Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯავახეთში ქართველები ეროვნულ უმცირესობას შეადგენენ. მათი უფლებები ისევეა დაცული, როგორც


ჯავახეთში ქართველები ეროვნულ უმცირესობას შეადგენენ. მათი უფლებები ისევეა დაცული, როგორც ეროვნული უმცირესობების უფლებები მთელ საქართველოში. თბილისის თეატრისა და კინოს

უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი გოგი დოლიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ამ უძველეს მხარეში ეროვნული კულტურის პროპაგანდაზე არავინ ზრუნავს. თუმცა ბატონი გოგი დილიძე დამნაშევათა მხილებას არ აპირებს - იგი თავად ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. პროექტი, რომელიც გოგი დოლიძემ და საქართველოს სახალხო არტისტმა ზინა კვერენჩხილაძემ განახორციელეს, უნიკალურია დღევანდელ საქართველოში.

29 მარტს ახალქალაქს თბილისელ ხელოვანთა დიდი დელეგაცია ეწვევა. მაგრამ ეს არ იქნება ერთჯერადი, ეგრეთ წოდებული "გასვლითი ღონისძიება", რომელსაც თბილისელები სამცხე-ჯავახეთში აწყობენ ხოლმე. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ახლა უკვე "უნივერსიტეტის" პრორექტორის გოგი დოლიძის ინიციატივით, განხორციელდება, შეიძლება ითქვას, "ჰუმანიტარული პროექტი", რომელიც საქართველოს ამ სასაზღვრო რაიონში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას ითვალისწინებს. არსებითად, პროექტი ნაწილობრივ უკვე განხორციელდა. 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ახალქალაქს ეწვივნენ გოგი დოლიძე და საქართველოს სახალხო არტისტი ზინა კვერენჩხილაძე, რომლებიც სერიოზულად არიან შეშფოთებულები ჯავახეთში ქართული უმცირესობის ყოფა-ცხოვრებით, განსაკუთრებით -ბავშვების ბედით. გოგი დოლიძის თქმით:

[გოგი დოლიძის ხმა] "ამ რაიონში ქართული გაზეთი არ გამოდის, რადიო არ მუშაობს, ეს ბავშვი სკოლიდან როცა გამოვა, იძულებულია, რომ სხვა ენაზე ილაპარაკოს. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ "რეზონანსში" წავიკითხე სკოლის დირექტორის წერილი: ხუთი ბავშვი მყავს სკოლაშიო და ხუთი დედაენა არ მაღირსა განათლების სამინისტრომო."

გოგი დოლიძისა და ზინა კვერენჩხილაძის ძალისხმევით, ახალქალაქელ ბავშვებს არა მარტო დედაენა, არამედ ათასამდე დასახელების წიგნი შეუგროვეს. პროექტში ჩართეს: ჭაბუა ამირეჯიბი, ნინო გურიელი, გოგი თოთიბაძე, ცისანა ტატიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი და სხვები. თუმცა ახალქალაქში ჩასვლაზე ზოგიერთმა ქართველმა ხელოვანმა უარი განაცხადა. გოგი დოლიძის თქმით, თბილისში, უბრალოდ, არ ესმით, რა ხდება რეალურად სამცხე-ჯავახეთში.

[გოგი დოლიძის ხმა]: "ეს არის სულ სხვა სახელმწიფო. ნუთუ ჩვენს მთავრობას იმის თავი არა აქვს, რომ ის მაინც დააკანონოს, რომ იქ სხვა სახელმწიფოს ფული არ იყოს? მთელი დღე ამით ვარ დაკავებული. შეიძლება ისე გამიგონ, გამოთაყვანდაო, მაგრამ ერთხელ რომ მაინც ნახო ეს ბავშვები, იმათ ვერ მოშორდები."

პირველ ეტაპზე გოგი დოლიძემ და ზინა კვერენჩხილაძემ 75 ბავშვთან დაიწყეს მუშაობა. როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, "ლექსის მთქმელთა" რიცხვი ახალქალაქში განუწყვეტლივ იზრდება. თუმცა ახალგაზრდა თაობამ, ფაქტობრივად, არ იცის რა არის ქართული ფილმი და როგორია ქართული სპექტაკლი. გოგი დოლიძის თქმით:

[გოგი დოლიძის ხმა] "ზინა კვერენჩხილაძე იყო პირველი მსახიობი, ვინც მათ ნახეს... კულტურის სასახლე, იცით, როგორია? საბჭოთა ეპოქაში რომ იყო - ვეებერთელა, "მოხრონგილი", გაყინული. ზვიად გამსახურდიას შემდეგ იქ კონცერტი არ ჩატარებულა. ამ თაობამ, უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს კონცერტზე... პირველყოფილ ადამიანებთან გაქვს თითქოს საქმე, მაგრამ იმ მშვენიერებით, იმ უშუალობით, რასაც გულისხმობს ეს პირველყოფილობა."

"პირველყოფილობა" - "ღიაობასაც" გულისხმობს. ამ ჰუმანიტარული პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ უახლოეს ხანში ქართული კულტურით სამცხე-ჯავახეთის არაქართული მოსახლეობაც დაინტერესდება. ზინა კვერენჩხილაძის საღამოზე დასასწრებად უკვე მოვიდნენ სომხები, რუსები. გოგი დოლიძის აზრით, ამ ადამიანთა გაერთიანების საუკეთესო საშუალება მუსიკაა, თუმცა მუსიკის პედაგოგის ჩართვა პროექტში ჯერჯერობით პრობლემატურია. პროექტის ავტორები გვთხოვენ, მუსიკის მასწავლებელს ჩვენი რადიოს საშუალებით მივმართოთ, იმასაც ამბობენ, მათ უხელფასოდ არავინ ამუშავებსო. საუბრის ბოლოს პროექტის სახელწოდებით დავინტერესდით. ბატონმა გოგი დოლიძემ ასე გვიპასუხა:

[გოგი დოლიძის ხმა] "პრესა მეკითხება, რა ჰქვია ამ შეკრებასო... რა ჰქვია? ჯერჯერობით არაფერი არ ჰქვია..."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG