Accessibility links

logo-print

რას ფიქრობს საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა ერაყის ომზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც აქამდეც არაერთხელ მომხდარა, სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვა განსხვავებულ მონაცემს აქვეყნებს საქართველოს მოსახლეობის ერაყის ომისადმი

დამოკიდებულების შესახებ. თუ პრეზიდენტის კანცელარიის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, გამოკითხულთა 95 პროცენტი ამართლებს საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერას ანტიტერორისტული კოალიციისადმი, სხვა გამოკითხვით, გამოკითხულთა 78 პროცენტი გაუმართლებლად მიიჩნევს აშშ-ის პოლიტიკას ერაყის მიმართ.

24 მარტს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" მიერ ჩატარებული ბლიც-გამოკითხვის თანახმად, 100 გამოკითხულის 78 პროცენტი გაუმართლებლად მიიჩნევს აშშ-ის მიერ ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებას. ამავე დროს, გამოკითხულთა 46 პროცენტი მხარს უჭერს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ საქართველოს სახელით აშშ-ისადმი სრული მხარდაჭერის აღთქმას. კიდევ 10 პროცენტი ფიქრობს, რომ შევარდნაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. 44 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ გაუმართლებელია ანტიტერორისტული კოალიციის უპირობო მხარდაჭერის გადაწყვეტილება.
არსებითად, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პაციფისტური განწყობილება დიდად არ იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, ქართველ პაციფისტებს დიდად არ გამოუდვიათ თავი არც აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას და არც ჩეჩნეთის ომის პერიოდში ომის შეწყვეტის მოთხოვნით ხალხმრავალი აქციების მოწყობით. თბილისში არც ამერიკული პროდუქციის ბოიკოტირების შემთხვევები მომხდარა და არც მაკ-დონალდსის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულა.
ამ ეტაპზე უფრო დამაფიქრებლად გამოიყურება სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მუსულმანი სასულიერო პირები აშშ-ს აკრიტიკებენ ერაყის წინააღმდეგ ომის გამო. მუსულმანი აზერბაიჯანელებით დასახლებული მარნეულის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის ყიზილაჯლოს უხუცესმა 74 წლის სეიდ ალი ოღლი აზიზოვმა "პრაიმ-ნიუსს" უთხრა, რომ აშს "მხცივით იქცევა." მისივე თქმით, ამერიკას არა აქვს უფლება, ჩაერიოს ერაყის საშინაო საქმეებში.
რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის მარნეულელი კორესპონდენტის კასიმ აბისალიევის ცნობით, მარნეულში ერაყის ომთან დაკავშირებით რაიმე მღელვარება არ შეიმჩნევა. მისივე განმარტებით, ერაყის ომის მიმდინარეობას მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს, თუმცა ანტიამერიკულ განწყობილებაზე საუბარი გადაჭარბებულია.
არადა, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული მხარე არ გამორიცხავს ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისას მარნეულის აეროდრომის გამოყენების შესაძლებლობას, რა განწყობა იქნება მარნეულის რაიონში, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, როგორც ჩანს, ამერიკელების ინტერესი მხოლოდ მარნეულის აეროდრომით არ შემოიფარგლება. 25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა უკვე მოინახულეს კოპიტნარისა და სენაკის აეროდრომებიც.
XS
SM
MD
LG