Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხშიც ვერ თანხმდებიან


ჩვენი შემდეგი მასალა საომარ მოქმედებებს, მართალია, უშუალოდ არ უკავშირდება, მაგრამ ეხება ერაყელი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს. ეს გახლავთ გაეროს პროგრამა "ნავთობი

სურსათის სანაცვლოდ", რომლის პრაქტიკული მოქმედება 1996 წლის დეკემბერში დაიწყო და რომლის ფარგლებში იმ დროიდან მოყოლებული დახმარება გაეწია 16 მილიონზე მეტ ერაყელს. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ერაყში ომი დაიწყეს, პროგრამის შემდგომი ბედი გაურკვეველია.

მთავარი პრობლემა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა შორის წარმოშობილი უთანხმოებაა. ომის დაწყებამ და, შესაბამისად, ერაყში ჰუმანიტარული სიტუაციის მკვეთრმა გაუარესებამ, აშკარა გახადა, რომ აუცილებელია გაეროს ისტორიაში ამ ყველაზე ფართომასშტაბიან პროგრამაში ცვლილებების შეტანა. მაგრამ უშიშროების საბჭოს წევრებმა - ისევე, როგორც ერაყთან ომის დაწყების საკითხში - საერთო ენა ვერც ერაყელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ტექნიკურ მხარეზე მსჯელობისას გამონახეს.

უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებ რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს, რომლებიც თავის დროზე ერაყთან ომსაც ეწინააღმდეგებოდნენ, ახლა არ სურთ, ჰუმანიტარული დახმარების განაწილება გაეროსთან ერთად შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა იკისრონ; მათი ფიქრით, თუ სურსათისა და მედიკამენტების განაწილება ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს დაევალათ, ამით, ფაქტობრივად, სამხედრო აქციის ლეგიტიმაცია მოხდება. არადა, გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის განკარგულებით, ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ერაყი ამ ორგანიზაციის თითქმის ყველა უცხოელმა თანამშრომელმა დატოვა. მაშ ვინ და როგორ უნდა მიაწოდოს დახმარება ერაყელებს?

პოლიტიკის კვლევის დამოუკიდებელი ცენტრის, "საგარეო ურთიერთობათა საბჭოს" თანამშრომლის დევიდ ფილიპსის აზრით, უშიშროების საბჭოსადმი ნდობის შენარჩუნების მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დახმარების გზები დაუყოვნებლივ გამოინახოს და შეწყდეს პოლიტიკური და ჰუმანიტარული ასპექტების ერთმანეთთან დაკავშირება.

[დევიდ ფილიპსის ხმა] "პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ" გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყელი ხალხის დასახმარებლად დაამტკიცა. ახლა უშიშროების საბჭომ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს და შეწყვიტოს პოლიტიკის დაკავშირება ჰუმანიტარულსა თუ სურსათით დახმარებასთან."

ამ ათიოდე დღის წინათ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც უშიშროების საბჭოს მოუწოდეს, მიიღოს რეზოლუცია ერაყში ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიანი განაწილებისა და ომისშემდგომი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების მიზნით. მიმდინარე კვირაში ვაშინგტონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს მოწოდება გაიმეორეს.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ აშშ ერაყში სამოქალაქო მმართველობის შემოღებას გეგმავს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, იმ გარდამავალი ადმინისტრაციის შემადგენლობაში, რომელიც გაურკვეველი ვადით შეიქმნება, ადგილობრივ და ამჟამად ემიგრაციაში მცხოვრებ ერაყელებთან ერთად ამერიკელი სამოქალაქო პირებიც შევლენ. თუმცა, როგორც სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

[რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "ვცდილობთ, განვსაზღვროთ, როგორ დავეხმაროთ ქვეყანას სამხედროდან ისეთ სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლაში, რომელშიც თავად ერაყელები იქნებიან ჩართული. ვერ გეტყვით, გეგმა მთლიანად შემუშავებული გვქონდეს, მაგრამ როცა საამისო დრო დადგება, ყველაფერს დავაზუსტებთ."

ოთხშაბათს, თბილისის დროით შუაღამისას, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ერაყის ომის დაწყებიდან პირველად შეუდგებიან სადავო საკითხების განხილვას. დებატები ხუთშაბათსაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG