Accessibility links

ომი ერაყში საქართველოს რეალობაზე ამ ომთან დაკავშირებული წარმოსახვითი ცნობების გავრცელებით აისახება


მართალია, ომი სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსგან არც ისე შორს მიმდინარეობს, ამ ომის დასაწყისშივე ითქვა, რომ ერაყელი ლტოლვილების საქართველოში შემოსვლის ალბათობა მინიმალურია,

რომ ძნელი წარმოსადგენია საქართველოს მომიჯნავე მუსულმანურმა ქვეყნებმა ერაყელი ლტოლვილები საქართველოსკენ გამოუშვან. გავრცელებული ცნობებით, ერაყელი ლტოლვილების მცირე ნაკადი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა აზერბაიჯანში. საქართველოში ისინი არ გამოჩენილან, თუმცა ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძემ ოთხშაბათს პარლამენტის წინაშე გააკეთა განცხადება კასპის რაიონში ასობით ერაყელი ლტოლვილის ყოფნის თაობაზე. როგორც ჩანს, ერაყის ომი საქართველოში ამძაფრებს მოთხოვნილებას წარმოსახული სინამდვილედ გასაღდეს.

ერაყში საომარ მოქმედებებს საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატური რეაქცია ახლავს და ეს რეაქცია უსაფუძვლო ვერსიების, ჭორების, ზოგჯერ კი, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელებით გამოიხატება. დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყებიდან მუსირებს აზრი, რომლის მიხედვით, ერაყში მიმდინარე მოვლენები ჩვენს რეგიონს თავის კვალს მიწისძვრით დაატყობს, რომ ნავთობის საბადოებზე გაჩენილი ცეცხლი ბირთვულ დაბნელებას გამოიწვევს და ასე შემდეგ. ამას გარდა, არსებობს საქართველოსკენ ერაყელი ლტოლვილების დაძვრის შიშიც და, როგორც ჩანს, სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომდე ერაყელ ლტოლვილებს მეზობელი მუსულმანური სახელმწიფოები აშორებს და საქართველოში მათი შემოსვლა, ფაქტობრივად, არც არის მოსალოდენლი, 26 მარტს დილით საზოგადოება საკმაოდ შეაფიქრიანა ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარის ჯემალ გოგიტიძის განცხადებამ, რომელიც პარლამენტის სხდომაზე, ანუ მთელი ქვეყნის გასაგონად, გაკეთდა. ჯემალ გოგიტიძემ ერაყელი ქურთების კასპის რაიონში ყოფნაზე ისაუბრა და პარლამენტის სხომაზე ნათქვამი ჩვენთან სატელეფონო საუბრისასაც დაადასტურა.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა]" კასპის რაიონის ჩვენი ორგანიზაციების წევრებმა მომაწოდეს ეს ინფორმაცია. თავს ვიკავებ მათი გვარების დასახელებისგან. დღეს რკონის ხეობაში არის ასობით დევნილი ერაყიდან და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მობილიზებულია პოლიციის სტრუქტურები."

ჯემალ გოგიტიძეს არ დაუკონკრეტებია, ასე უჩუმრად როგორ უნდა მოხვედრილიყო ასობით ერაყელი ლტოლვილი საქართველოში, თანაც, პირდაპირ კასპის რაიონში. მის მიერ გავრცელებული ვერსიის გადამოწმება, პირველ რიგში, კასპის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ქარუმიძემ სცადა და დაადგინა, რომ კასპის რაიონში არც ერთი ერაყელი ლტოლვილი არ უნახავთ.
კასპის რაიონის გამგეობას ჩვენც დავუკავშირდით. ერაყელი ლტოლვილების გამოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო იქ გაკვირვება გამოხატეს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ "აღორძინების" კასპის რაიონის ორგანიზაციის წევრებმა ჯემალ გოგიტიძე შეცდომაში შეიყვანეს ან გოგიტიძემ, უბრალოდ, იხუმრა, მაგრამ მისი გამოსვლის ტონი სახუმარო არ იყო. ასეა თუ ისე, არც ბასილ მკალავიშვილს უხუმრია მაშინ, როცა თქვა, რომ აქვს მჭიდრო კონტაქტები ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასთან და ფლობს უტყუარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ერაყში საომარი მოქმედებების დაწყების გამო ეკუმენისტური ეკლესიის რიგებიდან გარიცხული ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას და მართმადიდებლურად მონათვლას აპირებს." უახლოეს დღეებში, ალბათ, სხვა ბოდვითი იდეების გავრცელების მოწმენიც გავხდებით. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოვლენები, რომლებიც საქართველოს "მახლობელ შორეთში" ვითარდება, სახუმარო სრულებითაც არაა და არც, მაინცდამაინც, მხოლოდ სხვისი პრობლემაა. ექსპერტი კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაში მამუკა არეშიძე, რომლის ინფორმაციით, საქართველოში 10 -მდე უცხო ქვეყნის აგენტურა მუშაობს, ელის, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებენ იმას, რაც ერაყში ხდება, და უახლოეს ხანებში ქართულ ჯარში მორიგი ამბოხების მოწყობას შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG