Accessibility links

logo-print

რას ფიქრობს საქართველო ერაყელ ლტოლვილებზე


ომის მე-6 დღეს, მაშინ, როდესაც კოალიციის ჯარებს ბაღდადამდე სულ რაღაც 60 კილომეტრი აშორებს, განსაკუთრებით მწვავდება ერაყელი ლტოლვილების თემა. რომელ ქვეყნებს შეაფარებენ თავს

ლტოლვილი ერაყელები და მოაღწევენ თუ არა ისინი საქართველომდე - როგორც ჩანს, ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ აინტერესებთ.

ამა თუ იმ ქვეყნიდან ლტოლვილი მოსახლეობა დროებით საცხოვრებელს, ძირითადად, სამგვარად პოულობს: ომით შეშინებული ხალხი, როგორც წესი, პირველ რიგში, მეზობელი ქვეყნების საზღვრებს აწყდება და მომავალ მასპინძლებს არაფერს ეკითხება. ბუნებრივია, ასეთ დროს პროცესი სტიქიურ ხასიათს ატარებს და სტუმარმასპინძლობის კეთილ ნებაზე ნაკლებად არის დამოკიდებული. მეორე მეთოდის მიხედვით, ლტოლვილები ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფარს წინასწარ სთხოვენ და ოფიციალურ მიპატიჟებას დამჯერად ელოდებიან. საერთაშორისო სამართლის ჰუმანიტარული პრინციპები ასეთ დროს უარს, წესით და კანონით, გამორიცხავს, მაგრამ გამონაკლისები ამ შემთხვევაშიც მრავლად არსებობს. მესამე და ასევე გავრცელებული მოდელის მიხედვით, მასპინძელი ქვეყნები საკუთარი ინიციატივით ეპატიჟებიან ლტოლვილებს და უსაფრთხო თავშესაფარს სთავაზობენ.

ბუნებრივია, ერაყისა და საქართველოს შემთხვევაში პირველი მოდელის განხილვა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, რადგანაც დასახელებულ ქვეყნებს სამეზობლო საზღვარი არ ჰყოფთ. ექსპერტთა აზრით, ნაკლებად სავარაუდოა მეორე მოდელის ამოქმედებაც, რადგანაც ერაყელები მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების უგულებელყოფასა და მაინცდამაინც საქართველოში სტუმრობას ნაკლებად თუ ისურვებენ. ამასთან, საკითხავია, აქვთ თუ არა ერაყელებს თუნდაც მცირედი ცნობები საქართველოს არსებობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლტოლვილების გადაადგილების მესამე მოდელს, ანუ აქეთ მოპატიჟებას, ეს სულ მთლად წარმოუდგენელია და ამას პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებაც ადასტურებს: "საქართველოს თავისი 300 ათასი დევნილი ჰყავს და, ასევე, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებიც შეიფარა." - ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტის ეს სიტყვები ერაყელი ლტოლვილების მოპატიჟების სურვილს ნამდვილად არ გამოხატავს.

და მაინც, რა პასუხს გასცემს საქართველო, თუკი ერაყელები მას თავშესაფარს მოსთხოვენ… პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში ლევან ალექსიძეს მიაჩნია, რომ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიუხედავად, სახელმწიფოს უარის თქმის უფლება მაინც აქვს:

(ლევან ალექსიძის ხმა) "სახელმწიფო ჰუმანიტარულად მოვალეა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ლტოლვილებმა შეიძლება შექმნან დამატებითი სირთულეები, სახელმწიფო არ არის მოვალე მისცეს მათ თავშესაფარი".

სახალხო დამცველის თანაშემწის ელიზბარ ხაჭაპურიძის განცხადებით კი, საერთაშორისო კონვენციათა ფარგლებში ლტოლვილების შეფარებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხოლოდ ორი მიზეზის გამო შეუძლია: მაშინ, როდესაც თავადაც აწარმოებს ომს ან შიმშილის პრობლემას ვერ უმკლავდება. ისე, შიმშილი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ძველი და კარგად ცნობილი პრობლემაა, რომელთანაც დიდი ხანია შეგუებულები ვართ.
XS
SM
MD
LG