Accessibility links

უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში თქვენს ყურადღებას თავდაპირველად შევაჩერებთ გაზეთ "ინტერნეიშენალ


უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში თქვენს ყურადღებას თავდაპირველად შევაჩერებთ გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით "მასმედიის იარაღად

გამოყენება ორივე მხარისათვის სარისკოა". სტატიის ავტორი ლუსიენ ტრესკოტი ეხება ამერიკელთა ჯარებში ჟურნალისტების ე.წ. "ინტეგრაციის" კონცეპციას (მსმენელს, ალბათ ახსოვს, რომ ასე "ინტერგრირებულ" ჟურნალისტებს შორის არის ჩვენი კორესპონდენტი რონ სინოვიციც), რომლის შედეგად ჯარისკაცები საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების "თანხლებით" ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ კონცეპციის ავტორებმა, "ჩანს, გაითვალისწინეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევები და გადაწყვიტეს, რომ რახან ვერ შეძლებენ პრესის გაკონტროლებას, ის გამოიყენონ მაინც. მაგრამ ფრთხილად: მასმედიას საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ... ერაყში ბუშის ადმინისტრაციამ პრესას მისსავე სათამაშო მოედანზე მოუგო. ის მედიას აქცევს საომარ იარაღად, როცა მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ერაყის სამხედრო სარდლობის დასაშინებლად და დასამცირებლად იყენებს".

მეორე მხრივ, ვკითხულობთ "ჰერალდ ტრიბიუნში", ერაყის ლიდერებიც ცდილობენ მასმედიის მანიპულირებას, როცა ტელევიზიაში აჩვენებენ ტყვედ ჩავარდნილ ამერიკელ სამხედროებს, დაჭრილ და დაღუპულ სამოქალაქო პირებს.

ტელევიზიაში ამერიკელი ტყვეების ჩვენებას ეხმიანება არაბულენოვანი პრესაც: კატარის გაზეთ "ალ-შარკის" სარედაქციო წერილში გამოთქვამენ იმედს, რომ ეს კადრები ამერიკელმა ტელემაყურებლებმაც იხილეს. "ისინი გვახსენებს კადრებს, რომელთაც მასმედია ვიეტნამის ომის დროს, 70-იან წლებში ავრცელებდა და რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის შეტრიალებაზე აზიის ამ ქვეყანაში ომის წინააღმდეგ".

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" კი ტელევიზიაში სამხედრო ტყვეების ჩვენებასა და, ზოგადად, ომში დაპირისპირებული მხარეების მიერ ტყვეების აყვანასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს ჟენევის კონვენციის დაცვის აუცილებლობაზე. როგორც გაზეთის 26 მარტის ნომრის სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, ზოგადად, არ არის მიჩნეული საერთაშორისო სამართლის დიდ მხარდამჭერად. მაგრამ ამერიკას, "როგორც მსოფლიოში ყველაზე ფართო მასშტაბით მოქმედ სამხედრო ძალას, დიდი ინტერესი უნდა ჰქონდეს იმ საკითხისადმი, თუ როგორ ეპყრობიან ტყვედ ჩავარდნილ ჯარსიკაცებს".

ერაყში მიმდინარე ომის გაშუქებისას საინტერნეტო გამოცემა "ტრანზიშენს ონლაინი" კი ყურადღებას უთმობს საქართველოს პოზიციას. ამ საკითხისადმი მიძღვნილი სტატიის ავტორი ნატალია ანთელავა აღნიშნავს, რომ "კონსენსუსი იშვიათობაა საქართველოს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, რომელიც სავსეა ერთმანეთში მოქიშპე ფრაქციებით. მაგრამ როცა საქმე ერაყს ეხება, ერთსულოვნების მოწმე ვხდებით: საქართველო უყოყმანოდ და უპირობოდ უდგას მხარში შეერთებულ შტატებს. ... ეს მხარდაჭერა ქართველი პოლიტიკოსების პრინციპებს როდი ასახავს - მას პრაქტიკული მიზეზები აქვს. და საქართველოს პოზიციას, ალბათ, ყველაზე უკეთ განმარტავს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კომენტარი ... "საქართველო პატარა ქვეყანაა და შეერთებული შტატები მას ბევრ სფეროში ეხმარება. ამიტომ საქართველო ყოველთვის მხარს დაუჭერს აშშ-ს".

სტატიის ავტორი შეგვახსენებს, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ვაშინგტონისაგან თითქმის ერთი მილიარდი დოლარის დახმარება აქვს მიღებული, და რომ საქმე მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ ეხება. "სადამ ჰუსეინის ხელთ სავარაუდოდ არსებული მასობრივი განადგურების იარაღი საქართველოდან, შესაძლოა, სულ 400 კილომეტრით დაშორებული იყოს, მაგრამ თბილისს ეს გაცილებით ნაკლებად აღელვებს, ვიდრე ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის სიახლოვე".
XS
SM
MD
LG