. დანებება არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება გამოსავალი სადამ ჰუსეინისა და მისი უახლოესი წრისთვის. ამ რეჟიმის ბუნებისა და მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამო მისთვის საკითხი ასე დგას: ან ყველაფერი, ან არაფერი."

გარდა ამისა, პეტერსის აზრით, ერაყის ელიტარული სამხედრო შენაერთების დანებების მოლოდინში მოკავშირეებმა დააგვიანეს ერაყის ჯარების წინააღმდეგ სერიოზული იერიშები. ამან კი ერაყელებს გამარჯვების იმედი შემატა. "მოწინააღმდეგის გაოგნებისა და შეძრწუნების საუკეთესო საშუალებად დღემდე რჩება მისი მოკვლა. იმას, ვინც პოლიტიკური მოსაზრებებით აწარმოებს ანტისეპტიკურ ომებს, ვურჩევ, საერთოდ არ დაიწყოს ომიო," დაასკვნის პეტერსი.

გაზეთი "ფაინენშლ ტაიმსი" მიიჩნევს, რომ მოკავშირეთა ჯარები დღესდღეობით ორი ძირითადი პრობლემის წინაშე დგანან. "ჯერ ერთი, ძნელია იმის გარჩევა, ვის სურს დანებება და ვის - ბრძოლა... მეორე მხრივ, ბაღდადისკენ სვლის მაღალი ტემპის გამო შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ზურგის ნაწილები დაუცველი აღმოჩნდება..."

ამასთან, ბუნდოვნად გამოიყურება ომის მომავალი ეტაპებიც. გაზეთის აზრით, "რაც უნდა სძულდეთ რიგით ერაყელებს სადამ ჰუსეინი, არ არს ნათელი, უხარიათ თუ არა მათ ქვეყანში უცხო ჯარის შეჰჭრა. კიდევ უფრო გაურკვეველია, რა რეაქცია ექნებათ მათ ქვეყნის ოკუპაციაზე."

ერაყის ომმა აშკარად ჩრდილში მოაქცია მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენები, მაგრამ კვირას ჩეჩნეთში გამართულ რეფერენდუმს მსოფლიოს არაერთი წამყვანი გამოცემა გამოეხმაურა. დღეს მხოლოდ ერთს გაგაცნობთ.

გერმანიის "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის" აზრით, ძნელად დასაჯერებელია, რომ რეფერენდუმი ჩეჩნეთში მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს, როგორც ამას მოსკოვი წარმოგვიდგენს. გაზეთი ეჭვქვეშ აყენებს კენჭისყრის "საბჭოურ სტატისტიკას": ოფიციალური მონაცემებით რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველებმა ამომომრჩეველთა 95 პროცენტი შეადგინეს.

უფრო მეტიც, გაზეთის აზრით, "საერთოდ საკითხავია, რად ღირს რეფერენდუმი ოკუპირებულ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქი ნანგრევებადაა ქცეული?... ამ რეფერენდუმის შედეგები აშკარად არ ასახავს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს", დაასკვნის "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი".
XS
SM
MD
LG