Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატებისა და ევროპის თანამშრომლობის საკითხი ერაყის ომის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდება


შეუწყობს, თუ - არა ხელს ერაყში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის პროცესი ტრანსატლანტიკური პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას? ზოგიერთი მიმომხილველი თვლის, რომ ერაყში ომის დასრულების

შემდეგ ვაშინგტონისა და ევროპის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდება, ვიდრე დღეს არის. ვარაუდობენ, რომ შეერთებულ შტატებში ტონი ბლერის ახლანდელი ვიზიტის ძირითადი მიზანიც პრეზიდენტ ბუშის ამ თანამშრომლობისთვის შემზადებაა.

ტონი ბლერი ხედავს, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების ნება - ომის შემდგომი ერაყის მართვაში ცენტრალური როლი მიანიჭოს გაეროს. ანუ გააკეთოს ის, რისკენაც საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მოუწოდებს.

პრობლემა არის ის, რომ ეს არ გავს იმას, რაც ვაშინგტონს სურს. "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსი - ნილ გარდინერი ამ განსხვავებაზე ამბობს:

[გარდინერის ხმა]
"ვთვლი, რომ ბრიტანეთისა და შტატების მიდგომა ამ საკითხის მიმართ ფუნდამენტურად განსხვავდება. ტონი ბლერს სურს ომის შემდგომი ერაყის ადმინისტრაცია გაეროს მანდატით განხორციელდეს. პრეზიდენტი ბუში არ იზიარებს ამ მოსაზრებას".

სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 26 მარტს წარმომადგენელთა პალატის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია, რომ ომის შემდეგ ერაყს ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც მხარს დაუჭერს კოალიცია. მაგრამ პაუელმა აგრეთვე თქვა, რომ ომის დამთავრების შემდეგ საწყის ეტაპზე როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სფეროს კონტროლს კოალიცია განახორციელებს.

პრესის თანახმად, ვაშინგტონი საერთოდ არ აპირებს ერაყის მოვლენებში გაეროს ჩართვას, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ჰუმანიტარულ ფუნქციას. ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატები არც კი შეეცდება გაეროს მანდატის მოპოვებას ომის შემდგომ ერაყში მოქმედებისთვის. მეტიც, ნილ გარდინერი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი შეეცდება საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი არც კი გააკაროს ერაყს. მეორე ამერიკელი მიმომხილველი სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრიდან - მორინ სტეინბრუნერი იმასაც კი ვარაუდობს, რომ ვაშინგტონის პრინციპულობის გამო ევროპა თავად წავა დათმობაზე, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე არ მისცეს შტატებს რეგიონში ჰეგემონობის უფლება. მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპის დახმარების გარეშე ვაშინგტონმა ერაყში შეიძლება ბევრი ვერაფერი გააწყოს, - ასე მიაჩნია სიმონ სერფატის, რომელიც ვაშინგტონში ევროპის საკითხებზე მომუშავე პოლიტოლოგი გახლავთ:

[სერფატის ხმა]
"ფაქტია, რომ ერაყის აღდგენას მრავალი, მრავალი წელი და უდიდესი თანხა, აგრეთვე პოლიტიკური, კულტურული, თუ ადმინისტრაციული რესურსები დასჭირდება. შეერთებული შტატები მარტო ვერ შეძლებს ყველა ამ ამოცანის შესრულებას და ვერც მათი შესრულებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას".

სერფატის აზრით, დღესაც რომ ვერ ხვდებოდეს, ერაყში ომის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი უეჭველად მიხვდება, რომ მას აუცილებლად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს დახმარება.
XS
SM
MD
LG