Accessibility links

საქართველოს პარლამენტარები ერაყის ომის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს პარლამენტარების მოთხოვნით, უახლოეს დღეებში თავდაცვის ან საგარეო საქმეთა მინისტრი კანონმდებლებს ინფორმაციას მიაწვდის, თუ რამდენად არის ჩართული ქვეყანა ერაყის

წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. პარლამენტართა ერთი ნაწილი არასაკმარისად მიიჩნევს ქართული პრესით გავრცელებულ ცნობებს საქართველოს აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და უტყუარი ინფორმაციის მიღებას აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირებისგან ელის.

საქართველოს პარლამენტში არსებული განწყობილების გათვალისწინებით, საეჭვოა, ქართველ კანონმდებლებზე რაიმე გავლენა მოახდინოს 26 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ მიღებულმა მიმართვამ მსოფლიოს პარლამენტარებისადმი. მიმართვაში რუსი სენატორები მოუწოდებენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის პარლამენტარებს, ყველაფერი გააკეთონ ერაყში ომის სასწრაფო დასრულებისთვის. როგორი განწყობილება ჭარბობს საქართველოს პარლამენტში, ამას, გარკვეულწილად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად მუკბანიანის განცხადება მოწმობს:
[ ზვიად მუკბანიანის ხმა] " აშშ წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო სფეროში. პატივცემული კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, აღმოვუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, ყველა სახის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. და ეს თემა პარლამენტში არ უნდა იწვევდეს დიდ ვნებათაღელვას."[სტილი დაცულია]
საქართველოს პარლამენტში ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ამერიკისადმი საქართველოს შესაძლო დახმარების თემაზე საჯარო ვნებათაღელვა, არსებითად, არ შეიმჩნევა. უბრალოდ, პარლამენტარებს სურთ ზუსტად იცოდნენ, თუ რა ფორმისა და მასშტაბისაა ეს დახმარება. პარლამენტარ რევაზ მიშველაძის განცხადებით:
[რევაზ მიშველაძის ხმა] " მოვიწვიოთ პარლამენტში თავდაცვის ან საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებიც განგვიმარტავენ, რა ხდება, საქართველოს მონაწილეობა როგორია, ან აეროპორტის გამოყენება."

ზოგადად კი, ერაყის ომის თემამ ქართველ პარლამენტართა გამოსვლებში ლომის წილი დაიკავა. უფრო მეტიც - პარლამენტარები საშინაო პრობლემებზე მსჯელობისას სულ უფრო ხშირად იშველიებენ ერაყის მაგალითს. 26 მარტის პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია 21-ე საუკუნის თავმჯდომარემ ელიზბარ ჯაველიძემ საქართველოში კვლავ მომძლავრებული ენერგოკრიზისის ფონზე "საქმიანი" რჩევა მისცა ამერიკელებს:
[ელიზბარ ჯაველიძის ხმა] "ორი თუ სამი დღეა, ბასრას შუქი არ მიეწოდება და წყალი. კოფი ანანი გამოვიდა და განაცხადა, ეს არის საერთაშორისო კატასტროფა და, არიქა, მივხედოთო. 12 წელიწადია, ნახევარი ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. არც წყალი გვაქვს, არც შუქი და არც გაზი. ამ ამერიკელებს ჭკუა არ ჰქონიათ, ბომბებს რომ ესვრიან. "აი-ი-ეს თელასი" შეუშვან ბაღდადში და ბომბების მაგივრად ესენი გათიშავენ და ჩააქრობენ შუქს მთლიანად."

ეს ხუმრობით. რეალურად კი, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ თანამშრომლებს შეახსენებენ, როგორ მოიქცნენ ევაკუაციის აუცილებლობის შემთხვევაში. ასე რომ, პარლამენტარების მოთხოვნა, გაირკვეს საქართველოს მონაწილეობის ხარისხი ანტიტერორისტულ კოალიციაში, უსაფუძვლოდ ნამდვილად არ გამოიყურება.
XS
SM
MD
LG