Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ ადამიანის უფლებების ქართველი დამცველები ერაყის ომზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ევროპის მსხვილ ქალაქებში არ კლებულობს ერაყის ომთან დაკავშირებული ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები. დასავლურ პრესაში კი არ წყდება კამათი, თუ რამდენად სამართლიანია,

თუნდაც დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, ძალის გამოყენება და რას მოუტანს ერაყელ ხალხს ომის მეშვეობით დამყარებული დემოკრატია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ადამიანის უფლებების დამცველები ერაყის ომზე.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პაციფისტური მოძრაობა არ არსებობს. ერაყის ომის საწინააღმდეგოდ ის თითებზე ჩამოსათვლელი საპროტესტო აქციები, საქართველოში რომ გაიმართა, პოლიტიკური პარტიების მიერ იყო მოწყობილი. სხვათა შორის, იგივე პარტიები სულ ცოტა ხნის წინათ საკმაოდ მშვიდად ხვდებოდნენ ცნობებს ჩეჩნეთიდან, სადაც დაბომბვების შედეგად ისევე იღუპებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც დღეს ერაყში.
"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრის, მწერალ დავით ზურაბიშვილის აზრით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ დღევანდელ საქართველოში, ასე ვთქვათ, იდეური პაციფისტების ნაკლებობაა. და აი, რატომ:
[დავით ზურაბიშვილის ხმა] " პაციფისტობა, როგორც წესი, განვითარებულ, მდიდარ სახელმწიფოებში არის განვითარებული. თუ დააკვირდებით, ყველაზე ძლიერად ეს იშლება ევროპაში, კეთილმოწყობილ ქვეყნებში, სადაც არის ცხოვრების მაღალი დონე, არ აწუხებთ პრობლემები. იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემები ბევრია, იდეური პაციფისტი ძალიან ცოტაა. ძირითადად, არის ხალხი, ვისთვისაც ვიღაცის წინააღმდეგ ომი აღმაშფოთებელია, ვიღაცის წინააღმდეგ - ნაკლებად აღმაშფოთებელი, ვიღაცის წინააღმდეგ კი უხარიათ. ყველგან ასეა, ჩვენი ჩათვლით."[სტილი დაცულია]
პაატა ზაქარეიშვილი თავის თავს პაციფისტს არ უწოდებს, მაგრამ ამბობს, რომ აღშფოთებულია აშშ-ის მიერ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების ფაქტით, უპირველესად, იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უგულებელყო გაეროს და საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი. გარდა ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ერაყში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, არაფერი შეიცვლება:
[ პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " ერაყში მოვა პროამერიკული ხელისუფლება აუცილებლად. ერაყში აუცილებლად გაიმარჯვებენ ამერიკელები, მაგრამ არაფერი არ შეიცვლება. ადამიანის უფლებები დარჩება იმავე დონეზე. კგბ და უშიშროება, რომელიც დღეს ემსახურება სადამ ჰუსეინს, უცებ შეიცვლიან პატრონს, როგორც ჩვენთან, ისევე განაგრძობენ ადამიანის დაკიდებას ცეცხლზე, წამებას. არაფერი არ შეიცვლება ერაყში. შეიცვლება მხოლოდ ხელისუფლება: ის გახდება პროამერიკული და ნავთობი უკვე ამერიკის ინტერესების შესაბამისად დაიწყებს დენას."[სტილი დაცულია]
უფრო ოპტიმისტურია ერაყის მომავალთან დაკავშირებით დავით ზურაბიშვილი, რომლის აზრითაც, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა კარგი შანსია ერაყელი ხალხისთვის ახალი ცხოვრების დასაწყებად.
სხვათა შორის, ერაყის ომთან დაკავშირებით ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი პასკალ ბრუკნერი ამბობს, რომ მხოლოდ სამხედრო ძალის დახმარებითაა შესაძლებელი მიაღწიო ტირანიის მონანიებას. დგება მომენტი, როცა ტირანიის პირობებში მცხოვრები მოსახლეობა იმდენად სუსტდება დიქტატურით, რომ აღარ ძალუძს აჯანყება და უფლება აქვს, ქვეყნის გარედან ელოდოს დახმარებას.
XS
SM
MD
LG