Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა ''ოქროს შუალედის'' დაცვა ომის გაშუქებისას


თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ომის ამსახველი კადრები საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან დიდი ინტენსიობით ნახოს. ერაყში ომის გამო კიდევ ერთხელ წამოიჭრა

საკითხი - რა ხარისხით უნდა გააშუქოს ის მედიამ, რამდენად საჭიროა საზოგადოებამ ნახოს ყველაფერი, ისიც კი, რისი ნახვაც უდიდეს შოკს იწვევს. რა პროპაგანდისტული ფასეულობა აქვს ომის ამსახველ რეალისტურ კადრებს.

ძველად, სანამ ფოტო-კამერა გაჩნდებოდა, ომის ამბების ერთადერთ წყაროს თვითმხილველები წარმოადგენდნენ. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ომის ამსახველი ფოტოები, მაგრამ მათი ხილვა საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს შეეძლო. პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ჟურნალისტების საქმიანობა შეზღუდული იყო, მუშაობდა ძლიერი სახელმწიფო ცენზურა და ფართო საზოგადოებამდე ომის ამსახველი სურათები ნაკლებად აღწევდა.

დღეს ერაყში ომის მიმდინარეობისას ასობით ჟურნალისტი თან ახლავს ჯარის ნაწილებს. ისინი ჯარისკაცებთან ერთად იზიარებენ რეალურ საფრთხეს. ომის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო თვალყურს ადევნებს მათ.

ამ სიტუაციაში მრავალი კითხვა ჩნდება: საჭიროა თუ არა ამ ყველაფრის ჩვენება? არის თუ არა მართებული კომერციული სენსაციურობის მისაღწევად დაღუპულთა და მომაკვდავთა ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის.

შეერთებულ შტატებში ჟურნალიზმის წამყვანი სკოლის - ფლორიდის შტატის პოინტერის ინსტიტუტის ლექტორი ბობ სტილი თვლის, რომ ომის მაქსიმალურად სრულყოფილად უნდა გაშუქდეს:

[სტილის ხმა]
"მნიშვნელოვანია, რომ აქ შეერთებულ შტატებში და ვფიქრობ, მთელს მსოფლიოშიც საზოგადოებას ჰქონდეს ომის ამსახველი სრულყოფილი, საფუძვლიანი სურათი. ეს მოიცავს მსხვერპლისა და სამხედრო ტყვეების ამსახველ კადრებსაც. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი პროფესიონალურად გავაშუქოთ. თუკი ომის ამ მხარეს არ ვაჩვენებთ, ჩვენ შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომლებსაც აკისრიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმის მიმართ, რაც ხდება".

ერთი საკითხია - უნდა ვაჩვენოთ, თუ არა ომი ისეთი, როგორიც არის. მეორეა - დგება ომის ამსახველი კადრების პროპაგანდისტული ფასეულობის საკითხი. არავინ დაობს, რომ მათ ასეთი ფასეულობა აქვთ. განსხვავებული აზრია იმის თაობაზე, თუ რომელი მხარის პროპაგანდა უფროა მსხვერპლის, დაჭრილი ბავშვებისა და ქალების, სამხედრო ტყვეების ჩვენება ტელეარხებით? ბრიტანული "დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ დასავლეთის მედიის კოალიციის ჯარების შეცდომებზე კონცენტრაცია ბაღდადს პროპაგანდის მძლავრ ბერკეტად გამოადგება. მეორეს მხრივ, ბრიტანეთის მუსულმანური საბჭოს წარმომადგენელი "ალ-ჯაზირას" მიერ ნაჩვენები დაღუპულ ერაყელ სამოქალაქო პირთა ამსახველი კადრების შემხედვარე სვამს შეკითხვას: ეს არის თავისუფლება, რომელსაც შეერთებული შტატები ერაყს ჰპირდება? ანუ მუსულმანური საბჭოს წარმომადგენელი, ფაქტობრივად, საკუთარი აზრის პროპაგანდისთვის იყენებს სატელევიზიო მასალას.

ომი ერაყში ერთი კვირაა, რაც მიმდინარეობს. ჯერ ადრეა იმაზე მსჯელობა რა გავლენას ახდენს მისი გაშუქება საზოგადოებაზე. ცხადია ის, რომ ომის პირდაპირი ეთერი ხანგრძლივ სერიალს ემსგავსება, რომელიც მუდმივად 24 საათის განმავლობაში არის ეკრანზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG