Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერს რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რას წერს რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და პერსპექტივებზე? ამ თემაზე მოსაზრებებს გამოთქვამენ რუსეთისა და საზღვარგარეთის ექსპერტები.



23 მარტის გაზეთი "იზვესტია" ბეჭდავს ინტერვიუს აშშ-ის გადამდგარ ადმირალთან, სტივენ ბეიკერთან, რომელიც 1991 წელს ერაყში ომის დროს ავიამზიდი ჯგუფის "თეოდორ რუზველტის" შტაბის უფროსი გახლდათ. გაზეთის კითხვაზე -
ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებმაც კუვეიტ-ერაყის საზღვარი გადალახეს, ქიმიური დაცვის კომბინიზონები ეცვათ; თქვენ მიგაჩნიათ, რომ სადამმა შეიძლება ქიმიური იარაღი გამოიყენოს? - ადმირალმა ბეიკერმა უპასუხა:


"ასეთი საფრთხე არსებობს. მაგრამ არა მგონია, რომ ერაყის რეჟიმმა ეს ნაბიჯი გადადგას. იგი დიდ ხანს არწმუნებდა მსოფლიოს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი არა აქვს. ამიტომ ქიმიური შეტევა ბაღდადისთვის არა მხოლოდ თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება (ჰუსეინს აღარაფერი უშველის), არამედ რეჟიმის ისტორიულ დისკრედიტაციას გამოიწვევს. აქამდე ის ხომ აგრესიის უდანაშაულო მსხვერპლად ასაღებდა თავს. მაგრამ ის ფაქტი, რომ მან კუვეიტისკენ გაუშვა "სკადის" ტიპის რამდენიმე რაკეტა, რომელთა ქონასაც უარყოფდა, მოწმობს: სადამი გაეროს ინსპექტორებს თვალებში ნაცარს აყრიდა".


თქვენი აზრით, რამდენ ხანს გასტანს ოპერაცია ერაყში? - "იზვესტიას" ამ კითხვაზე სტივენ ბეიკერმა უპასუხა:


"მე ვფიქრობ, რომ, მთლიანობაში, სიტუაცია ჩვენს კონტროლს ერთ-ორ კვირაში დაექვემდებარება. ერთ თვეში კი, შესაძლოა, ყველაფერი დამთავრდეს. თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება რეჟიმის წინააღმდეგობის ხარისხი".

ყოველკვირეული გაზეთ "ტრუდის" ბოლო ნომერში პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი ერაყში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით ასეთ პროგნოზს იძლევა:


"დაახლოებით კვირანახევრიანი დაბომბვის შემდეგ დაიწყება ამერიკულ-ბრიტანული ქვეითი ჯარების შეღწევა. შემდეგ ოპერაციის მთავარი ფაზის დაწყების დრო მოვა. ჯარები ბაღდადს მიადგებიან. ჰუსეინი მოინდომებს, რომ ის სტალინგრადად აქციოს, მაგრამ შეეცდება მშვიდობიანი მცხოვრებლები ფარად გამოიყენოს. და აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, შესაძლებელი გახდება ბაღდადის აღება მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგების გარეშე თუ დანაკარგები იქნება და, თანაც, მნიშვნელოვანი. შეძლებენ თუ არა ამერიკელები ჰუსეინის ნეიტრალიზებას, თუ იგი ბენ ლადენივით დაიმალება? შედგება სამხედრო გადატრიალება, რაც იდეალური იქნებოდა ამერიკელთათვის, თუ არ შედგება?"


21 მარტის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ ვაშინგტონის შემდგომი სამხედრო ჩანაფიქრები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფი და წარმატებული იქნება აშშ-ის ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ. ვინ გახდება ამერიკის შემდეგი სამიზნე? ამ კითხვით მიმართა გაზეთმა საზღვარგარეთელ ექსპერტებს.
ვაშინგტონელი ექსპერტის, ნიქსონის ცენტრის პრეზიდენტის დიმიტრი საიმსის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ბუშმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და ირანი "ბოროტების ღერძის" ნაწილს მიაკუთვნა, ამ ერებთან აშშ-ის კონფლიქტი მოსალოდნელი არ უნდა იყოს".
ფრანგი ექსპერტი ჟორჟ ლე გელტი ამბობს:


"… უნდა გვაშინებდეს არა აშშ-ის სხვა ქვეყნებში სამხედრო ინტერვენცია, არამედ ბირთვული იარაღის გავრცელება. ჩრდილოეთი კორეა მორიგ ჯერზე ცდის ბედს და, როგორც ჩანს, ირანიც იმასვე აკეთებს. საქმე ის კი არ არის, რომ ირანი რუსეთის მხარდაჭერით აშენებს ატომურ ელექტროსადგურს, არამედ ის, რომ თეირანს შეუძლია ურანის გამდიდრებისთვის მძიმეწყლიანი რეაქტორის შექმნა.
აშშ მეტისმეტად დაკავებულია ერაყით, რომ ამას დრო დაუთმოს. როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებს, საფრანგეთისა და რუსეთის ჩათვლით, სამწუხაროდ, მიაჩნიათ, რომ ეს მათ არ ეხებათ. თუმცა ერთიცა და მეორეც ირწმუნება, რომ განსაკუთრებული მისია აკისრია საერთაშორისო არენაზე".
XS
SM
MD
LG