Accessibility links

logo-print

გაამართლებს თუ არა რამსფელდის ახალი სამხედრო სტრატეგია?


შეერთებული შტატების ხელისუფლება იმედიანადაა განწყობილი მიუხედავად პირველი დღეების მზარდი უბედური შემთხვევებისა და წარუმატებლობებისა ერაყის ომში. მოკავშირეთა ჯარებმა შეტევის

დაწყებიდანვე იერიშები განახორციელეს ერაყის ხელმძღვანელობის საკვანძო მნიშვნელობის ობიექტებზე, პირველ რიგში ბაღდადში. ამ ტაქტიკისა და მანამდე, რამდენიმე კვირის მანძილზე, წარმოებული ფსიქოლოგიური ომის მიზანია, მორალურად გატეხოს ერაყის არმია და აიძულოს იგი, დანებდეს.

მაგრამ სწრაფი და "სუფთად" წარმოებული ომის თაობაზე ლაპარაკი ნაადრევი აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა კვირას. მოკავშირეებმა პირველად განიცადეს დიდი დანაკარგი, როცა უბედურ შემთხვევებს დაერთო ერაყელთა გააფთრებული წინააღმდეგობა. შეიძლება თუ არა იმაზე ლაპარაკი, რომ ვაშინგტონელმა სტრატეგებმა შეცდომა დაუშვეს?

ეს სტრატეგია მიზნად ისახავს ერაყის რეჟიმის განადგურებას სამოქალაქო მოსახლეობაში მინიმალური დანაკარგით და იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ომისშემდგომ ადგენით პერიოდში.

სტრატეგიას, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის პირმშოდ ითვლება, ვაშინგტონში "რევოლუციურს" უწოდებენ. იგი ემყარება ბრძოლის ველზე "ახლებურ აზროვნებას" და წარმოადგენს მაღალი ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიური ომისა და ტრადიციული საბრძოლო მოქმედებების კომბინაციას.

როგორც პოლონეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად ვაინგტონის ერთ-ერთი მოწინავე ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელმა, რადეკ სიკორსკიმ უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჯეფრი დონოვანს, ამერიკის ახალი სამხედრო სტრატეგია პრინციპულად განსხვავდება სპარსეთის ყურეში პირველი ომისგან, რომელშიც მთავარი აქცენტი პირველ დღეებში მასირებულ დაბომბვაზე გაკეთდა.

ახალ ომში რამსფელდი დაუპირისპირდა ამერიკის სამხედროებს, რომლებიც ბრძოლაში გაცილებით მეტი სახმელეთო ჯარების გაგზავნას ითხოვდნენ. მაგალითად, რამსფელდის კონცეფცია პრინციპულად ეწინააღმდეგება ე.წ. "პაუელის დოქტრინას", რომლის ავტორია შეერთებული შტატების დღევანდელი სახელმწიფო მდივანი. ამ უკანასკნელის თანახმად, ამერიკა არასოდეს უნდა ჩაებას ომში შეარაღებული ძალების საგრძნობი უპირატესობის გარეშე. აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს რამსფელდის კონცეფციის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო-ანალიტიკური გამოცემა "ჯეინს დიფენს უიკლის" დამაარსებელმა რობერტ ჰაჩინსონმა:

[ჰაჩინსონის ხმა] "ჩემის აზრით, თავდაცვის მინისტრს უფრო სჯერა მსუბუქად შეიარაღებული ძალებისა; უფრო ქირურგიული დარტყმებისა, ვიდრე მძიმე ტექნიკის გამოყენებისა ფართო ფრონტზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ყოველივე ამის უკან დგას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სურვილი, ერაყელებს დრო მისცენ საიმისოდ, რომ თავად ჩამოაგდონ სადამ ჰუსეინი, და არა კოალიციის ჯარებმა გააკეთონ ეს იარაღის გამოყენებით."

მაგრამ ჯერჯერობით ერაყის ჯარები არ ნებდებიან მასობრივად. ამის გამო კოალიციის ჯარებს უფრო ხანგრძლივ და რთულ ბრძოლებში მონაწილეობა მოუხდებათ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, ბასრა და ნასირია.

თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ანალიტიკოსების აზრით, მოკავშირეები კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. ვინაიდან ბაღდადისკენ მიმავალი მათი მეწინავე ჯარები ფაქტობრივად მხოლოდ ქუვეითიდან მარაგდებიან ერთადერთი გრძელი მარშრუტის მეშვეობით, ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის მოკავშირეები იძულებული გახდებიან ამ მარშრუტზე არსებული ობიექტები უფრო ინტენსიურად და ფართო მასშტაბით დაბომბონ. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უკვე ატეხა განგაში მოახლოებული სხვა ტიპის ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. მოკავშირეთა იერიშების შედეგად ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი ბასრა სასმელი წყლის გარეშე აღმოჩნდა.

მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. წინ არის მთავარი სამიზნე - ბაღდადი. თუ გავითვალისწინებთ ქალაქის გარშემო ერაყის რესპუბლიკური არმიის მიერ უკვე გაწეულ წინააღმდეგობას, ბაღდადისთვის ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი და სისხლიანი აღმოჩნდეს. ანუ ომი, შესაძლოა, არ დაემორჩილოს რამსფელდის სტრატეგიულ ჩანაფიქრს და სრულიად სხვა სცენარით განვითარდეს.

თუმცა ჯერ მაინც ნაადრევია საუბარი იმაზე, მცდარი აღმოჩნდა თუ არა ვაშინგტონის ახალი "რევოლუციური სტრატეგია". როგორც ჩანს, ომი ჯერ მხოლოდ დებიუტის სტადიაშია.
XS
SM
MD
LG