Accessibility links

logo-print

ერაყში მიმდინარე ომის ეთიკური ასპექტი


"როდესაც ერაყს ბომბავენ, მე ერაყელი ვარ!" - თქვა ომის წინააღმდეგ თბილისში გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე ბელგიელმა გოგონამ, რომელიც ქართველების რძალია.


"როდესაც ერაყს ბომბავენ, მე ამერიკელი ვარ!" - თქვა ქართველმა მამაკაცმა, რომელიც ერაყში ომის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებს არ ესწრება, მათ სულისკვეთებას არ ცნობს და არ იზიარებს.

ორივე პოზიციას საქართველოში ჰყავს თავისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც მიმდინარე ომის არსს სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და აფასებენ.



ოდესღაც სიწმინდითა და სიბრძნით განთქმული ერთი ბერისთვის უკითხავთ: მარხვაში, მაინც, რისი ჭამა არ შეიძლებაო? ბერს უბრალოდ უთქვამს: კაცის ხორცს ნუ შეჭამთო. ეს ფრაზა, ერთი მხრივ, სათქმელს მხოლოდ ირიბად გადმოსცემს, მეორე მხრივ კი, სრულ ჭეშმარიტებას მოიცავს. კანიბალიზმი დღევანდელი მსოფლიოს პრობლემა არ არის, მაგრამ ადამიანის ხორცის ჭამა იმ მნიშვნელობით, რაც წმინდა ბერმა იგულისხმა, ნამდვილად ვერ შეფასდება, როგორც უკვე მოგვარებული საკითხი, როგორც კაცობრიობის ისტორიის განვლილი და დაძლეული საფეხური. ადამიანის ხორცის ჭამა არ შეიძლება! - ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. რელიგიის თვალსაზრისით, ეს, ფაქტობრივად, ყველაზე მთავარი აკრძალვაა. მაგრამ არსებობს ცნობიერების ტიპი, იმგვარი მსოფლაღქმა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ასე ერთმნიშვნელოვნად არ აფასებს, როგორც უმთავრეს ღირებულებას.

თუ რამ არსებითი ნიშანი განასხვავებს ერთმანეთისგან დასავლურ და აღმოსავლურ ცნობიერებას, ერთ-ერთი უპირველესი ეთიკური ხასიათისაა: ადამიანის დანიშნულებას, ადამიანის სულიერ ერთობას უზენაეს ფასეულობებთან დასავლეთი ახორციელებს სიცოცხლის დამკვიდრების გზით, ხოლო აღმოსავლეთი, ტრადიციულად, სიცოცხლის უარყოფის გზით. დასავლეთის სამყაროს მკვიდრისთვის ჭეშმარიტი მოღვაწეობა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გაფრთხილებაა, მისთვის უკეთესი პირობების შექმნაა; აღმოსავლეთის მკვიდრი კი ჭეშმარიტ მოღვაწეობად ამ ქვეყნიდან გარიყვას და მარტოობაში უზენაესთან შერწყმას მიიჩნევს.

ადამიანები ხშირად საუბრობენ ოპტიმისტურ და პესიმისტურ მსოფლაღქმაზე. საქმე ის კი არ არის, ესა თუ ის პიროვნება, თავისი ხასიათის შესაბამისად, საგნებს და მოვლენებს ნათელ თუ ბნელ ფერებში აღიქვამს, ან იმედიანია თუ უიმედო. მთავარია, შინაგანად როგორ არის განწყობილი ყოფიერების მიმართ, იღებს მას თუ უარყოფს. აღმოსავლური ცნობიერება ყოფიერებას აფასებს, როგორც ჭეშმარიტი ღირებულების არმქონეს და საკუთარ თავში კლავს სიცოცხლისკენ სწრაფვის ბუნებრივ ინსტინქტს. ადამიანის ზიარება მარადიულობასთან, აღმოსავლური მისტიციზმის მიხედვით, მხოლოდ სიცოცხლის უარყოფით არის შესაძლებელი. ამგვარი ცნობიერება დაედო საფუძვლად ფანატიზმს, რომელიც ჭარბად გამოიყენეს აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებმა. მეორე მხრივ, სიცოცხლის უარყოფის ცნობიერება თავად ბადებს პასიურობას, საზოგადოების მოწყობის მიმართ გულგრილობას, შესაბამისად, იერარქიულობას, წრეგადასულ უსამართლობას და დიქტატორულ რეჟიმებს.

თავის მხრივ, დასავლური ცნობიერება ყოფიერებას აფასებს, როგორც თავისთავად ღირებულებას და მის სრულყოფას ცდილობს. დასავლური ეთიკა გულისხმობს გაზრდილ პასუხისმგებლობას ყოველივე ცოცხალის მიმართ, აქტიურობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლის ზეობას.

თუ დასავლური და აღმოსავლური ცნობიერების განმასხვავებელ ამ უმთავრეს საფუძველს გავითვალისწინებთ, უკეთ დავინახავთ, რა პროცესი მიმდინარეობს დღევანდელ მსოფლიოში. სწავლულთა განმარტებით, აღმოსავლური ცნობიერების მთავარი ღირსება მისტიკური მსოფლაღქმის სიღრმეა, დასავლური ცნობიერების უპირატესობა კი მისი ეთიკური საფუძველი და მთელი სამყაროს მიმართ პასუხისმგებლობაა.

ერაყის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ თანამედროვე ეპოქამ მისტიკური მსოფლაღქმის სიღრმიდან აღარაფერი დატოვა, სამაგიეროდ, აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკა მეტ-ნაკლებად დაეფუძნა სიცოცხლის უარყოფის იდეას. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით გახდა შესაძლებელი დასავლური ცნობიერებისთვის წარმოუდგენელი ტერაქტების მოწყობა მსოფლიოს ყველაზე დაცულ ქვეყნებშიც კი. ეთიკის უარყოფა არის აღმოსავლური პოლიტიკის მთავარი ნიშანი, რასაც, ადრე თუ გვიან, უსათუოდ დაუპირისპირდებოდა დასავლური პოლიტიკა ეთიკის დამკვიდრების იდეით.

ამიტომ, როდესაც საუბარია ერაყში მიმდინარე ომზე, როგორც "კაცის ხორცის ჭამის" ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიაზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ ომის ეთიკური ასპექტი. ომი სიცოცხლის დამკვიდრებისთვის, სიცოცხლის უარყოფის დასათრგუნად - ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს ოფიციალურად გაფორმდა. და ბუნებრივია, რომ ამ პროცესის ავანგარდში აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე სრულად განასახიერებს დასავლურ ცნობიერებას, შესაბამისად, დასავლურ ეთიკას.
XS
SM
MD
LG