Accessibility links

logo-print

რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში გართულებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ძაბავს


ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ერაყისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში სდებს ბრალს. რუსეთში ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და იმასაც აცხადებენ,

რომ ვაშინგტონს ეს ბრალდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებაზე საპასუხოდ დასჭირდა და მეტი არაფრისთვის. თავის მხრივ, მოსკოვი საპროტესტო განწყობაზე საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენამ მოიყვანა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობა რუსეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო განცხადებით მიმართა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. შეერთებული შტატების მხარემ ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საჰაერო დაზვერვა ანტიტერორისტული ხასიათისა იყო. რუსეთის სახელისუფლებო წრეებში კი განაცხადეს, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზანი, ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის გამოჩენა რუსეთის სამხრეთით რუსეთის უსაფრთხოებას უპირისპირდება. უფრო მეტიც, რუსეთის საინფორმაციო წყაროებში გაჩნდა მინიშნებები, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვართან ამერიკელი მზვერავების გააქტიურებამ რუსეთს ომისთვის მზადებისკენ უნდა უბიძგოს. მინიშნებებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომისთვის მზადება არ იგულისხმება." ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო საშუალებებისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გამო რუსეთს საქმის გარჩევა შევარდნაძესთან მოუწევს. რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებზე თოვლი მალე დადნება და რუსეთი შეეცდება კიდევ ერთხელ დაანახვოს საქართველოს, რას ნიშნავს მისთვის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება."- ასე ეხმაურება რუსეთის პრესა საქართველოს მზადყოფნას, როგორც მოკავშირემ, ყველა შესაძლო დახმარება გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და, როგორც ჩანს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში მოკლევადიანი დათბობის შემდეგ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აახლებს. ამისთვის კი მიზეზი ადრინდელზე გაცილებით სერიოზული აქვს. ერაყის ომიც, ამ ომის შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დაწყების მოლოდინიც და სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს შესვლაც ანტიერაყულ კოალიციაში რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთისთვის, უდავოდ, ძნელი გადასატანია ის, რომ ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს სამხედრო ბაზებისა და სამხედრო აეროდრომების შესაძლებლობებს სწავლობენ. რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, ჯერ არავინ იცის. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სამხედრო აეროდრომების გამოყენების მოთხოვნით ჯერაც არ მიუმართავს, რუსეთში კი საქართველოს უკვე ერაყის წინააღმდეგ ომში ჩართულად აღიქვამენ. და მაინც, საქართველოში რუსეთის ჯარების დაჯგუფების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რუსეთის სამხედროები საქართველოში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ.

"ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში. მადლობა ღმერთს, სიწყნარეა,"- გვითხრა ალექსანდრ ლუცკევიჩმა. თუმცა ძნელი დასაჯერებელია რუსი სამხედროები მშვიდად ხვდებოდნენ იმას, რომ ამერიკელ სპეციალისტებს უკვე გადაეცათ ყველა საჭირო მონაცემი საქართველოს სამხედრო აეროდრომების შესაძლებლობების შესახებ. მაგრამ დავუბრუნდეთ მუქარას, რომელიც თოვლის დნობის პერიოდს უკავშირდება და საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას უკარნახებს. გარდა იმისა, რომ ამ დღეებში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიხსნა ახალი საგუშაგო, რომლის აღჭურვისთვისაც შეერთებულმა შტატებმა 3, 5 მილიონი დოლარი გამოყო, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურის სასაზღვრო საგუშაგო გაიხსნება შატილშიც, რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის მონაკვეთზე.
XS
SM
MD
LG