Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირაში ნატო - საქართველოს პარტნიორობის გეგმა ამოქმედდება


სხვადასხვა ექსპერტების ვარაუდით ერაყის კონფლიქტში საქართველოს პოზიციამ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.

ეკონომისტები ამ პროცესებს საფინანსო დახმარების გაზრდასაც უკავშირებენ. გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რა სახის გავლენა მოახდინა უკვე ერაყის ომმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობაზე.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში - ნატოში გაწევრიანების სურვილის თაობაზე საქართველოს ოფიციალური განცხადების შემდეგ დაიწყო იმ პროგრამის დამუშავება, რომლის შესრულების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის სამხედრო პოლიტიკური თუ სამოქალაქო სისტემა ალიანსის სტანდარტებს მიუახლოვდება. ალიანსში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოების ამ სამოქმედო პროგრამას „ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა"ეწოდება. იგი უკვე მომზადებულია და ნატოს უმაღლესი ორგანოს - ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს მიერ დამტკიცებას მოელის. „ნატოში" საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული გეგმის მიღება კვირის ბოლომდეა მოსალოდნელი.

[დავით დონდუას ხმა] „უკვე აქამდეც უნდა ყოფილიყო ეს პროგრამა დამტკიცებული, მაგრამ ამ ერაყის მოვლენებმა, გარკვეულწილად, შეაფერხა. იმედია, ამ კვირის განმავლობაში ეს პროგრამა საბოლოოდ დამტკიცდება უკვე ნატოს მიერ და ეს იქნება ძირითადი დოკუმენტი. შემდეგ უკვე ამ ძირითადი დოკუმენტის საფუძველზე ცალკეული ქვეყნები თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშავებენ ეროვნულ პროგრამებს."

პროგრამის დამტკიცების დაგვიანება ის ერთადერთი შედეგია, რაც ჯერჯერობით ერაყის მოვლენებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკას მოუტანა. სხვა უფრო საგრძნობი და ხელშესახები შედეგები ოდნავ მოგვინებით, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, გახდება ნათელი.

ექსპერტები საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებას ვარაუდობენ, თუმცა ანტიერაყულ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა სულაც არ ათავისუფლებს ოფიციალურ თბილისს ნატოსთან ინტეგრაციის ეროვნული პროგრამის ყველა მოთხოვნის შესრულებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობის გეგმა, რომლის მოთხოვნების დაკმაყოფილება ავტომატურად იწვევს გაწევრიანების პროგრამის ამუშავებას, უნივერსალურია, ეროვნული პროგრამა მაინც იძლევა, ცალკეული ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული პრიორიტეტების გამოყოფის შესაძლებლობას. მათი შესრულება კი დიდადაა დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების ნებაზე და ჩვენი ქვეყნის ყველაზე სუსტ წერტილზე, ბიუჯეტზე. დავით დონდუას თქმით:

[დავით დონდუას ხმა] „თუ არ შევასრულეთ, ეს, უბრალოდ, ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯზე. ამიტომ აუცილებელია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეროვნული პროგრამა იყოს რეალისტური და განხორციელებადი." [სტილი დაცულია]

საქართველოს ხელისუფლებამ პრიორიტეტებს შორის არჩევანი სამხედრო სფეროსა და უშიშროების სისტემის რეფორმაზე შეაჩერა. უშიშროებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სამხედრო სფეროში შეერთებული შტატების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა - ასევე, სხვა სახის უცხოური დახმარებები - თავდაცვის სისტემის რეფორმის განხორციელების, ანუ ნატოს სტანდარტებთან მიახლოების, შანსს იძლევა.
XS
SM
MD
LG